weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მარნეულის პოლიციამ ქალაქის ცენტრიდან გატაცებული გოგონა ამ დრომდე ვერ იპოვა

23:35 პარასკევი, 14 თებერვალი 2020

მარნეულში, ქალაქის ცენტრიდან, დღეს, შუადღეს გატაცებული არასრულწლოვანი გოგონა პოლიციამ ამ დრომდე ვერ იპოვა. 17 წლის გოგონას სასწავლო ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ ქუჩაში ახალგაზრდა ბიჭები დახვდნენ, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და მანქანით გაიტაცეს.  

გატაცებულის მეგობრის თქმით, მამაკაცი, რომელიც გატაცებაში მონაწილეობდა, გოგონას სოციალურ ქსელში წერდა, რომ ის უყვარდა და მისი ცოლად შერთვა სურდა, თუმცა გოგონა მასთან ურთიერთობის წინააღმდეგი იყო.

თვითმხილველების თქმით, გაიგეს გოგონას ყვირილი, რომელიც დახმარებას ითხოვდა, მაგრამ გატაცება უცებ მოხდა და ვერაფრით დაეხმარნენ. მომხდარის შესახებ პოლიციას მალევე შეატყობინეს, მაგრამ გატაცებულ გოგონას სამართალდამცავებმა ამ დრომდე ვერ მიაგნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამნაშავისადმი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობით ისჯება.

დღესვე მარნეულში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჩავიდა და გატაცებული გოგოს მშობლებს, გატაცების თვითმხილველსა და მარნეულის პოლიციის უფროსს შეხვდა.

„გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა, თვითმხილველთა თქმით, არასრულწლოვანს თავზე ტომარა ჩამოაცვეს. იგი წინააღმდეგობას უწევდა გამტაცებლებს და დახმარებას ითხოვდა, თუმცა ვერავინ დაეხმარა. სასწრაფოდ უნდა დადგინდეს გატაცებულის ადგილსამყოფელი და დააბრუნონ იგი თავის სახლში.

სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება. აუცილებელია დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ, რათა მაგალითი იყოს მათთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში ადამიანთა გატაცების მახინჯ პრაქტიკას აგრძელებენ.

შესაძლოა სხვადასხვა სცენარი გაავრცელონ, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ გატაცება გოგოს ნების საწინააღმდეგოდ მოხდა“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

გატაცებული არასრულწლოვანი მარნეულში საგანმანათლებლო კურსებს ესწრებოდა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი დანაშაულები გოგონებს ხელს უშლის განათლების მიღებაში, რადგან მათ მშობლებს შვილების ქალაქებში სასწავლებლად გაშვების ეშინიათ.

 

ამ თემაზე:

14 წლის გოგოს ამბავი, რომელიც ორჯერ გაიტაცეს და გააუპატიურეს - პოლიცია მოძალადეს არ იჭერს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]