საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში დაფუძნებულმა ალტერნატიულმა პროფესიულმა კავშირმა სარედაქციო დამოუკიდებლობისა და შრომითი უფლებების დაცვის მიზნით, მაუწყებლის ხელმძღვანელობას კოლექტიური შრომითი დავის დაწყების თაობაზე 2020 წლის 2 მარტს მიმართა. პროფკავშირი ჟურნალისტებისთვის შრომითი უფლებებისა და პირობების გაუმჯობესებას, დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის შესაბამისი გარანტიების შექმნას ითხოვს. როგორც ცნობილია, მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ მოხსნეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, პროდიუსერები, მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი.
სამინისტრომ მედიატორი 18 მარტს დანიშნა. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მედიატორმა პროფესიულ კავშირთან მხოლოდ ერთი დისტანციური შეხვედრის გამართვა მოახერხა. გაერთიანებული შეხვედრა 27 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა, გაუქმდა, რადგან მაუწყებლის დირექტორმა შრომის სამინისტროს მედიაციის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა და შეწყვეტის აუცილებლობა პროფესიული კავშირის მოთხოვნების დაუსაბუთებლობით განმარტა.
საყურადღებოა, რომ დირექტორის ზეპირი გადაწყვეტილებით დისტანციური მუშაობის ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე გადაცემა „ჰეშთეგი“ განუსაზღვრელი ვადით გაჩერდა.
EMC-ის ინფორმაციით, საეთერო შეზღუდვების გარდა, დირექტორმა გამოსცა დაუსაბუთებელი ბრძანება მაუწყებლის შენობაში თანამშრომლების გადაადგილების აკრძალვის თაობაზე. ამასთან, გიორგი კოხრეიძე აგრძელებს საკუთარი თანამშრომლების შევიწროვებას და მათ სხვადასხვა საკითხებზე ახსნა-განმარტებებისა და დოკუმენტების წარდგენას სთხოვს.