weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ევოლუშენ გეიმინგიდან“ 1300-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს

16:46 ოთხშაბათი, 01 აპრილი 2020

ონლაინ კაზინოების პროვაიდერმა კომპანიამ, „ევოლუშენ გეიმინგმა“ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 3 000 დასაქმებულიდან ნაწილი არაანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა, ხოლო 1 300-მდე დასაქმებული (თამაშის წარმდგენი და ბანქოს მჩეხავი) სამსახურიდან დაითხოვა.

კომპანიის ხელმძღვანელობა გამოსაცდელი ვადით დასაქმებული პირების მასობრივ დათხოვნას საქართველოში საგანგებო მდგომარეობისა და საყოველთაო კარანტინის გამოცხადებით ხსნის, რის გამოც მათი განმარტებით. „ევოლუშენ გეიმინგს“ ზრდის გეგმების შეჩერება უწევს.

„ევოლუშენ გეიმინგიდან“ 1300-მდე თანამშრომლის გათავისუფლებას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ეხმიანება. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ კომპანია უხეშად არღვევს დასაქმებულთა უფლებებს და ქვეყანაში მოქმედ შრომით სტანდარტებს.

„მოქმედი კანონმდებლობით, გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულების დადება მხოლოდ შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის მიზნით ხდება. ასეთი ხელშეკრულება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით, ერთჯერადად და არაუმეტეს 6 თვით შეიძლება დაიდოს. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დამსაქმებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება.

მოცემულ შემთხვევაში ცხადია, რომ კომპანიამ მხოლოდ იმ თანამშრომლებთან გაწყვიტა შრომითი ურთიერთობა, რომელთაც გამოსაცდელი ვადით ჰქონდათ შრომითი ხელშეკრულება დადებული და არა სხვა დასაქმებულებთან, რომელთათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კანონი სათანადო კომპენსაციის გადახდას ავალდებულებდა. ცხადია, რომ „ევოლუშენ გეიმინგმა“ სამუშო ძალა შეამცირა არა ფუნქციონირებისათვის საჭირო კადრების გამორჩევითა და გამოყოფით, არამედ იმის მიხედვით, თუ ვისთან უფრო ნაკლები ფინანსური დანახარჯით შეძლებდა შრომითი ურთიერთობის გაწყვეტას.

უდავოა, რომ კომპანია ბოროტად იყენებს გამოსაცდელ ვადაში ნებისმიერ დროს კონტრაქტის შეწყვეტის უფლებას და დაუსაბუთებლად წყვეტს შრომით ურთიერთობას, მაშინ როცა დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას არა მათი დაკავებულ თანამდებობებთან შეუსაბამობის, არამედ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება დაედო ოფიციალურ საფუძვლად.

გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებელი 15 კალენდარული დღის განმავლობაში სულ მცირე 100 დასაქმებულთან წყვეტს შრომით ხელშეკრულებას ეკონომიკური გარემოებების, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებების გამო, ეს მიიჩნევა მასობრივ დათხოვნად და დამსაქმებელს ავალდბეულებს ამ გადაწყვეტილების მიღებამდე 45 კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და იმ დასაქმებულებს, რომელთაც უწყდებათ შრომითი ხელშეკრულებები. ცხადია, ორგანიზაცია წერილობით გადაამოწმებს ოფიციალურ უწყებებთან მასობრივი დათხოვნის თაობაზე შეწტყობინების გაგზავნის ფაქტს, თუმცა ამგვარი შეტყობინება დასაქმებულებს ამ დრომდე არ მიუღიათ.

ჩვენი ორგანიზაცია მხარს უჭერს „ევოლუშენ გეიმინგიდან“ უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, მზად არის, დაიცვას მათი ინტერესები სასამართლოში“, - ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]