weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

ბათუმში პოლიციელებმა ახალგაზრდა ცემეს

11:28 ორშაბათი, 06 აპრილი 2020

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს 2 აპრილს, ბათუმში, კომენდანტის საათის დროს პოლიციელების მხრიდან ახალგაზრდის ცემის ფაქტი.

დაზარალებულმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს 04 აპრილს დეტალური ჩვენება მისცა. მისი განმარტებით, 2020 წლის 02 აპრილს დაახლოებით 23:45 სთ-ზე სახლიდან აფთიაქში მედიკამენტის შესაძენად გამოვიდა. ერთ-ერთ აფთიაქში მან შესაბამისი მედიკამენტი ვერ იყიდა და ქუჩის მეორე მხარეს მდებარე აფთიაქში გადასასვლელად ნებართვა იმავე ქუჩაზე გაჩერებულ პოლიციის ეკიპაჟს სთხოვა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა სიტყვიერი თანხმობა მისცა, რის შემდეგაც მან გზა მეორე აფთიაქისკენ განაგრძო. მალევე, მას ამავე ქუჩაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის სხვა ეკიპაჟი მიუახლოვდა. მანქანიდან პოლიციის ფორმაში ჩაცმული ორი და სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ერთი პირი გადმოვიდა. ერთ-ერთმა პოლიციელმა მიმართა სიტყვებით: „ბიჭო, შენ სად მიდიხარ, არ იცი, რომ კომენდატის საათია“, რაზეც მან განუმარტა, რომ წამლის შესაძენად აფთიაქში მიდიოდა და აღნიშნულზე სიტყვიერი თანხმობა პოლიციის სხვა თანამშრომლებისგან ჰქონდა.

დაზარალებული იხსენებს, რომ

პოლიციის თანამშრომლებმა აგრესიულად მიმართეს, რის გამოც მან მობილური ტელეფონით საუბრის გადაღება დააპირა. „ამან პოლიციელების კიდევ უფრო მეტად გაღიზიანება გამოიწვია. ერთ-ერთმა პოლიციელმა ძალის გამოყენებით გამომართვა ტელეფონი და ხმამაღლა მიმართა დანარჩენ პოლიციელებს -  „დავაი ჩატენეთ მანქანაში.“

ძირს ძალის გამოყენებით დამაგდეს და ხელბორკილები გამიკეთეს. პოლიციელებს ვუთხარი, რომ  ხერხემალზე პრობლემები მქონდა და თავად ჩავჯდებოდი მანქანაში, რაც არ გაითვალისწინეს და ძალის გამოყენებით ჩამსვეს, რა დროსაც მანქანის ძარას თავი რამდენჯერმე მივარტყი“, - აღნიშნავს ახალგაზრდა.

ჩვენების მიხედვით, პოლიციელთა მხრიდან მის მიმართ ზეწოლა მანქანაშიც გაგრძელდა. ერთ-ერთი პოლიციელი მუხლებით დააწვა თავზე, ასევე, ურტყამდა ხერხემლის არეში. ტრანსპორტირების დროს მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის შედეგად მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ტრანსპორტირებისას ასევე, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. იგი ბათუმის პოლიციის მე-2 განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ასევე გაგრძელდა მისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით,

პოლიციის განყოფილებაში იგი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, ადვოკატის გარეშე იმყოფებოდა. მიუხედავად მისი მოთხოვნისა, მიეცათ შესაძლებლობა, დაკავშირებოდა ადვოკატს, პოლიციის თანამშრომლებმა უარი უთხრეს და განუმარტეს, რომ იყო კომენდანტის საათი და ადვოკატი ვერ მივიდოდა.

პოლიციის განყოფილებიდან იგი დროებითი მოთავსების განყოფილებაში გადაიყვანეს, ტრანსპორტირებისას პოლიციელების მხრიდან მასზე დამატებით ფსიქოლოგიური ზეწოლა და მუქარა განხორციელდა. იზოლატორში შეყვანისას მან დააფიქსირა, რომ სხეულზე არსებული დაზიანებები პოლიციელებმა მიაყენეს.

„მეორე დილით იგი იზოლატორიდან ისევ პოლიციის მე-2 განყოფილებაში გადაიყვანეს. განყოფილებაში იმავე პოლიციელთაგან ერთ-ერთმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თავის მოჭრით დაემუქრა. პოლიციის განყოფილებაში მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (173-ე) მუხლით შეუდგინეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ იმავე დღეს, ადვოკატის მონაწილეობის გარეშე განიხილა სამართალდარღვევის საქმე, იგი სამართალდამრღვევად ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. პოლიციის თანამშრომლებმა მას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 3000 ლარიანი ჯარიმაც შეუდგინეს“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ საგანგებო მდგომარეობა და დაწესებული შეზღუდვები ვერ გაამართლებს პოლიციელთა მხრიდან არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ჩადენას და პირის დაცვის უფლების გარეშე დატოვებას. მითუფრო, საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით განსაზღვრულია პროფესიული საქმიანობის შესრულების მიზნით ადვოკატის შეუფერხებლად გადაადგილების წესი.

პოლიციელების მხრიდან ახალგაზრდის ცემის ისტორია „ბათუმელებმა“ გაახმაურა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]