weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აჭარის ტელევიზიის დირექტორის წინააღმდეგ EMC გამოძიების დაწყებას ითხოვს

15:13 ხუთშაბათი, 14 მაისი 2020

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების სახელით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მიმართა. EMC აჭარის მაუწყებლის დირექტორის გიორგი კოხრეიძის მიმართ გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.

EMC-ის შეფასებით, გიორგი კოხრეიძის თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომ, სავარაუდოდ, ადგილი აქვს დირექტორისადმი კრიტიკულად განწყობილი, განსხვავებული შეხედულებების მქონე თანამშრომლების დევნასა და ალტერნატიული პროფესიული კავშირის საქმიანობის ხელშეშლას, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე (დევნა) და 166-ე (პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა) მუხლების შესაბამისად, დასჯადი ქმედებაა.

კოხრეიძემ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე, სამსახურიდან დაუსაბუთებლად, უკანონო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოტივით გაათავისუფლა კრიტიკულად განწყობილი რამდენიმე თანამშრომელი, ნაწილს კი უფლებამოსილებები შეუზღუდა და არხის სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორა.

დირექტორის მხრიდან შევიწროვებისა და კონტროლის ფაქტების გამო სამსახური დატოვა დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძემ; დაუსაბუთებელი საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლდა ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი, ხოლო მისი მოადგილე მაია მერკვილაძე ტელევიზიიდან რადიოში გადაიყვანეს და ფაქტობრივად ჩამოშორდა სარედაქციო პოლიტიკას. ახალი ამბების სამსახურში მიმდინარე მოვლენების გაპროტესტების გამო ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე დირექტორის გადაწყვეტილებით ჯერ ეთერიდან მოხსნეს, შემდეგ კი, რამდენიმე დღეში, სამსახურიდან დირექტორის ბრძანებით გათავისუფლდა. უფლებამოსილებები შეეზღუდა ონლაინ მედიის სამსახურის უფროსს სოფო ჟღენტს და დირექტორმა მას სრულად აუკრძალა საინფორმაციო ამბების კონტენტის ვებგვერდზე განთავსება. ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე სამუშაოდ გადაყვანილი იქნა ქუთაისის არარსებულ ბიუროში. სოციალურ ქსელში გამოხატული მოსაზრების გამო ჟურნალისტი თეონა თურმანიძე ეთერს გარკვეული დროით ჩამოაშორეს; 2020 წლის 11 მაისს კი დირექტორის ბრძანებით, სოციალურ ქსელში გამოხატული მოსაზრების გამო სამსახურიდან გათავისუფლდა მაუწყებლის თანამშრომლების ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი, რომელიც ამავდროულად გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი იყო და როგორც თავმჯდომარე დირექტორის მიღებულ გადაწყვეტილებებისგან პროფაკვშირის წევრებს იცავს.

ყველა ზემოთჩამოთვლილი გადაწყვეტილება შეეხო მხოლოდ ალტერნატიული პროფესიული კავშირის წევრებსა და იმ დასაქმებულებს, რომლებიც ღიად გამოხატავენ კრიტიკას და უკმაყოფილებას საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების მიმართ და ორგანიზდებიან მაუწყებლის იდეის დასაცავად.

სამართალდამცავი ორგანოების წინაშე წარდგენილ ვრცელ მიმოხილვაში EMC უთითებს, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების (ეუთო, ევროპის საბჭო, რეპორტერები საზღვრებს გარეშე), საქართველოს სახალხო დამცველისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებებს, რომლებიც ღიად მსჯელობენ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის, ჟურნალისტების დევნისა და კონტროლის პრაქტიკებზე.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]