weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პროკურატურა 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების საქმეზე განაჩენს გაასაჩივრებს

17:38 ხუთშაბათი, 14 მაისი 2020

5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების საქმეზე დაზარალებული არასრულწლოვანის მშობლებს კახეთის საოლქო პროკურატურის წარმომადგენლები შეხვდნენ და პროკურატურის პოზიცია გააცნეს. პროკურატურის განცხადებით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენს, რომლითაც 5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული 58 წლის კაცი გამართლდა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

დაზარალებული არასრულწლოვანის მშობლებს და მათ ადვოკატს საოლქო პროკურატურაში განუმარტეს, რომ პროკურატურა კატეგორიულად ეწინააღმდეგება და კანონშეუსაბამოდ მიიჩნევს გურჯაანის რაიონული სასამართლოს განაჩენს.

არასრულწლოვანის მშობლებს განემარტათ, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს მოცემულ საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული და ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან, მოკლებულია მტკიცებულებათა ობიექტურ სამართლებრივ შეფასებას და რადიკალურად განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისგან.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პროკურატურა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ ბრალდების მხარემ  ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოში გამოკვლევა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში დაასრულა. მტკიცებულებათა გამოკვლევისას პროკურორმა მაქსიმალურად გამოიყენა სასამართლოს მიერ განსაზღვრული დრო და საქმის არსებითი განხილვის არცერთი სხდომა ბრალდების მხარის მიზეზით არ გადადებულა.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდების მხარისთვის გაუგებარია, თუ რას დაეფუძნა გურჯაანის რაიონული სასმართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილის  მიერ მიღებული განაჩენი და რა გარემოებებით იხელმძღვანელა გადაწყვეტილების მიღების დროს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებენ, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

58 წლის მამაკაცი ბრალდებული იყო 5 წლის გოგოსთან სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში - სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მამაკაცი დაკავებული იყო, მაგრამ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა საქმის განხილვა ისე გააჭიანურა, რომ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური, 9 თვიანი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღე დარჩა და ის გირაოთი გაათავისუფლეს. მსხვერპლი და ძალადობაში ბრალდებული ერთ ეზოში ცხოვრობენ. დაზარალებულის ოჯახი დახმარებას ითხოვდა. 13 მაისს, მოსამართლე ნარიმანიშვილმა ბრალდებული გაამართლა, რასაც დაზარალებულის ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]