weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სახელმწიფო დღემდე ვერ ახერხებს მშენებლობებზე მუშებისთვის უსაფრთხო პირობების შექმნას – EMC

16:47 სამშაბათი, 09 ივნისი 2020

„ადამაინის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) სახელმწიფოს უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს. არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა 7 და 8 ივნისს, ბათუმსა და მარნეულში, მშენებლობაზე, სამუშაოს შესრულებისას მუშების გარდაცვალების შემთხვევებს.

EMC-ს შეფასებით, საკანონმდებლო დონეზე გატარებული რეფორმისა და შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერების მიუხედავად, სახელმწიფო დღემდე ვერ ახერხებს სამშენებლო ობიექტებზე დასაქმებული მუშებისთვის ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნას.

„მსგავს ობიექტებზე დასაქმებულთა შრომა უკიდურესად ფრაგმენტული, მოწყვლადი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათოა. 2019 წლის სექტემბრიდან შრომის ინსპექციის გაძლიერების ფონზე, რაც დასაქმების ადგილზე სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე შესვლის, სამუშაო ადგილის უსაფრთხოების შესწავლის უფლებამოსილებისა და სანქცირების სათანადო შესაძლებლობით განისაზღვრა, შრომის ინსპექციის მნიშვნელობისა და მისი მანდატის მაქსიმალური გამოყენება კვლავ პრობლემად და გამოწვევად რჩება.

გამოვლენილ დარღვევებზე პასუხისმგებლობის დაკისრების ნათელი და გამჭირვალე მოწესრიგება, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ინფორმირების გაძლიერება, უბედური შემთხვევების პრევენციისაკენ მიმართული ღონისძიებები, ის საკითხებია, რომელთა პრაქტიკაში დროული ინტეგრირება უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის რეგიონალური წარმომადგენლობის არსებობა, მიმდინარე დარღვევების მყისიერი გამოვლენის, დროული რეაგირებისა და პრევენციისაკენ გადადგმული ნაბიჯების გამართვისა და უზრუნველყოფის მიზნით. EMC-ის მიაჩნია, რომ ამის ერთ–ერთ მთავარი გამოწვევა შრომის ინსპექტორთა რაოდენობის ზრდა და მათი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებთან გათანაბრებაა.

„სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა უფლებების დაცვის არაშრომითი ხელშეკრულებებით მოწესრიგებული სამართლებრივი ურთიერთობები კიდევ ერთ პრობლემურ მხარეს წარმოადგენს. მომსახურების ხელშეკრულების არსებობის პირობებში, დასაქმებულებს არ აქვთ უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის შესაძლებლობა, რაც კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის მათ ყოველდღიურ საქმიანობას“, – აცხადებს ორგანიზაცია.

მათივე თქმით, უმნიშვნელოვანესია პარლამენტში წარდგენილი შრომითი კანონმდებლობის რეფორმის, რაც შრომის ინსპექციის მანდატის გაზრდას, ინფორმირებისა და სანქცირების შესაძლებლობის გაძლიერებას, შრომითი უფლებების დაცვის მაქსიმალურ მონიტორინგს უკავშირდება, კანონმდებლობაში ასახვა.

EMC მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, მხარი დაუჭიროს შრომითი კანონმდებლობის მიმდინარე რეფორმას;

საქართველოს მთავრობას:

შესაბამისი მუნიციპალიტეტების მონაწილეობით, უზრუნველყოს რეგიონებში შრომის ინსპექტორების ჯგუფების შექმნა, უსაფრთხოების შემცველი სამუშაო ადგილების მყისიერი გამოვლენის, შრომითი უფლებების დაცვის მაქსიმალური რეალიზებისა და დარღვევების პრევენციის მიზნი;

შრომის ინსპექციას:

დაუყოვნებლივ შეამოწმოს ბათუმსა და მარნეულში მომხდარი უბედური შემთხვევების სამუშაო ადგილები და შესაბამისად იმოქმედოს.

პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს:

უზრუნველყონ გარდაცვალების შემთხვევების დროული და ეფექტური გამოძიება და მოახდინონ ბრალდებულთა იდენტიფიცირება.

7 ივნისს, ბათუმში, მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნის შედეგად 28 წლის კაცი დაიღუპა. გუშინ, 8 ივნისს კი მსგავსი ფაქტი მოხდა მარნეულში. ორივე შემთხვევაზე გამოძიება პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]