weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პროკურატურამ 15 წლის გოგოს მიმართ ადევნებისა და მუქარისთვის პატიმრობა მოითხოვა

22:30 ხუთშაბათი, 18 ივნისი 2020

ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ 15 გოგოს მიმართ ადევნებასა და მუქარაში ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. 

ბრალდების მხარემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც არასრულწლოვანი გოგოს მშობლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც მამა წერს, მის 15 წლის შვილს სრულწლოვანი მამაკაცი ემუქრებოდა, რომ თუ ცოლად არ გაჰყვებოდა, მოკლავდა. მშობლის თქმით, ერთ დღეს, მამაკაცი არასრულწლოვანს სადარბაზოსთან ორ თამხლებ პირთან ერთად დახვდა, რის შემდეგაც პოლიციას მიმართეს, თუმცა 12 დღე გავიდა და მოძალადე კვლავ თავისუფალია.

„12 დღეა დავდივართ პოლიციის განყოფილებაში, ვაღამებთ, ვათენებთ, გვართმევენ ჩვენებებს. ამ დროს ეს ტიპი დადის გარეთ არხეინად. გადავინაცვლეთ პროკურატურაში მე-11 დღეს. პროკურორმაც - დაჭერას სავარაუდოდ ვერ შევძლებთ, მაგრამ აკრძალვას გავუკეთებთო, ამ შუამდგომლობით შევალთო. მე-12 დღეს ამ ტიპმა შემაცილა პოლიციის განყოფილებაში ღიმილით და ცინიზმით“, - წერდა ბავშვის მამა.

დღეს, დღის მეორე ნახევარში პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრალდებული რ.ნ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეს.

უწყების ცნობით, რ.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 151-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.

„შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ნ.-სთვის ცნობილი იყო, რომ დაზარალებული თ.ჭ. არასრულწლოვანი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა იგი 2020 წლის თებერვლის დასაწყისიდან დღემდე სისტემატურად, პირადად ამყარებდა გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციას, ურეკავდა სხვადასხვა მობილური ტელეფონის ნომრებიდან და სოციალური ქსელების „ფეისბუქის“ და Instagram -ის მეშვეობით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა.

ასევე რ.ნ. სისტემატურად უკავშირდებოდა დაზარალებულის ნათესავს და მეგობრებს და მათი მეშვეობით ცდილობდა თ.ჭ.-სთან კომუნიკაციის დამყარებას. 2020 წლის 7 ივნისს რ.ნ. საცხოვრებელ კორპუსთან დახვდა დაზარალებულს და მასთან პირადი კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა, რის შედეგადაც თ.ჭ.-ს შეეშინდა და კორპუსის დაცვის თანამშრომლის დახმარებით დაბრუნდა საცხოვრებელ ბინაში. ასევე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 13 თებერვალს, თ.ჭ.-მ ბრალდებულისგან „ფეისბუქის“ მეშვეობით სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო“, - აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ცნობით, 17 ივნისს, არასრულწლოვანს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა და საქმეზე გამოძიება გრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]