weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დაზარალებულს პოლიციელების წინააღმდეგ სარჩელის გამოტანას სთხოვენ და ემუქრებიან – საია

16:52 შაბათი, 04 ივლისი 2020
ფოტოზე თამაზ გრატიაშვილი / კადრი მთავარი არხის ვიდეოდან ფოტოზე თამაზ გრატიაშვილი / კადრი მთავარი არხის ვიდეოდან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 23 წლის თამაზ გრატიაშვილს, რომელიც ფოთის პოლიციის თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებს, საჩივრის გამოტანის სანაცვლოდ ჯერ ფული შესთავაზეს, შემდეგ კი მოკვლით დაემუქრნენ. საია სახელმწიფოსგან საქმის დროულ გამოძიებას და გრატიაშვილის დაცვას ითხოვს.

საია-ს ინფორმაციით, 2020 წლის 9 ივნისს, სოფელ ჭალადიდში მცხოვრები თამაზ გრატიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მისი განმარტებით, როგორც დაკავების დროს, ასევე დაკავების შემდგომ, პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო.

თამაზ გრატიაშვილის განმარტებით, 8 ივნისს იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად. გვიან ღამით, როდესაც სახლში ფეხით ბრუნდებოდა, მის გვერდით გაჩერდა ავტომანქანა, რომელშიც ფოთის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით ოდიშარია იჯდა. მისი დავალებით, ამავე განყოფილების სხვა თანამშრომლებმა იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციის განყოფილებაში მიყვანამდე, ტრანსპორტირებისას, მასზე ხორციელდებოდა როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა. სიტყვიერი შეურაცხყოფა გაგრძელდა პოლიციის განყოფილებაშიც.

თამაზ გრატიაშვილის განმარტებით, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა პოლიციის თანამშრომელი, თორნიკე კაჭახმაძე. მოგვიანებით, თამაზ გრატიაშვილი დროებით მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც გარეგანი დათვალიერება ჩაუტარდა. საიას-ს ინფორმაციით, სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაზიანებების აღმოჩენის შემდგომ, აღნიშნული ფაქტი ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. გამომძიებელი იმავე დღეს შევიდა დროებითი მოთავსების იზოლატორში და მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„იმავე დღეს, დროებითი მოთავსების იზოლატორში თამაზ გრატიაშვილთან თორნიკე კაჭახმაძე შევიდა, განუმარტა, რომ სასამართლო განიხილავდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და მოსთხოვა სასამართლოში ეღიარებინა, რომ ქუჩაში ნასვამ მდგომარეობაში იგინებოდა, ილანძღებოდა და პოლიციის მოთხოვნას არ ემორჩილებოდა.

თამაზ გრატიაშვილი განმარტავს, რომ იძულებული გახდა სასამართლოში ეღიარებინა ის სამართალდარღვევა, რაც არ ჩაუდენია. სასამართლომ მას 7 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა“, – აცხადებს საია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქმეში 17 ივნისს ჩაერთო. გამოძიების დაწყების შემდგომ, თამაზ გრატიაშვილმა უფლებადამცველებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მას უცნობი პირები უკავშირდებიან და გაჩუმებას მოითხოვენ. კერძოდ, საია-ს ინფორმაციით, 2020 წლის 21 ივნისს, თამაზ გრატიაშვილს ტელეფონით დაუკავშირდა მისთვის უცნობი პირი, რომელმაც 10 000 ლარის სანაცვლოდ პოლიციელების წინააღმდეგ საჩივრის გამოტანა მოსთხოვა.

ხოლო 3 ივლისს, ფეხით გადაადგილებისას ავტომანქანამ გზა გადაუჭრა. საჭესთან მჯდომმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და საჩივრის გამოტანა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიზიკური ლიკვიდაციით დაემუქრა.

საია აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

„მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურმა დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ამოიღოს არსებული ვიდეო კამერების ჩანაწერები. აღსანიშნავია, რომ თამაზ გრატიაშვილს ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი. დაზარალებულად ცნობის გარეშე, იგი მოკლებულია შესაძლებლობას, ეფექტიანად იყოს ჩართული სამართალწარმოების პროცესში, გაეცნოს საქმის მასალებს და გააკონტროლოს, რამდენად ქმედითია ის ნაბიჯები, რასაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქმის დროული გამოძიებისათვის დგამს.

შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიებას ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდეს და ხელი შეეშალოს საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას“, – აცხადებს საია.

არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, უზრუნველყოს თამაზ გრატიაშვილის დაზარალებულად დროულად ცნობა და ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება სამართალდამცავი პირების ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის სათანადო ზომების დაკისრების მიზნით.

გარდა ამისა, საია მიმართავს გენერალურ პროკურატურას შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით მიმდინარე საქმე გამოსაძიებლად დაუქვემდებაროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და თამაზ გრატიაშვილის დასაცავად გამოიყენოს დაცვის სპეციალური ღონისძიებები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]