რურუას ერთ-ერთი ადვოკატის ლევან სამუშიას განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
„ამ განაჩენის სამართლებრივად დასაბუთება წარმოუდგენელია. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ამყოფო ადამიანი უკანონო პატიმრობაში. მოვა დრო, ამ ყველაფერზე ყველა აგებს პასუხს და ეს იქნება მაგალითი, როგორ გამოჰქონდათ საქართველოში უკანონო განაჩენი“, - განაცხადა სამუშიამ სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ.
„განაჩენს გავასაჩივრებთ იმის მიუხედავად, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში სასამართლო ხელისუფლება პოლიტიკურ გავლენაზეა დაქვემდებარებული. დარწმუნებული ვართ, სააპელაციო სასამართლოშიც იმ კატეგორიის მოსამართლეებთან მოხვდება ეს საქმე, რომლებიც მითითებების და პოლიტიკური დაკვეთების უსიტყვოდ შემსრულებლები არიან“, - აღნიშნა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
გიორგი რურუას განაჩენთან დაკავშირებით კომენტარი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტრამა ელენე ხოშტარიამ გააკეთა.
„ყველამ იცის, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს. ამ საქმეში ის მსხვერპლია და ყველა ერთხმად ეუბნება საქართველოს - მორჩით პოლიტიკურ დევნას, ეს არჩევნები არ იქნება ნორმალური არჩევნები, თუ არ მორჩება პოლიტიკური დევნა. ეს გახარიას უთხრა პომპეომ, ამაზე ლაპარაკობენ სენატორები. გიორგი რურუა არა თუ გამოვა იქიდან, არამედ მოუგებს სახელმწიფოს და სისტემას და „ქართული ოცნება“ ძალიან ძვირ ფასს გადაიხდის. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას, რომ გიორგი რურუა გამოვიდეს“, - განაცხადა ხოშტარიამ.
გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 2019 წლის 18 ნოემბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. რურუა ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა მისი ნების საწინააღმდეგოდ აუღეს დნმ-ის ნიმუში და იარაღი ჩაუდეს. ის თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და დაკავებას უკავშირებს 2019 წლის ივნისიდან მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობას.
სასამართლომ გიორგი რურუა სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლითაც გაამტყუნა, რაც ძალაში შესული განაჩენის ხელის შეშლას გულისხმობს.