weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გენდერული კვოტირების წინააღმდეგ „გირჩის“ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

22:08 პარასკევი, 07 აგვისტო 2020

საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო „გირჩის“ კონსტიტუციური სარჩელი გენდერული კვოტირების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. 

ამასთან, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საარჩევნო კოდექსის იმ მუხლის მოქმედების შეჩერების შესახებ, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური პარტიები ვალდებული არიან, საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიული სია ისე დააკომპლექტონ, რომ ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც იყოს განსხვავებული სქესის.

დავის საგანია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 203-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 203-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე გასამართი საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ პარტიული სიის შედგენის წესს. კერძოდ, პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს ეკისრებათ ვალდებულება, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს წარუდგინონ იმგვარად შედგენილი პარტიული სია, რომ სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. თუკი პარტიული სია არ იქნება შედგენილი ზემოაღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტს ეძლევა შესაძლებლობა, 3 დღის ვადაში აღმოფხვრას ხარვეზი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიული სია რეგისტრაციაში არ გატარდება.

კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ადგენს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებას, 18 წლის ასაკიდან მონაწილეობა მიიღოს რეფერენდუმში, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკისა და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „გირჩის“ პარტიული სიის ფორმირება ხორციელდება პარტიის პარტნიორთა მიერ ციფრული პორტალის საშუალებით. კერძოდ, „გირჩმა“ დააფუძნა საკუთარი ციფრული ვალუტა - ქართული დოლარი (GeD), რომელიც გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც პარტიის სასარგებლოდ განახორციელებენ გარკვეული სახის მატერიალურ ან არამატერიალურ კონტრიბუციას. პარტიის პარტნიორები მათ მიერ გამომუშავებული ციფრული ვალუტის საფუძველზე იღებენ მონაწილეობას პარტიული სიის შედგენაში. ამდენად, პარტიის პარტიული სიის ფორმირება სრულად დამოკიდებულია პარტნიორთა გადაწყვეტილებაზე და სწორედ ეს ადამიანები განსაზღვრავენ პარტიული სიის რომელ პოზიციას დაიკავებს კონკრეტული პოლიტიკოსი. 

„გირჩის“ განცხადებით, მათ საჯაროდ დადეს პირობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდნენ სწორედ ზემოხსენებული წესით დაკომპლექტებული პარტიული სიით. 

მოსარჩელის განცხადებით, სადავო ნორმა გამორიცხავს ასეთ შესაძლებლობას, რადგან დღეს არსებული მდგომარეობით, პარტიის პარტიული სიის პირველ ათეულში წარმოდგენილი პოლიტიკოსები ერთი სქესის წარმომადგენლები არიან. ამდენად, სადავო ნორმა მოსარჩელე მხარეს ავალდებულებს, პარტიის 3 000-ზე მეტი პარტნიორის მიერ შედგენილი პარტიული სია შეიცვალოს და ხელოვნურად, პარტნიორების ნების საწინააღმდეგოდ ჩამოყალიბდეს სხვაგვარად.

„მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, პარტია არ იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას და მომავალშიც არ აპირებს ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებას. პარტიის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს მისი პარტნიორების მიერ გაღებული შემოწირულობა. ხოლო პარტნიორები დაფინანსებას ახორციელებენ პარტიის ღირებულებებისა და კონკრეტული პოლიტიკოსების მიერ სხვადასხვა თემებზე დაფიქსირებული პოზიციების გათვალისწინებით. ამდენად, თუკი სადავო ნორმის საფუძველზე პარტია იძულებული გახდება, უგულებელყოს პარტნიორების მიერ ფორმირებული პარტიული სია, შესაძლოა პარტნიორებმა უარი განაცხადონ მის დაფინანსებაზე, რაც პოლიტიკური გაერთიანების ფუნქციონირებას მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის“, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერში.

„გირჩი“ მიიჩნევს, რომ პარლამენტში სქესთა შორის ბალანსის დაცვა არ შეიძლება ჩაითვალოს შეზღუდვის ღირებულ ლეგიტიმურ მიზნად, რადგან ამომრჩეველმა პოლიტიკური პროცესის საფუძველზე თავად უნდა გადაწყვიტოს, ვინ დაიკავებს ამა თუ იმ არჩევით თანამდებობას. 

„ამასთანავე, სადავო ნორმით იზღუდება არა მხოლოდ კონკრეტულ პირთა პასიური საარჩევნო უფლება, არამედ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერთა და პარტნიორთა უფლება, პარტიული სია დააკომპლექტონ საკუთარი სურვილის შესაბამისად, რაც, საბოლოო ჯამში, პარტიის სრულფასოვან ფუნქციონირებასაც საფრთხეს უქმნის. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს მსგავსი საფუძვლით საარჩევნო უფლების შეზღუდვას, მისი ინტენსივობის გათვალისწინებით, იგი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს მიჩნეული“, - აცხადებს მოსარჩელე მხარე.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი „გირჩის“ სარჩელს სხვა საქმეებთან შედარებით პრიორიტეტულად განიხილავს. პლენუმის შემადგენლობაში არიან შემდეგი მოსამართლეები: მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, ხვიჩა კიკილაშვილი,მანანა კობახიძე, ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ ტუღუში და თამაზ ცაბუტაშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]