weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ქუჩაში შორტებით გასვლის გამო პანკისში მამა-შვილს სცემეს

17:23 სამშაბათი, 18 აგვისტო 2020

პანკისის ხეობაში, ქუჩაში შორტებით გადაადგილების გამო, კიდევ ორ ადამიანს სცემეს. გელა წელაურსა და მის არასრულწლოვან შვილს, სამი ახალგაზრდა თავს სოფელ ყვარელწყლის გადასახვევთან მდებარე კაფესთან დაესხა. წელაურს ხელის მოტეხილობა და დაჟეჟილობა აქვს მარცხენა თვალბუდისა და თავის არეში. მსუბუქი დაზიანებები მიიღო 16 წლის ბავშვმაც. პოლიციამ გამოძიება წელაურის მიმართვის საფუძველზე დაიწყო, მაგრამ მოძალადეები არც ამ საქმეზე დაუკავებიათ.

პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, ინციდენტი 8 აგვისტოს მოხდა. გელა წელაურს პანკისის ხეობაში, სოფელ ყვარელწყალში სახლი აქვს. ყვარელწყალი ფშავლებითა და ეთნიკური ქისტებით დასახლებული სოფელია.

„თბილისიდან მე და ჩემი შვილი ვიყავით ჩამოსული, ეზოს მივხედეთ, ერთი ღამე დავრჩით და მეორე დღეს უკან ვბრუნდებოდით. წასვლამდე კაფეში ხინკალი შევუკვეთეთ. გვინდოდა, თბილისში წაგვეღო. ხინკლის წასაღებად რომ მივედით, მე კაფეში შევედი, ჩემი შვილი მანქანასთან გაჩერდა. მალევე კაფედან დავინახე, რომ ჩემს შვილთან ახალგაზრდები მივიდნენ და ხმამაღლა ესაუბრებოდნენ. გარეთ გამოვედი. ვიკითხე, რა ხდებოდა.

რატომ გაცვიათო შორტები? ჩემმა შვილმა უპასუხა, ცხელა და იმიტომო. ეს პანკისია, აქ ასე სიარული არ შეიძლება და ჩვენ გიკრძალავთო შორტების ჩაცმას.

მე ვუთხარი, აგერ ხინკალი გვაქვს შეკვეთილი, მოდი, შევიდეთ გავიცნოთ ერთმანეთი, ვისაუბროთ და დავმეგობრდეთ მეთქი. რაში მჭირდება შენნაირთან მეგობრობაო. ამ დროს სახინკლედან ქალები გამოვიდნენ და გაშველება დაიწყეს. ეს ახალგაზრდები გაღიზიანდნენ და ხელი მკრეს.წავიქეცი და მერე წიხლებით შემდგნენ. ჩემი შვილიც ცემეს. სამივე მონაწილეობდა, მაგრამ ისლამ ფარეულიძე ყველაზე მეტად აქტიურობდა“, - უთხრა პანკისის სათემო რადიოს გელა წელაურმა. მას მარცხენა ხელის ხაზოვანი მოტეხილობა აქვს, აღენიშნება დაჟეჟილობები თვალბუდისა და თავის არეში. სამედიცინო დახმარება თბილისში, მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში გაუწიეს.

გელა წელაურმა პოლიციას რეაგირებისათვის 9 აგვისტოს მიმართა. გამოძიება იმავე დღეს დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. 10 აგვისტოს წელაურს ექსპერტიზაც ჩაუტარდა. დღეს ახმეტის პოლიციის სამმართველოს დუისის განყოფილებაში მეორედ იკითხება. გამოძიების დაწყებიდან 8 დღე გავიდა. პოლიციას არავინ დაუკავებია.

ეს არ არის პანკისის ხეობაში შორტებით გადაადგილების გამო თავდასხმის პირველი შემთხვევა.

„რელიგიურად მამაკაცის დასამალ ადგილად ჭიპიდან მუხლებამდეა მიჩნეული, ქალის შემთხვევაში კი ხელებისა და სახის გარდა, ყველაფერი.

ვინმეს თუ შორტი აცვია, ვიღაც მივიდეს და ცემოს, სრულიად გაუმართლებელია. შეიძლება აუხსნა, რომ ჩვენ მუსლიმები ვართ, სხვაგვარად ვიცვამთ, სხვანაირი ტრადიცია გვაქვს. თუ ამას პატივს სცემენ, გაგვიხარდება და ვფიქრობთ, უფრო მეტად გვმართებს ურთიერთპატივისცემა. მაგრამ ვინც არ გაითვალისწინებს ან არ იცის ამის შესახებ, მიხვიდე და ფიზიკურად გაუსწორდე, დაუშვებელია.

თუ სახლში, ეზოში, ჩემს კერძო საკუთრებაში შემოდის ან შემოვა, მაშინაც ავუხსნი და ვთხოვ, რომ გაითვალისწინოს. თუ არ დამეთანხმება, შეიძლება არ მივიღო, მაგრამ ცემას გამართლება არ აქვს“, - უთხრა პანკისის სათემო რადიოს ვახტანგ ფარეულიძემ, არაბული ენისა და ისლამური რელიგიის სპეციალისტმა.

დაუსჯელობაა შორტებით გადაადგილების გამო გახშირებული ძალადობის მიზეზი - მიაჩნიათ პანკისის ხეობაში მდებარე საოჯახო სასტუმროების მფლობელებს.

 

ამ თემაზე:

პანკისში ჩაცმულობის გამო 2 ადამიანის ცემისთვის 22 წლის ისლამ ფარეულიძე დააკავეს [Video]

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]