weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

საია აჭარის პროკურატურისგან თემურ ბერიძის საქმეზე დროულ გამოძიებას ითხოვს

19:05 ოთხშაბათი, 19 აგვისტო 2020

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აჭარის პროკურატურას მიმართავს და თემურ ბერიძის საქმის დროულად და ობიექტურად გამოძიებას ითხოვს. მოქალაქე მაღალი თანამდებობის პირებს მის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში ამხელს.

საქმეზე გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით 2019 წლის აგვისტოში დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს.

საია-ს ინფორმაციით, თემურ ბერიძე აცხადებს, რომ მასზე მუქარა მას შემდეგ განხორციელდა, რაც მასთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერი (ხულოს მუნიციპალიტეტში გარე განათების ბოძების დამონტაჟება) მოიგო.

„თემურ ბერიძის განმარტებით, ტენდერის მოგების შემდეგ, დაუკავშირდა ხულოს საკრებულოს დეპუტატი, მინდია რიჟვაძე, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ნათესავია. მისივე თქმით, მინდია რიჟვაძემ მოსთხოვა მოგებულ ტენდერზე უარის თქმა, ვინაიდან ტენდერის პირობები მის კომპანიაზე იყო მორგებული და ტენდერი მას უნდა მოეგო.

უარის მიღების შემდეგ, თემურ ბერიძის განმარტებით, მინდია რიჟვაძე დაუკავშირდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, ასევე, დავით რიჟვაძეს, რომელიც თორნიკე რიჟვაძის მამაა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტში უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიცია უკავია. მინდია რიჟვაძემ მათ სთხოვა თემურ ბერიძეზე ზეწოლის მოხდენაში დახმარება.

აღნიშნულის შემდეგომ, თემურ ბერიძეს შეხვდა თორნიკე რიჟვაძის ახლობელი, ჯამბულ აბულაძე, რომელმაც ასევე მოსთხოვა მოგებული ტენდერის დათმობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრა, რომ საქმე გაუფუჭდებოდა „ზევით“.

ჯამბულ აბულაძესთან საუბრის დასრულებიდან რამდენიმე საათში, ხულოს მერიის წინ არსებულ სკვერში, თემურ ბერიძეს თავს დაესხა მინდია რიჟვაძე, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, თემურ ბერიძეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები“, - აცხადებს საია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ძალადობის ეპიზოდზე მინდია რიჟვაძე ბრალდებულად ცნეს, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაწყებული გამოძიება კი დღემდე უშედეგოდ მიმდინარეობს.

საია აცხადებს, რომ თემურ ბერიძემ საგამოძიებო ორგანოს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებიც მისგან მოგებული ტენდერის დათმობას მოითხოვდნენ. ამასთან, საია-ს ცნობით, ბერიძეზე ზეწოლას ადასტურებენ მოწმეებიც.

„მიგვაჩნია, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება უსაფუძვლოდ ჭიანურდება, რაც აჩენს ეჭვებს, რომ აღნიშნული მიზნად ისახავს თანამდებობის პირებისათვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას“, - აცხადებს საია.

ორგანიზაცია მოუწოდებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას, დროულად ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება თანამდებობის პირების ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის სათანადო ზომების დაკისრების მიზნით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]