weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

არბი ქავთარაშვილს 11 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, რამაზ ხანგოშვილს 9

23:32 ორშაბათი, 24 აგვისტო 2020

თელავის რაიონულმა სასამართლომ, ვისური მუთოშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავეებად სცნო 27 წლის არბი ქავთარაშვილი და 30 წლის რამაზ ხანგოშვილი. მოსამართლე მამუკა წიკლაურმა ქავთარაშვილს 11 წლით, ხანგოშვილს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„მე იარაღი ვისროლე ორჯერ მაშინ, როდესაც ვისო მუთოშვილი იგინებოდა, იმუქრებოდა, ჩვენსკენ მოიწევდა და პოლიციელს ეჯაჯგურებოდა. იძახდა, რომ დაგვხოცავდა და როდესაც უკან მიჰქონდა ხელი, ვიფიქრე, რომ იარაღის ამოღებას აპირებდა. მე მივუახლოვდი და ახლო მანძილიდან ვესროლე. ერთხელ შესაშინებლად და საჩვენებლად, რომ იარაღში ტყვიები მქონდა. ის მაინც არ გაჩერდა. გადავწყვიტე, რომ მეორედაც მესროლა გასაჩერებლად - ფეხის მიმართულებით, ზემოდან ქვემოთ. მინდოდა მისი დაჭრა და დაზიანების მიყენება. ვერ წარმოვიდგენდი თუ ამ ჭრილობას მისი გარდაცვალება მოჰყვებოდა. 

მეორე სროლის შემდეგ, როცა დავინახე, რომ ის დაიჭრა, არც მქონია მცდელობა, რომ კიდევ მესროლა. არ ვიცოდი, კიდევ იყო თუ არა ტყვია. იქ იყვნენ პოლიციელები და სხვა პირები. დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი გადარჩენა არ იქნებოდა პრობლემა. 

მე კარგი მსროლელი ვარ და თავისუფლად შემეძლო, მისთვის გულში ან თავში მესროლა, თან ასეთი ახლო მანძილიდან, ნამდვილად არ ავაცილებდი. მისი მოკვლა თუ მენდომებოდა, პირველივეს თავში ვესროდი, მაგრამ ეს არ გავაკეთე.

ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა ჩემს ტყვიას. ძალიან განვიცდი და ვიტანჯები ამის გამო, თუმცა, არ მინდა მკვლელის სახელი მქონდეს და დავისაჯო იმისთვის, რისი განზრახვა და სურვილიც არ მქონია“, - განაცხადა არბი ქავთარაშვილმა დასკვნით პროცესზე.

ბრალდებულების ადვოკატებმა ელენე ჩორგოლაშვილმა და ტარიელ კაკაბაძემ განაცხადეს, რომ რაიონული სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმებიან და სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

პანკისის ხეობაში 37 წლის ვისური მუთოშვილი 2019 წლის 27 ნოემბერს მოკლეს. სოფელ საკობიანოს გადასახვევთან ძირითადად ორი გვარის, ქავთარაშვილებისა და მუთოშვილების წარმომადგენლებს შორის სროლა 20 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. ვისური მუთოშვილი პოლიციის თვალწინ ისე მოკლეს, რომ სამართალდამცავებს დანაშაულის აღსაკვეთად არაფერი გაუკეთებიათ.

ქავთარაშვილები და მუთოშვილები ერთმანეთს ხეობაში ჰესების მშენებლობაზე დაწყებული დავის გამო დაუპირისპირდნენ. ქავთარაშვილები „ხადორი 3“ და „სამყურისწყალი 2“ ჰესების მშენებლობას მხარს უჭერენ, მუთოშვილები ეწინააღმდეგებიან. ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ პანკისში გამართულ აქციებში აქტიური მონაწილეობისათვის სცემეს რამდენიმე აქტივისტს, რამაც გვარებს შორის ურთიერთობა უფრო დაძაბა. მუთოშვილების თქმით, ქავთარაშვილები მათ ავიწროებდნენ.

მკვლელობის შემდეგ ქავთარაშვილებმა მუთოშვილებთან რამდენჯერმე სცადეს შერიგება სისხლის პატიების მიზნით. ამ პროცესში ქისტი უხუცესები და პოლიტიკოსებიც ჩართეს, მაგრამ შერიგება არ შედგა. მოკლულის ოჯახისა და გვარის წარმომადგენლები არც სასამართლო პროცესებში მონაწილეობდნენ და არც გამოძიებისთვის მიუციათ ჩვენება. საქმეს სავარაუდოდ შარიათის სამართლის მიხედვითაც გაარჩევენ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]