weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

წყვილი სუროგაციით შვილის ყოლას მხოლოდ ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ შეძლებს

15:08 ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2020

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან, ექსტრაკორპორული, ანუ სუროგაციის გზით ბავშვის ყოლა შეეძლებათ მხოლოდ ქალსა და მამაკაცს, რომლებიც სულ მცირე ერთი წელი არიან დაქორწინებულები ან სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში.

„ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი ნოტარიუსის წინაშე უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით (საინფორმაციო-სამისამართო ბარათი, რომლითაც დასტურდება ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება საერთო სარგებლობისთვის გამიზნულ ქონებაზე თანამესაკუთრეობის ფაქტი, რელიგიური ქორწინების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა)“, – ვკითხულობთ მინისტრის ბრძანებაში.

იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, წყვილს, რომლის მიზანიც სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენაა, ამ ბავშვის აღზრდის გრძელვადიანი მიზანი უნდა ჰქონდეს და ის არ უნდა იყოს ფიქტიური წყვილი, „რომელიც მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვი გაიყვანოს საქართველოდან დანაშაულებრივი მიზნებისთვის“.

„ამისთვის, შესაბამისი ხელშეკრულების დადებისას, წყვილმა უნდა დაადასტუროს, რომ ან იმყოფება ქორწინებაში სულ მცირე ერთი წლის განმავლობაში ან არ იმყოფება ქორწინებაში და აქვს ფაქტობრივი თანაცხოვრების ერთი წლის გამოცდილება მაინც“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განმარტებაში.

სამინისტროს განცხადებით, გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, რომ „თუ ქორწინებიდან 1 წელი არ არის გასული, ქალი ინ ვიტრო განაყოფიერებას ვეღარ შეძლებს“.

„in vitro ანუ ხელოვნური განაყოფიერება და მისგან გამომდინარე ორსულობა (ქალის სხეულის გარეთ, ლაბორატორიულ პირობებში ემბრიონის შექმნა და შემდგომ ემბრიონის ბიოლოგიური დედის სხეულში დაბრუნება) წმინდად სამედიცინო საკითხებია და მათი რეგულირება იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის მინისტრის კომპეტენციაში არ შედის. შესაბამისად, ვერ შეიცვლებოდა ამასთან დაკავშირებული წესები და სახეზეა ყალბი ინფორმაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სამინისტრო აცხადებს, რომ სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სუროგაციის მეთოდით, მათ შორის უცხოეთში შექმნილი და გაყინული ემბრიონების მეშვეობით საქართველოში დაბადებული ბავშვებით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაულის პრევენცია და იმ ახალშობილთა უფლებების დაცვაა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სუროგაციის გზით იბადებიან და შემდეგ საქართველოდან გაჰყავთ.

„სწორედ ამ საქმიანობით დაკავებული ზოგიერთი ორგანიზაცია, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ფინანსური სარგებლის მიღების ინტერესი ამოძრავებს, დგას ყალბი ინფორმაციების გავრცელების უკან“, – აცხადებს სამინისტრო.

უწყება განმარტავს, რომ სახელმწიფომ ასევე უნდა დაიცვას სუროგაციის პროცესში ჩართული იმ ქალის (სუროგატი დედის) უფლებები, რომლის სხეულშიც, გარკვეული ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ, ხდება სხვა პირების ბიოლოგიური მასალისგან დამზადებული ემბრიონის მოთავსება.

იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში სუროგაციის სერვისით მოსარგებლე პირთა 98% უცხო ქვეყნის მოქალაქე წყვილები არიან, ხოლო სუროგატი დედების 100% საქართველოს მოქალაქე ქალები არიან.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში პირველი სუროგაციის გზით დაბადება 2012 წლის 10 აპრილს დარეგისტრირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]