weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ამ ბანდას, ჩემი შვილი რომ მოკლეს, შს მინისტრის მოადგილე მფარველობს - მოკლულის დედა

20:07 ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2020
ფოტოზე - მოკლული ვისური მუთოშვილის დედა თამარ მუთოშვილი-ტოხოსაშვილი ფოტოზე - მოკლული ვისური მუთოშვილის დედა თამარ მუთოშვილი-ტოხოსაშვილი © reginfo.ge

„ჩემი შვილი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა. გვარებს შორის დაპირისპირება ჰესების გამო დაიწყო. ვისური ამის გამო მოკლა დაჯგუფებამ, ვახო ფარეულიძის იარაღით არის მოკლული. პოლიციელების თვალწინ მოკლეს. ამ ბანდას იარაღის მთელი არსენალი ჰქონდა. მანქანა დაცხრილეს, 45 ტყვია აქვს მოხვედრილი. მკვლელობამდე ჩვენი გვარის რამდენიმე წარმომადგენელს სცემეს, ვინც ჰესების მშენებლობას აპროტესტებდა. მაგათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე მფარველობთ“, - აცხადებს პანკისის ხეობაში მოკლული, 37 წლის ვისური მუთოშვილის დედა, თამარ მუთოშვილი-ტოხოსაშვილი პანკისის სათემო რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

- ქალბატონო თამარ, პირველ რიგში ვწუხვარ თქვენი შვილის გარდაცვალების გამო და მადლობა მინდა გითხრათ, ამ მძიმე საქმეზე ინტერვიუსთვის. როდის დაიწყო ეს დაპირისპირება ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის. თქვენი შვილი, ვისური მუთოშვილი როგორ აღმოჩნდა კონფლიქტის შუაგულში?

- ჩემი შვილი ჰესების მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ყოველთვის იმას ამბობდა, ვიდრე ცოცხალი ვარ, არ ავაშენებინებო. ის არეულობა რომ მოხდა ჰესების გამო, შარშან, 21 აპრილს, იმ დღიდან მოყოლებული, მუქარებიც იყო.

გვარებს შორის დაპირისპირება ზუსტად ამ ჰესების გამო დაიწყო, მაგრამ არცერთხელ, არცერთ ჩხუბში ჩემი შვილი არ მონაწილეობდა. ეგ იყო პირველი და ბოლო შემთხვევაც. განა ორმა ადამიანმა მოკლა, მანდ ოცდაათი კაცი მაინც იყო.

სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა რამაზ ხანგოშვილმა, თავში არბი ქავთარაშვილმა. ხანგოშვილმა რომ ესროლა, მაშინ წაიქცა ჩემი შვილი. თავში რომ მოხვდა, მაშინ არ წაქცეულა, ფეხზე იყო და თავის ბიჭებს იცავდა. იმას რომ არ დაეცვა, იმ დღეს ყველას მოკლავდნენ. დაჯგუფება იყო მანდ. მთელი არსენალი იარაღი ჰქონდათ. ჩვენებს, მარტო ჩემს შვილს ჰქონდა ერთი იარაღი.

- ჩვენ ვიცით, რომ მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, ახმეტის პოლიციის დუისის განყოფილებაში მურად ქავთარაშვილის მამა, ნათესავ ანზორ ქავთარაშვილთან ერთად მივიდა და სამართალდამცავებს აცნობა, რომ დანაშაული იყო მოსალოდნელი.

- მურად ქავთარაშვილსა და მამამისს ჩხუბი ჰქონიათ. მამამისი არ უშვებდა. მამა მიაგდო და ისე წავიდა. მერე მამა წასულა ანზორ ქავთარაშვილთან და ერთად მისულან განყოფილებაში. პოლიციელებს უპასუხიათ, ვიცით, საქმის კურსში ვართო. მკვლელობის დროს მაყურებლის როლში იდგნენ იქ. ყველაფერი თვითონ დაინახეს, მაღაზიის კამერამაც დააფიქსირა. უშიშროებიდანაც ყოფილან მანდ. ახმეტიდანაც იყვნენ. ბიჭებს უთქვამთ, რომ გამოგვიშვეს, ასე გვითხრეს, რაც არ უნდა მოხდეს, რეაგირება არ მოახდინოთო. თანამშრომლისგან არის გადმოცემული ეგ სიტყვა. ისეთი მდგომარეობა იყო, შეგვეძლო აღგვეკვეთა, რომ არ მომხდარიყოო ეს მკვლელობა, მაგრამ გაფრთხილებულები ვიყავით, არაფერი მოიმოქმედოთო.

- ვისური მუთოშვილსა და მურად ქავთარაშვილს მკვლელობამდე რამე შეხება ჰქონდათ ერთმანეთთან? ქავთარაშვილების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე საჯაროდ განაცხადეს, რომ მკვლელობა ჰესების მშენებლობის საკითხს და ამის ირგვლივ გვარებს შორის დაპირისპირებას არ უკავშირდება და პირადი კონფლიქტი ჰქონდათ თქვენი ახლობლის, ტარიელ მუთოშვილის ოჯახსა და მურად ქავთარაშვილს.

- ერთმანეთს იცნობდნენ, მაგრამ საერთო არაფერი ჰქონდათ. უბრალო შელაპარაკებაც კი არ ჰქონია ჩემს შვილს იმასთან. არც იმათ ჩემს შვილთან.

ჰესებთან დაკავშირებით მურადი არის იმ დაჯგუფების წინამძღოლი, ეგ იყო დაჯგუფება. შენგელი ტოხოსაშვილსაც ზუსტად ამიტომ გაუსწორდნენ.

შენგელიც ხომ წინააღმდეგია ჰესების მშენებლობის და იმასაც იმიტომ აეკიდნენ. ეგ გადარჩა სიკვდილს. მანქანა დაუმტვრიეს. შენგელი მარტო ბრუნდებოდა თბილისიდან და პანკისში მანქანის გაჩერება მოსთხოვეს. რა თქმა უნდა, ამ დაჯგუფებას ერთი ადამიანი ვერ გაუმკლავდებოდა. როგორც შეძლო, თავი აარიდა, სახლში მიდიოდა. ისე გააკეთეს, სოფელ დუმასტურში დაეწივნენ, უკანიდან მანქანა დააჯახეს და გადაჩეხეს. მანქანიდან რომ გადმოვიდა, დაიჭირეს და სცემეს.

ჩემი ბიძაშვილია შენგელის მამა, ძმების შვილები ვართ. მაშინაც ისინი მონაწილეობდნენ, ვინც მერე ჩემი შვილის მკვლელობაში.

უხუცესები ჩაერივნენ. მათი თხოვნით შენგელიმ მანქანის ზიანის ანაზღაურებას დასთანხმდა. ზარალი მურად ქავთარაშვილმა აუნაზღაურა.

შენგელის მერე კიდევ რამდენიმეს სცემეს. ვინც ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი იყო, ყველას დაერივნენ. მოთავე არის მურად ქავთარაშვილი, დანარჩენები მისი ხელქვეითები არიან.

ხელფასსაც მურად ქავთარაშვილი უხდის ყველას. საიდან უხდის და როგორ უხდის, ეგ მე არ ვიცი. ხეობამაც იცის, მაგრამ შიშით ვერ იტყვიან იმიტომ, რომ ვინც ჰესის წინააღმდეგი იყო, ყველას სცემეს, ყველას აშინებდნენ. ზოგის მოსყიდვა სცადეს, ბიჭების გადაბირებასაც ეგ ცდილობდა.

ჩემს შვილს რომ კლავდნენ, იმ მანქანაში ჩემი შვილი და გელა მუთოშვილი ისხდნენ.

იმ მანქანას მიზანმიმართულად 45 ტყვია ესროლეს. 45 ტყვია აქვს ერთ მანქანას მოხვედრილი. იცოდნენ, რომ ჩემი შვილი და გელა იმ მანქანაში ისხდნენ და ჩაცხრილვა უნდოდათ.

მანქანიდან ჩამოსვლა მოასწრეს. ბიჭებმა დაიყვირეს, ჩამოდით, ჩამოდითო, ვინც დაბლა იყვნენ. იმათ დაინახეს, რომ უმიზნებდნენ.

ჩემი შვილის მკვლელობას ხომ უყურეს, პოლიცია ხომ იქ იყო, არცერთს იარაღი არ ჩამოართვეს. პოლიციელებს ვკითხე, იარაღი ხომ არ ამოიღეთ მეთქი? როგორ არ ამოვიღეთო, ასე მითხრეს. რამდენი ამოიღეთ მეთქი და აბა, რამდენი იყოო, გვერდზე რომ იჯდა, მას ჰკითხა. 20 ავტომატი და რამდენიმე სხვადასხვა იარაღი ამოვიღეთო. სად არის ეს იარაღი მეთქი და გაფორმებული იყოო.

ჩემს შვილს სასიკვდილო ჭრილობა რომელი იარაღითაც მიაყენეს, ის არის ვახო ფარეულიძის პისტოლეტი. ვახო ფარეულიძე ქავთარაშვილების სიძეა, არბი ქავთარაშვილის და ჰყავს ცოლად. ამ არბი ქავთარაშვილმა აიღო მკვლელობა თავის თავზე, მაგრამ ჩემი შვილი ხანგოშვილების მოკლულია.

პოლიციის თვალწინ, ჩემი მეორე შვილის, ჩემი მაზლისშვილების თვალწინ. ჩვენ ქავთარაშვილებზე შური არ გვქონია, ყველამ იცოდა, რომ ხანგოშვილმა მოკლა. რატომ გზავნიან ქავთარაშვილები ჩვენთან ხალხს? მკვლელებმა უნდა გაგზავნონ შერიგებაზე ხალხი და არა სხვა გვარმა. ხანგოშვილები საერთოდ პროცესში ჩართულები არ არიან. თუ ბანდის უფროსი ის (მურად ქავთარაშვილი) არ არის, რატომ?

ვიდრე ორმოცს გადავიხდიდით, მანამდე დაიწყეს სიარული. ამ ხეობაში განა სხვა მკვლელობა არ მომხდარა, ვინც დამნაშავეა, ხეობიდან გადიან. გვარი კი არა, დამნაშავე ოჯახი გადის ხეობიდან. ერიდებიან. რაც ჩაიდინეს, იმის ეხათრებათ. ხეობიდან გასვლა კი არა, პირდაპირ ამ სოფელში მანქანებით დაგრიალებენ, ერთი მორიდება არა ჰქონია არავის. მოგვარეები, ვინც ძაან შორეულები არიან, ისინი გვერიდებიან და მოთავეები არა. ხანგოშვილებს ჩვენთან არავინ გამოუგზავნიათ, ერთი სიტყვაც არ გაუმეტებიათ ხანგოშვილებს, ქავთარაშვილები გზავნიან.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე იცავს იმ ხალხს. არც მოვერიდები, პირდაპირ ვასახელებ იმ ადამიანს. ეგ არის მაგათი მფარველი.

თუ მფარველი არ არის, ოცდაათი კაცის ჩადენილი საქმე, მოკლული ადამიანი, მარტო იძულებით 2 ადამიანი დაიჭირეს, დანარჩენები ისევ თავისუფლად დაგრიალებენ მანქანებით. არც არავინ არის დაჭერილი, არც არავინ პასუხისგებაშია მიცემული, არც იარაღის პატრონი, არც მეორე ბიჭს ტყვია ვინც მოახვედრა, ის არ გამოუძიებიათ. პოლიციის თვალწინ ამდენი იარაღით სროლა რომ მოხდა, არაფერი რეაგირება არ ყოფილა.

შენგელის რომ ავარია მოუწყეს, განა არ გაიგო პოლიციამ? გაიგო. ერთს თავი არ შეუწუხებია. ის დანარჩენი ბიჭები რომ სცემეს, განა არ იცოდნენ? მაგათ ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება არ მომხდარა. მახოს რომ სცემეს, ზაურ მუთოშვილს თავში რომ კონდახი ჩაარტყეს, რა, ეგ დაშვებულია? დასჯადი არ არის?

- ქალბატონო თამარ, თქვენი შვილი ვისური მუთოშვილი მოკლეს 2019 წლის 27 ნოემბერს. მურად ქავთარაშვილის სახლს ესროლეს 2020 წლის 29 ივლისს. ვისური მუთოშვილის მკვლელობაში ბრალდებულებს თელავის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა 24 აგვისტოს, თითქმის ერთი თვის შემდეგ ქავთარაშვილების სახლის დაცხრილვიდან. ორივე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ მიიჩნია და არბი ქავთარაშვილს 11 წლით, ხოლო რამაზ ხანგოშვილს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. თქვენი მეორე შვილი, შმაგი მუთოშვილი პოლიციაში იმავე ღამით დაიბარეს, რა დღესაც ქავთარაშვილების სახლს ესროლეს. მერე კიდევ რამდენჯერმე გამოიძახეს და 18 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს და 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ამას თქვენი მხრიდან შერიგებაზე უარს ხომ არ უკავშირებთ?

- ჩემს შვილს მურად ქავთარაშვილის მოკვლა თუ უნდოდა, მურად ქავთარაშვილმა რამდენიმე კაცი გამოგზავნა, ერთი ის, თავისი სიძე, ფარეულიძეც იყო მოსული. შემოგვითვალა, მე მოვალ, ჩაგბარდებით, მე მომკალით და გავსწორდეთო. თავისი თავი შემოგვთავაზა რამდენჯერმე. ჩემი შვილის სანაცვლოდ მურად ქავთარაშვილის მოკვლით შური არ იქნებოდა ნაძიები. ასე დააბარა ჩემმა შვილმა, ჩვენ რომ გვჭირდება, ის ორი ციხეშიაო. დღეს გვეუბნებიან, ჩვენ არ გიჩივითო. თუ ისინი არ ჩივიან, ჩვენთან რა ინტერესი აქვთ ან მთავრობას, ან სახელმწიფოს. რატომ შეუკერეს საქმე და რატომ დაიჭირეს ჩემი შვილი.

ერთი მოგვიკლეს, ის არ გვაკმარეს და მეორეს ასეთი რამე მოუხერხეს, საქმე შეუკერეს... დაულუქავი იარაღი რატომ წაიღეს სახლიდან თუ რამის გაკეთება არ უნდოდათ? რატომ არ დალუქეს?

იარაღის წაღებისას ერთ-ერთი თანამშრომელმა მითხრა, ცელოფანი არა გაქვთო? ახალი არ გვქონდა, გავედი და გამოვიტანე ნახმარი ცელოფანი. ეს ცელოფანი რომ დაინახა, მეორემ უთხრა, მაგით არ წაიღო, არ ჩაიბარებენო. ამან უპასუხა, რას არ ჩაიბარებენო და იარაღი პარკში ჩადო.

მაშინვე ვთქვი, მაგათ უნდათ, ჩემი შვილი დაიჭირონ და მერე ულტიმატუმი წაგვიყენონ, ჩვენები გამოაშვებინეთ და თქვენსასაც გამოვაშვებინებთო.

მე მაშინ მათაც ვუთხარი, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ თუ ჩემი შვილი დაიჭირეთ, ისე გავალ გარეთ. ვიდრე სამართალს არ მივაღწევ, ან მოვკვდები, ან ვიპოვი მეთქი. ამ უსამართლობას ასე არ დავტოვებ. ამდენი მუხლით... კაცი მოკლეს, ერთს 11 წელი მიუსაჯეს, მეორეს 9, თან ასაჩივრებენ. ამას საქმე შეუკერეს და 16-დან 20 წლამდე ციხე, ან უვადო პატიმრობაო.

სხვა არც გოგო გვყავს, არც ბიჭი. 5 ბავშვი ამას ჰყავს, 5 იმას, მოკლულს. 10 ბავშვი გვყავს ოჯახში. თავისი მეუღლე და ძმის მეუღლე, მოხუცი დედ-მამა. 14-ნი ვართ უპატრონოდ. ასე ხომ არ გავჩერდები? 14 ადამიანი უპატრონოდ დაგვტოვეს. დავჯდე სახლში? დაველოდო, ვიდრე მეორესაც შეიწირავენ? არ დაველოდები!

თქვენი აქედან გაყვანაც იმიტომ უნდოდათ. მთივლიშვილმა ყველაფერი სწორად დადო ჰესებზეც და ჩემს შვილთან დაკავშირებითაც მეთქი. ჩემს შვილზეც თუ არ დააკლო, არ მოუმატებია, არ გადაუჭარბებია არაფერი. ამ მთავრობის დახმარებით, იმ საბანაძის დახმარებით, ამათ რომ არ უნდათ თქვენი აქ მუშაობა, სიმართლე რომ არ თქვათ, ამიტომ უნდოდათ თქვენი აქედან გაშვება. ჩვენი სოფელი არ აპირებდა ასე ჯდომას, თქვენს წინააღმდეგ კიდევ თუ რამე იქნებოდა. მაგრამ, პირველადაც შეცდომაში შეუყვანიათ ხალხი, თორემ აქციაზე არ მოვიდოდნენ.

რედაქციისაგან: ინტერვიუში დასახელებულ პირებს კომენტარის გაკეთების სურვილი თუ ექნებათ, პანკისის სათემო რადიო მზად არის საზოგადოებას მათი პასუხებიც გააცნოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]