weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს სააპელაციო სასამართლომ 13 წელი მიუსაჯა

13:43 ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2020

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 60 წლამდე მამაკაცი 5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო და 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ ამ საქმეზე გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ რამდენიმე თვის წინ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გააუქმა.

ადვოკატმა თამარ ლუკავამ „რეგინფოს“ განუცხადა, რომ სააპელაციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

„პირველი ინსტანციის მიერ მიღებული განაჩენი აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უკანონი იყო, ვინაიდან საქმეში იყო უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც ბრალეულობა დასტურდებოდა. სასამართლომ ეს მტკიცებულებები არ გაითვალისწინა, განსაკუთრებით დაზარალებული და ასევე მოწმე ბავშვის ჩვენებები.

ბავშვები ძალიან მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრობდნენ, თუმცა სასამართლომ განაჩენში მიუთითა, რომ რადგან ისინი იყვნენ ასაკით პატარები - 5 და 7 წლის, მათ მიერ მიცემული ჩვენებები სასამართლოსთვის არასანდო იყო. სწორედ ამ საკითხზე ვდაობდით“, – ამბობს თამარ ლუკავა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 58 წლის მამაკაცი 2019 წლის ივლისში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) ჩადენაში ედებოდა, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. დაკავებული ბრალს არ აღიარებდა.

სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, 2019 წლის ზაფხულში, ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებმა 58 წლის კაცმა, იმავე ეზოში მცხოვრები 5 წლის გოგო, რომელიც თანატოლთან ერთად თამაშობდა, საძინებელში შეიყვანა, საწოლზე დააწვინა, ტანსაცმელი გახადა, თვითონაც გაიხადა და სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა. ამ მომენტში ოთახში შევიდა მეორე ბავშვი, რომელიც გოგოსთან ერთად თამაშობდა და მას ეძებდა. კაცი ბავშვებს დაემუქრა, რომ არსად არაფერი ეთქვათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს არ ყოფილა ამ გოგოს მიმართ კაცის მხრიდან ძალადობის პირველი შემთხვევა. ბავშვმა დედას მომხდარის შესახებ მოუყვა.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა საქმის განხილვა გააჭიანურა და ბრალდებული წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური, 9-თვიანი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე გირაოთი გაათავისუფლა, 2020 წლის 13 მაისს კი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა. პროკურატურა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმებოდა და ის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]