weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2020

ნაცები ბრუნდებიან, ომში ვართ! როგორ აიძულებდა „იმედის“ დირექტორი ჟურნალისტებს - ჩანაწერები

14:52 ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2020 hits 6159

„დაბალანსებული დაივიწყე რა, დაბალანსებული ნიშნავს უსუნოს, უგემოს, სტერილურს, ცუდია დაბალანსებული. ჰოდა, ეხლა შევდივართ აქტიური ომის ფაზაში. ნიკა გვარამია ყოველდღე, არამარტო ნიკა, მთელი „მთავარი არხი“ მომართულია იქითკენ, რომ მოახდინოს „იმედის“ დისკრედიტაცია, ეძახიან „ნადეჟდა“, რაღაც სისულელეებს, ფეისბუქში არის გაშლილი ფრონტი. არ შეიძლება შენ თქვა, რომ არ ხარ ფრონტის ხაზზე, როცა შენი ჯარი, მე ვარ შენი ჯარი, ჩვენ, „იმედი“ ვართ ერთი გუნდი, ჩვენ თუ ვომობთ და შენ ამბობ - „მე არ ვომობ“ - ეგ არის დეზერტირობა, მაგას ჰქვია დეზერტირობა. მთავარი არის ბრძოლა, რომ ნაციონალური მოძრაობა უკან არ მობრუნდეს, ეს არის არხის მისია. ეს ძალა ბრუნდება, თუ ჩვენ არ დავდექით, ეს ძალა ბრუნდება. რისი მეშვეობით ბრუნდება, მთავარი არხის.

ერთი მიმართულებით უნდა ვიაროთ ყველამ, ყოველ შემთხვევაში ეს ერთი წელი მაინც, ეხლა პიკს მიაღწევს ცოტა ხანში ეს დაპირისპირება რა;

არხის სარედაქციო პოლიტიკა არის, იმ დღესაც გითხარით, არა ნაცების დაბრუნებას ხელისუფლებაში;

ნებისმიერ ადამიანს, აი შლაგბაუმთან რომ დგას ბიჭი და იმედის მაიკა აცვია, იმ ბიჭიდან დაწყებული გენერალური დირექტორით დამთავრებული, ეს პრინციპი აერთიანებს, დანარჩენი მეორე ხარისხოვანია. ვაგნერის ოპერა არასოდეს დაიდგმება თელავივში და არცერთი ებრაელი არ იტყვის, რომ ჰიტლერი ცუდი კაცი კი იყო, მაგრამ კარგ ავტობანებს აგებდა.

ჩვენი იდეა არის ნაცების ყველანაირი ხელის შეშლა, მათი პოლიტიკაში მოსვლის, ეს არის ჩვენი იდეა. ნაცების, მათი განაყოფების, მათი ექსპერტების, მათი გავლენების, მათი არხების, მათი ყველგან დატოვებული მეტასტაზების, ყველაფერ ამასთან ბრძოლა.

მესამე რაიხთან ბრძოლა, როგორც ებრაელებმა მოუწყვეს, ვაგნერს არანაირი კავშირი არ ჰქონდა, პროსტა ჰიტლერს მოწონდა ვაგნერი, ვაგნერი არ იდგმება თელავივში, მორჩა, მიუხედავად იმისა, რომ გენიალური კომპოზიტორია. ჩვენ ამ მხრივ ვყოფთ პოლიტიკურ სპექტრსაც და საზოგადოებასაც.

შეიძლება ეს სუნი და გემო არ მოსწონს ადამიანს, თუ არ მოსწონს აქ არ უნდა გაჩერდეს კაცო. ზოგს ჰგონია, რომ გუდის ყველი ცუდია, ზოგს ჰგონია რომ კარგია, ზოგს ჰგონია რომ აყროლებულია, ზოგს ჰგონია რომ გადასარევი სუნი აქვს. ეგ გემოვნების ამბავია, მარა ეხლა ამ არხს აქვს მკაფიო პოლიტიკა, სარედაქციო პოლიტიკა, ვიცით საით მივდივართ, ვიცით ამ წელს როდესაც ყველაზე უფრო გამწვავებული იქნება ამ სარედაქციო პოლიტიკის რეალიზაციისას ასე ვთქვათ ფაქტორი, იმიტომ, რომ ვიცით, რომ საარჩევნო წელია და ეხლა მართლა შეიძლება მობრუნდნენ. ეს არხი ახლა მიდის ამ მიმართულებით.

ჩვენ რომ ვდგევართ დღეს ისევ იმ საფრთხის წინაშე რომ შეიძლება მობრუნდნენ, მოვიდნენ, ისევ წააქციონ და დაადონ თავზე ავტომატები, რაც აუცილებლად მოხდება მათი მობრუნების შემთხვევაში, რა თქმა უნდა ეს არის უბედურება, ეს არის ეროვნული კატასტროფა, რომ ჩვენ ვერაფერი ვერ ვქენით.

თუ არ ეთანხმები მთავარ იდეას, მაშინ ხომ შენს თავთან, შენს სინდისთან შენს რეპუტაციასთან, შენს მეგობრებთან, უბედურებაა, რომ სადღაც მუშაობ და მაშინ მარტო ფულისთვის მუშაობ ესე იგი. პროსტო არაპატიოსანი საქციელია.

ჩვენი თანამშრომლების რა, აქაურების, ბავშვების, ძალიან სერიოზული ბრძოლაა, ნაღდი ბრძოლაა რა. ამ ბრძოლაში თუ ყველა, არ მინდა მეტაფორები არ მიყვარს, თუ ყველა ბორბალი არ ტრიალებს სინქრონულად, ვერ გადიხარ ამ ბრძოლაში რა. მთელი ამხელა მონსტრის, რასაც ჰქვია იმედი, ნუ, აზრი არა აქვს რა.

ამ არხის გენეტიკურ კოდშია ბრძოლა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. კაცი მოკლეს, არხის დამფუძნებელი, ბადრი პატარკაციშვილი შეეწირა ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლას.

ამ ომში ჩართულია „დაჟე გართობა, პროდაქშენი, ნიუსზე ხომ ლაპარაკი არ არის, პოლიტიკური ტოქშოუები“ - ეს არის ამონარიდი ფარული ჩანაწერებიდან, რომელიც ასახავს ტელეკომპანია „იმედის“ ამჟამინდელ დირექტორს ნიკა ლალიაშვილსა და „იმედის“ ჰოლდინგში შემავალი ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „ბიზნესის სიახლეების“ წამყვანსა და ჟურნალისტებს შორის, 2019 წლის დეკემბერში და 2020 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში შემდგარ საუბრებს.

ტელეკომპანია „მაესტროზე“ გადაცემა „ბიზნესის სიახლეები“ ბოლოჯერ 2020 წლის 28 თებერვალს გავიდა. გადაცემის ბოლოს, წამყვანმა, ანა ცხოვრებოვამ ისაუბრა გადაცემის დახურვისა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის შესახებ.

იმავე საღამოს „მაესტროს“ გენერალურმა პროდიუსერმა, ვარლამ ავალიანმა გადაცემა „ბიზნესის სიახლების“ თანამშრომლებს, ანა ცხოვრებოვას თანდასწრებით უთხრა, რომ ნიუსრუმში მათი ადგილები სჭირდებოდა სხვა თანამშრომლებისთვის და ორშაბათიდან ოთახი უნდა დაეცალათ. ავალიანი გაღიზიანებული იყო იმით, რომ წამყვანმა ეთერში თქვა გადაცემის დახურვის მიზეზი. 18 მარტს ჟურნალისტებმა განცხადება დაწერეს სამსახურიდან წასვლის შესახებ.

ნიკოლოზ ლალიაშვილსა და „ბიზნესის სიახლეების“ ჟურნალისტებს შორის შემდგარი საუბრების ფარული ჩანაწერები საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ გაასაჯაროვა. ქარტიის საბჭომ 3 ოქტომბერს განიხილა ჟურნალისტების ანა ცხოვრებოვას, ნინო კვინტრაძის, მარიამ მჭედლიშვილის, გიგა ბენიას და ნუცა შუბაშვილის განცხადება ნიკოლოზ ლალიაშვილის წინააღმდეგ.

ჟურნალისტები დავობდნენ, რომ მათ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკოლოზ ლალიაშვილი, რამაც საბოლოო ჯამში ისინი აიძულა დაეტოვებინათ ტელეკომპანია.

ქარტიის საბჭომ ნანა ბიგანიშვილის, გელა მთივლიშვილის, ზვიად ქორიძის, ლიკა ზაკაშვილის, ნინა ხელაძისა და კამილა მამედოვას შემადგენლობით, დაადგინა, რომ დაირღვა ქარტიის მე-2 პრინციპი, რადგან ნიკოლოზ ლალიაშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას, ჟურნალისტის იძულებას, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ.

ნიკოლოზ ლალიაშვილს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც შეპასუხება წარუდგენია.

„მედიაჩეკერთან“ საუბარში ნიკოლოზ ლალიაშვილმა დაადასტურა, რომ ის ანა ცხოვრებოვას ესაუბრებოდა ბალანსზე. აზუსტებს, რომ „იმედი“ არის ომში, ეს არის ომი კონკურენტებთან და არხი არის მუდმივი თავდასხმების ქვეშ.

„იმედს“ ესხმიან თავს მისი კონკურენტი არხები, იქიდან გამომდინარე, რომ „იმედი“ რეიტინგულად გახლავთ ყველა მონაცემით პირველი არხი საქართველოში, ამას ადასტურებს NDI-ს და IRI-ს ანგარიშები. ამიტომ, ყველა ჩვენი კონკურენტი ცდილობს „იმედის“ გაშავებას, ახდენს ზეწოლას „იმედის“ ჟურნალისტებზე, სოციალური ქსელების მეშვეობით და სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, „იმედი“ არის ომში“, - ციტირებს ლალიაშვილს „მედიაჩეკერი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]