weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქსნის მე-15 დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ხელი შეუშალეს

18:17 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, ქსნის N 15 პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე აგრესიულმა პატიმარმა მის წარმომადგენლებს პატიმრებთან გასაუბრებისა და ხმის მიცემის პროცესის დაკვირვების საშუალება არ მისცა.

„საქართველოს სახალხო დამცველი არაერთი წელია აღნიშნავს, რომ საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებობს კრიმინალური სუბკულტურის პრობლემა, რაც ხშირად პატიმართა ჩაგვრისა და მათი უფლებებით სარგებლობის შეზღუდვის მიზეზია.

პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის განსაკუთრებული უარყოფითი მოვლენაა ის, რომ გარკვეული მცირე რაოდენობის გავლენიანი პატიმრები - ე.წ. „მაყურებლები“ - უზრუნველყოფენ მოჩვენებით წესრიგს დაწესებულებაში სხვა პატიმრების დაშინებითა და ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით.

ვიზიტის დასაწყისში სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები დაწესებულების ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც მათ სცადეს არჩევნებში მონაწილე მსჯავრდებულებთან გასაუბრება მსჯავრდებულების საცხოვრებელი ტერიტორიისგან განცალკევებულ ადგილზე, სადაც მოწყობილი იყო საარჩევნო უბანი, მათ მიუახლოვდა ორი მსჯავრდებული და ხმამაღალი ტონით, სხვა მსჯავრდებულების გასაგონად უთხრეს, რომ პენიტენციურ სისტემაში 2012 წლის შემდეგ ყველაფერი კარგად იყო და არაფერი შესამოწმებელი არ არის. შესაბამისად, კატეგორიულად მოსთხოვეს ვიზიტის შეწყვეტა. მცირე დროში მათ შემოუერთდა რამდენიმე მსჯავრდებული და მსჯავრდებულების მხრიდან დაძაბული საუბარი სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა რამდენიმე წუთს გრძელდებოდა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მსჯავრდებულებისთვის არ მოუწოდებიათ შეეწყვიტათ აღნიშნული ქმედება“, - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, მოვლენების ამგვარი აღწერა არ შეესაბამება რეალობას: 31 ოქტომბერს 11:25 საათზე, ქსნის N15 დაწესებულებაში საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით მივიდა სახალხო დამცველის წარმომადგენლების დელეგაცია ხუთი პირის შემადგენლობით. ომბუდსმენის წარმომადგენლები დაწესებულებაში მოწყობილი საარჩევნო უბნის შესასვლელთან იდგნენ და უბანზე მსჯავრდებულების შესვლის პროცესს აკვირდებოდნენ. ამ დროს მათ მიუახლოვდა 4-5 მსჯავრდებული და უსაყვედურეს უყურადღებობის გამო და N15 დაწესებულებაში უფრო ხშირი ვიზიტებისკენ მოუწოდეს.

ამ ნიადაგზე მსჯავრდებულებსა და ომბუდსმენის წარმომადგენლებს შორის მოხდა შეკამათება, რისი განმუხტვის მცდელობაც ჰქონდათ იქვე მყოფ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებს, თუმცა ომბუდსმენის წარმომადგელებმა დაწესებულების დირექტორისგან მოითხოვეს, რომ ადმინისტრაცია ომბუდსმენის წარმომადგენლებისა და მსჯავრდებულების ურთიერთობაში არ ჩარეულიყო და ომბუდსმენის წარმომადგენლებისთვის მსჯავრდებულებთან გასაუბრების საშუალება მიეცათ. რა თქმა უნდა, დაწესებულების ადმინისტრაცია ომბუდსმენის წარმომადგენლების მოთხოვნას დაემორჩილა, თუმცა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ახლოს იდგნენ და საჭიროების შემთხვევაში, ინციდენტში ჩარევისთვის სრულ მზადყოფნაში იყვნენ. აღსანიშნავია, რომ N15 დაწესებულების გარდა, ომბუდსმენის წარმომადგენლები საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით დღეს ასევე იმყოფებოდნენ N8 და N18 პენიტენციურ დაწესებულებებში".

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]