weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

მთავრობის დადგენილებით კომენდანტის საათის შემოღება არაკონსტიტუციურია – NGO-ები

00:06 სამშაბათი, 10 ნოემბერი 2020

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), სამართლიანი არჩევნები (ISFED), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI) მიიჩნევენ, რომ კომენდანტის საათის დაწესება მთავრობის დადგენილებით არაკონსტიტუციურია, ვინაიდან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას არ გააჩნია. 

ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავრობის ეს ნაბიჯი მიმდინარე საპროტესტო ტალღის ჩახშობის მცდელობად აღიქმება, საკუთრივ ამგვარი აკრძალვა კი არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის ეფექტურ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით 9 ნოემბრიდან შეიზღუდა დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22 საათიდან დილის 5 საათამდე პირთა გადაადგილება (როგორც ქვეითად, ასევე - სატრანსპორტო საშუალებით) და საჯარო სივრცეში ყოფნა. ამასთან, აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდა წინასაარჩევნო კამპანიაზეც (აგიტაციაზე). არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ზემოთაღნიშნული შეზღუდვა თავისი არსით კომენდანტის საათია, რომლის ფარგლებშიც ხდება გადაადგილების თავისუფლების ინტენსიური შეზღუდვა.

განსახილველი შეზღუდვის საკანონმდებლო საფუძველს ერთი შეხედვით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453-ე მუხლი წარმოადგენს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 22 მაისს დაჩქარებული წესით მიიღო, რათა საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც ჰქონოდა საფუძველი, შეეზღუდა ადამიანის მთელი რიგი უფლებები. GDI-მ ჯერ კიდევ 20 მაისს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნავდა, რომ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის მთლიანად მთავრობაზე დელეგირება, ისე რომ თავად კანონი არ განსაზღვრავს უფლების შეზღუდვის წინაპირობებსა და მასშტაბს, ეწინააღმდეგება კონტიტუციის მოთხოვნებს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებს. მიუხედავად არასამთავრობო სექტორის არაერთი მცდელობისა, საქართველოს პარლამენტს გამოესწორებინა პრობლემები, რომლებსაც აღნიშნული მუხლის მოქმედება ქმნის, მმართველ ძალას საამისო პოლიტიკური ნება არ გამოუჩენია. 

საქართველოს მთავრობის მიერ 9 ნოემბრიდან კომენდატის საათის დაწესება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453-ე მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და აღმასრულებელ ხელისუფლებას თვითნებობისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. კონსტიტუციური მოთხოვნების და საერთაშორისო სტანდარტების საპირისპიროდ, საქართველოს მთავრობამ ფაქტობრივად ჩაანაცვლა კანონმდებელი და ყოველგვარი საჯარო დისკუსიებისა და განხილვის გარეშე, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევით, შემოიღო ახალი, მაღალი ინტენსივობის შეზღუდვა.

ხაზგასასმელია, რომ კომენდანტის საათის დაწესება, მისი ინტენსივობიდან გამომდინარე, როგორც წესი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ხდება ხოლმე და მას თან ახლავს მკაცრად გაწერილი სტანდარტები და წინაპირობები. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ თავისი ბუნებით, კომენდანტის საათი ზღუდავს არა მხოლოდ გადაადგილების თავისუფლებას, არამედ უარყოფითი ეფექტი აქვს მთელ რიგ სხვა კონსტიტუციურ უფლებებზე, მათ შორის თავისუფლების ხელშეუხებლობაზე. ამ მხრივ გასათვალისწინებელია „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მეორე პუნქტი, რომლის თანახმადაც, კომენდანტის საათის დამრღვევ პირებს „დააკავებს პოლიცია ან პატრული კომენდანტის საათის დამთავრებამდე, ხოლო ვისაც თან დოკუმენტები არა აქვს, მათი პიროვნების დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს 3 დღისა; დაკავებულნი შეიძლება პირადად გაისინჯონ, აგრეთვე გაუსინჯონ ნივთები“. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონი საგანგებო მდგომარეობის არარსებობის გამო არ მოქმედებს, სავარაუდოა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ზოგადი ნორმების გამოყენებით სამართალდამცავები მიღებული აკრძალვის დარღვევისათვის შესაბამის პირებს შეუზღუდავენ თავისუფლებას, რაც ასევე არაკონსტიტუციური იქნება.

გაზაფხულზე, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დაწესებული კომენდატის საათი GDI-ს, ISFED-ის, HRC-ის და TI-ის მიერ უკვე შეფასდა უარყოფითად და არაკონსტიტუციურად. 

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პერიოდში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, აღნიშნული ზომა მაინც არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეფექტურ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას.

მეტიც, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ეს აღიქმება ხელისუფლების მცდელობად, ხელი შეუშალოს დემოკრატიულ პროცესებს და ებრძოლოს არა COVID-19-ის გავრცელებას, არამედ - იმ საპროტესტო ტალღას, რომელსაც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ვადევნებთ თვალს. ამას განსაკუთრებით მიანიშნებს ის ფაქტი, რომ კომენდანტის საათის მოქმედება გავრცელდა წინასაარჩევნო კამპანიაზეც (აგიტაციაზე), მაშინ როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული სხვა შეზღუდვებისგან გამონაკლის წარმოადგენს“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, „შეწყვიტოს არაკონსტიტუციური ღონისძიებების გამოყენება და ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად COVID-19-ით შექმნილი ეპიდსიტუაციით მანიპულირება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]