weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

DJ მიხაილოს მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენება უსამართლო მოთხოვნაა – EMC

13:43 ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2020

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) აცხადებს, რომ პრობაციის ბიუროს მოთხოვნა, მუსიკოსისა და DJ-ს მიხეილ თოდუას (მიხაილოს) მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენების თაობაზე არის დაუსაბუთებელი, უსამართლო და ეწინააღმდეგება მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნებს.

მიხეილ თოდუას საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 14:00 საათზე განიხილავს. სასამართლოში მის ინტერესებს EMC წარმოადგენს.

მიხაილოს 2013 წელს 9-წლიანი საპატიმრო სასჯელი შეეფარდა კლუბური ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის და მისი მოხმარებისთვის. ის თითქმის 6 წელი იხდიდა სასჯელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 2019 წლის ოქტომბერში კი, საპატიმრო სასჯელი შეეცვალა შინაპატიმრობით - 2 წლისა და 11 თვის ვადით. შინაპატიმრობის წესების შესაბამისად, მას დაეკისრა საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება 21:00 საათიდან 08:00 საათის ჩათვლით. სწორედ აღნიშნული ვალდებულების დარღვევის გამო მოითხოვს პრობაციის ბიურო შინაპატიმრობის გაუქმებას და მიხაილოს დაბრუნებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

EMC განმარტავს, რომ კანონმდებლობა საპატიოდ თვლის შინაპატიმრობის წესის დარღვევას, თუკი ეს გამოწვეულია სამსახურებრივი, პროფესიული, სპორტულ ანდა კულტურულ სამქიანობასთან დაკავშირებული მივლინების გამო.

„ამ შემთხვევაში დასტურდება, რომ მიხეილ თოდუა არის მუსიკოსი, მისი საქმიანობა დაკავშირებულია DJ -ს, ხმის რეჟისორისა და არტ-დირექტორის საქმიანობასთან, უმეტესად უკრავს ან ხმის რეჟისორისა თუ არტ-დირექტორის ფუნქციას ასრულებს სხვადასხვა ღონისძიების დროს. ღონისძიებების უმეტესობა ღამის საათებში ტარდება, რის გამოც მას უწევს შინაპატიმრობით დადგენილი რეჟიმის დარღვევა. თუმცა, ამ დრომდე, პრობაციის ბიუროს მიერ ყველა ღონისძიებაში მონაწილეობა მიიჩნეოდა საპატიო გარემოებად და გაუგებარია, ამჯერად რა არგუმენტით არ ჩაეთვალა მიხაილოს საცხოვრებელ სახლში არყოფნა საპატიოდ“, – აცხადებს EMC.

ორგანიზაციის თანახმად, მიხაილოს მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელება დასტურდება დამსაქმებლების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტებით, თუმცა პრობაციის ბიუროს წარდგინებაში არ ჩანს დასაბუთება, რა არგუმენტებით ჩაითვალა ეს დოკუმენტები არასაკმარისად.

„მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დაუცველობა გამოწვეულია არა თვითნებობით, მასზე დაკისრებული მოვალეობისადმი უპასუხისმგებლო, გულგრილი დამოკიდებულებით ან დადგენილი რეჟიმის დარღვევის მიზნად დასახვით, არამედ ობიექტური გარემოების არსებობით, რაც თავის მხრივ, შესაძლოა მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურებოდეს. ამ საქმიანობით მიხაილო არამარტო პროფესიულად ვითარდება, ეს საქმიანობა მისთვის არის ასევე ერთადერთი შემოსავლის წყაროც, რის გარეშეც მისთვის შეუძლებელი იქნება ყოველდღიური ეკონომიკური საჭიროებების დაკმაყოფილება“, – ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მუსიკოსის მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მოქალქეები შეიკრიბებიან. მათ მხარდაჭერისკენ თავად მიხაილომაც მოუწოდა.

„არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო და აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს და სხვებს, ვინც თვლის, რომ მხარი უნდა დამიჭირონ, მოვიდნენ. თუ სასამართლო აპირებს არასწორი გადაწყვეტილების მიღებას და აპირებს პრობაციის მიერ მოთხოვნილი უსამართლო მოთხოვნის შესრულებას, რომ ციხეში დამაბრუნონ წელიწადი და ათი თვე, იქნებ იმ ადამიანების მაინც შერცხვეს, ვინც იქ იქნება და მოუსმენს ამ გადაწყვეტილებას. ერთს ვითხოვ – მოსამართლემ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, რის საშუალებასაც იძლევა საბუთები და მდგომარეობა“, – განაცხადა მიხაილომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]