weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

წიაღით ლიცენზიის გარეშე სარგებლობის გამო ტექნიკის ჩამორთმევის სავალდებულოობა გაუქმდა

13:11 პარასკევი, 13 ნოემბერი 2020

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც წიაღით სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობისთვის სანქციის სახით ითვალისწინებდა სამართალდარღვევის იარაღის სავალდებულო კონფისკაციას და გამორიცხავდა სასამართლოს მიერ ამავე სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას.

საკონსტიტუციო სასამართლოს შპს „ბექანასმა“ მიმართა, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571 მუხლის საფუძველზე, წიაღით სათანადო ლიცენზიის გარეშე სარგებლობისათვის ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. კომპანიას აგრეთვე განესაზღვრა სამართალდარღვევის ჩასადენად გამოყენებული იარაღის − ტრაქტორის კონფისკაცია. მოსარჩელის მითითებით, ტრაქტორის ღირებულება 54 650 აშშ დოლარი იყო. სასამართლოს დადგენილება უცვლელი დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.

საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელე კომპანიამ სათანადო ლიცენზიის გარეშე 1 კუბური მეტრი ქვიშა მოიპოვა, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 0.2 ლარს, ხოლო გარემოსთვის მიყენებული ზიანის ჯამური ოდენობა − 201 ლარს, საიდანაც 200 ლარი სალიცენზიო მოსაკრებლის ღირებულება იყო, ხოლო გარემოსთვის მიყენებული ზიანის წმინდა ოდენობა 1 ლარს შეადგენდა.

„განსახილველ საქმეში, მოსარჩელის მიერ გარემოსათვის მიყენებული ზიანი, ოფიციალურად, 20 თეთრად იქნა შეფასებული, მაშინ, როდესაც მოსარჩელისათვის ჩამორთმეული იარაღის − სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტრანსპორტის (ტრაქტორის) ღირებულება, მოსარჩელის მითითებით, შეადგენს 54 650 აშშ დოლარს. შესაბამისად, სამართალდამრღვევისათვის ჩამორთმეული ქონების ღირებულებასა და მის მიერ გარემოსათვის მიყენებული ზიანის სიდიდეს შორის შეიძლება არსებობდეს ისეთი სერიოზული დისპროპორცია, რომ ზიანის სიმცირის გათვალისწინებით, გაუმართლებელი და უსამართლო აღმოჩნდეს სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევა.

ასე რომ, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის სანქციის სავალდებულოობა ყოველთვის არ იძლევა სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას“, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლო განმარტავს, რომ სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციის სახით სანქციის სავალდებულოდ დაკისრება შეუთავსებელია კონსტიტუციურსამართლებრივად დამკვიდრებულ და უზრუნველყოფილ სანქციის ინდივიდუალიზაციის პრინციპთან, რამდენადაც ამგვარი სანქცია გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას, დავის სამართლებრივი შედეგები განსაზღვროს თითოეული საქმის ფაქტებისა და ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.

საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსამართლისათვის ადმინისტრაციული სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობის მინიჭებით, არ წარმოიშობა რაიმე საფრთხე ბუნებრივი გარემოსა და რესურსებით რაციონალური სარგებლობისათვის.

„სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობა სწორედ იმას გულისხმობს, რომ მოსამართლემ თავად გადაწყვიტოს, გამართლებულია თუ არა შესაბამის შემთხვევაში სამართალდარღვევის იარაღის ჩამორთმევა. ამგვარად, სანქციის ინდივიდუალიზაციის მექანიზმი არ გამორიცხავს აღნიშნული ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას, როდესაც ეს მართლაც აუცილებელია და არც არსებითად ამცირებს მის პრევენციულ თუ რეპრესიულ ფუნქციებს“, – განმარტა საკონსტიტუციო სასამართლომ.

არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.

საქმეზე „შპს „ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო, რომლის შემადგენლობაშიც არიან მოსამართლეები: გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]