„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის, გია გვილავას განცხადებით, ისაუბრეს ყველა გახმაურებულ საქმეზე და, ასევე, ხელისუფლების ყველა შტოზე არაფორმალური მმართველობის გავლენის შესახებ.
„არჩევნები განსახილველი თემა არ ყოფილა. მხოლოდ სასამართლოზე იყო საუბარი და იმ მდგომარეობაზე, რაც გვაქვს სისტემაში. გარდა სისტემური პრობლემებისა, კონკრეტულ საქმეებზე იყო საუბარი, რომელიც მოვახსენეთ სახელმწიფო მდივანს – ეს იყო კარტოგრაფების საქმე, ანაკლიის პორტის საქმე, „ფილიპ მორისის“ საქმე, სადაც, სავარაუდოდ, ძალიან დიდი მასშტაბის კორუფცია იყო და ის ხალხი, ვინც ამ საქმეების შემოქმედია, რა მეთოდებით წინაურდებიან და როგორ ინიშნებიან სისტემაში.
ორი კონტექსტი იყო, ერთი – სასამართლო როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი ხელისუფლების ხელში და მეორე – სასამართლო, სადაც შეინიშნება კორუფციის პატარა ტენდენციები, მაგრამ ეს არის სურათი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. შეიძლება იყოს ძალიან დიდი პრობლემა“, – განაცხადა გია გვილავამ.
მისივე თქმით, ის, ფაქტი, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე ადამიანებს შეხვდა, ნიშნავს, რომ აშშ-ს ყველაზე მეტად სასამართლო ადარდებს.
„სასამართლო არის ამ ქვეყნის სირცხვილი გარეთ, იმიტომ, რომ ისეთი ცუდები არიან, რომ გვარცხვენენ. ისიც ვუთხარით, რომ სასამართლო სისტემაში ყველა ცუდი ადამიანი არ არის. კარგი მოსამართლეები არსებობენ. თუ ხმას ამოიღებენ, კარგი იქნება, თუ არადა, სულ ასეთი ცუდი რაღაცების ლაპარაკი მოგვიწევს.
მან კითხვა დასვა სასამართლოში არსებული კლანის შესახებ. როგორც ჩანს, კარგად არის ინფორმირებული და სჯერა, რომ კლანი არსებობს. ეს ძალიან ცუდი ამბავია მიხეილ ჩინჩალაძისთვის. ჩვენთვის ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ გავაძლიეროთ ადვოკატირება“, – აღნიშნა გვილავამ ჟურნალისტებთან.
ჟურნალისტის კითხვაზე – სახელმწიფო მდივანმა ზუსტად ასე დასვა თუ არა საკითხი – გვილავამ განაცხადა: „კლანი“ იყო. ჩვენ ასე მოვიხსენიებთ და მეორე უფრო ისეთი ფორმაა „გავლენიანი ჯგუფი“ სასამართლო სისტემაში, რომელსაც მოიხსენიებენ კლანად“.
„ღია საზოგადოების ფონდის“ წარმომადგენლის, სოფო ასათიანის განცხადებით, შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარიც გაჟღერდა.
„ჩვენ ვისაუბრეთ სასამართლო ხელისუფლებაზე, იქ არსებულ გამოწვევებზე, კლანზე, რომელიც სასამართლოს უკვე ყველა ინსტანციას აკონტროლებს. ვთხოვეთ, აშშ-ის ხელისუფლებას და საელჩოს, რომ უფრო აქტიური როლი ჰქონდეთ სასამართლო ხელისუფლების ცვლილებაში.
სასამართლო ხელისუფლების კლანის ქვეშ ყოფნა პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკური ხელისუფლების ნებას. ჩვენ მას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ქვეყანაში არ არის პოლიტიკური ნება, ინსტიტუცია იყოს დამოუკიდებელი, იმიტომ, რომ გვაქვს სახელმწიფოს მიტაცების ნიშნები.
ბიძინა ივანიშვილის სახელი გაჟღერდა, როგორც პირის, რომელიც მართავს „ქართულ ოცნებას“, პირის, რომელსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს ამ პარტიაში, როგორც ადამიანის, რომლის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სასამართლო ხელისუფლება რჩება კლანის მმართველობის ქვეშ. სახელმწიფოს მიტაცებაზე ვისაუბრეთ, ტერმინი „არაფორმალური მმართველი“ არ გამოყენებულა“, – განაცხადა სოფო ასათიანმა.
სამოქალაქო სექტორთან მაიკ პომპეოს შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომაც. საელჩოს ცნობით, სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში.
„თუმცა, ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა მხარდაჭერის გასაგრძელებლად. შეხვედრაში ჩართული იყო საქართველოში მოღვაწე მრავალი პროფესიონალური არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილი, მათ შორის: საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიის ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, უფლებები საქართველო და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, – აცხადებს საელჩო.