weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

48 საათით ადმინისტრაციული დაკავება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

01:33 ოთხშაბათი, 30 დეკემბერი 2020

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო ნორმა, რომლის მიხედვითაც, თუკი ადამიანის დაკავების 12 საათიანი ვადა ემთხვევა სასამართლოს არასამუშაო დროს, ასეთი ადამიანის დაკავება 48 საათის განმავლობაში გრძელდება.

სადავო ნორმის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის მე-2 ნაწილი) თანახმად, თუკი დაკავების პირველი 12 საათი ემთხვეოდა სამუშაო დროს, ასეთი პირის ადმინისტრაციული დაკავება არ შეიძლება გაგრძელდეს 12 საათზე მეტხანს, ხოლო თუკი პირის დაკავებიდან 12 საათი გადის სასამართლოს არასამუშაო დროს, ასეთი ადამიანის დაკავების ვადა გრძელდება 48 საათის (ორი დღე-ღამე) განმავლობაში.

„გასაჩივრებული ნორმა არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებდა იმ პირებს, ვისი ადმინისტრაციული დაკავების 12 საათი გადიოდა არასამუშაო დროს. ასეთი პირები 2 დღით მეტს ატარებდნენ პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში, ვიდრე ის პირები, რომელთა ადმინისტრაციული დაკავების 12 საათიანი ვადა მთავრდებოდა სასამართლოს სამუშაო დროს. საკონსტიტუციო სასამართლომ ამგვარი განსხვავებული მოპყრობა გაუმართლებლად და შესაბამისად, დისკრიმინაციულად მიიჩნია.

სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის ნორმა, რომლითაც გათვალისწინებული იყო 48 საათით ადამიანის ადმინისტრაციული დაკავების შესაძლებლობა.

საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მოიყვანა შემდეგი მაგალითი იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ იყო განსხვავებული მოპყრობა არაგონივრული: ადამიანი რომელიც დააკავეს 2020 წლის 29 დეკემბერს 23 საათზე, სასამართლოს წარედგინება და ადმინისტრაციული დაკავებიდან თავისუფლდება მეორე დღეს, 2020 წლის 30 დეკემბრის დილის 11 საათზე, ხოლო თუკი ადამიანი დააკავეს 5 საათით ადრე ანუ 2020 წლის 29 დეკემბრის 18 საათზე, ადმინისტრაციულ დაკავებაში იმყოფება ორი დღის განმავლობაში და სასამართლოს შეიძლება წარედგინოს მესამე დღეს, 2020 წლის 31 დეკემბერს საღამოს 18 საათამდე, უფრო გვიან, ვიდრე მასზე 5 საათით გვიან დაკავებული“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა გადაავადა 2021 წლის პირველ ივნისამდე, იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტმა დაადგინოს უფრო მცირე ადმინისტრაციული დაკავების ვადა იმ პირებისათვის, ვისი დაკავების 12 საათი იწურება სასამართლოს არასამუშაო დროს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]