ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის მიერ ჯერ კიდევ 2020 წელს მომზადდა სპეციალური ანგარიში, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებების მართვის მოდელი დაფუძნებულია პატიმართა არაფორმალურ იერარქიაზე, სადაც ე.წ. ციხის მაყურებლები ციხეებში უზრუნველყოფენ მოჩვენებით წესრიგს, რაც „მიზნად ისახავს პატიმართა გაჩუმებას და მათთვის პრობლემებზე საუბრის აკრძალვას“.
„ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა სახალხო დამცველზე საჯარო თავდასხმები და უკანონო ქმედებები იუსტიციის მინისტრის და პენიტენციური სამსახურის მხრიდან, რაც დასრულდა იმით, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებისათვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებისა და მონიტორინგის განხორციელება არა მარტო გართულდა, არამედ უკვე საფრთხის შემცველი გახდა.
კერძოდ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. ციხის მაყურებლების მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას.
ამ უკანონო ქმედებების მიზანია პატიმრებთან ჩვენი კომუნიკაციის და ციხის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელების ხელშეშლა“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.
მისი თქმით, მსგავს შემთხვევებს ადგილი ჰქონდა 2020 წლის 31 ოქტომბერს და ასევე, 2021 წლის 14 იანვარს, ქსნის მე-15 დაწესებულებაში, სადაც პატიმართა კონკრეტულმა ჯგუფმა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს არ მისცა ჯერ საარჩევნო უფლების რეალიზაციის პროცესზე დაკვირვების, შემდეგ კი დაწესებულების ექიმთან გასაუბრების საშუალება.
„ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც N15 დაწესებულების ერთ-ერთი პატიმარი, რამდენიმე დღის წინ, კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაიცვალა და არაერთი პატიმრის ოჯახის წევრმა ჩვენ მოგვმართა პატიმრების მონახულების და სიტუაციის მონიტორინგის თხოვნით.
2020 წლის 4 დეკემბერს და 2021 წლის 13 იანვარს გლდანის მე-8 დაწესებულებაში ერთი და იგივე პატიმარი დაემუქრა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს და ციხეში ვიზიტის შეწყვეტა მოსთხოვა.
აღსანიშნავია, რომ N8 დაწესებულება არის დახურული ტიპის ციხე და ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული პატიმარი ყოველთვის მაშინ გადაადგილდებოდა ციხის კონკრეტულ ტერიტორიაზე, როდესაც ჩვენი წარმომადგენლები დაწესებულებაში ვიზიტს ახორციელებდნენ. ასევე, რუსთავის N17 დაწესებულებაში 2021 წლის 13 იანვარს სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან აგრესიულად იქცეოდა პატიმართა კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ასევე მოითხოვდა, რომ სახალხო დამცველს შეეწყვიტა ვიზიტები, ვინაიდან ციხეში ყველაფერი იყო ძალიან კარგად“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
ნინო ლომჯარიას თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მისი აპარატის თანამშრომლებს ექმნებათ რეალური საფრთხე, განიხილება მონიტორინგის ვიზიტების მხოლოდ დამატებით უსაფრთხოების ზომების პირობებში განხორციელების საკითხი, რაც, სახალხო დამცველის შეფასებით, დააბრკოლებს პატიმართა უფლებების ეფექტიანად დაცვას.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის გავლენაა ისიც, რომ წლიდან წლამდე მცირდება ციხეებიდან სახალხო დამცველთან შესული მიმართვებისა და განცხადებების რაოდენობა.
„ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის გავლენით პატიმართა უამრავი პრობლემა ჩვენამდე არ მოდის და არ ხმაურდება. დღეს უკვე ჩვენ ხელს გვიშლიან იმაში, რომ პროაქტიურად მივიდეთ, ადგილზე დავაკვირდეთ მოვლენებს და გავესაუბროთ იმ პატიმრებს, რომელთა პრობლემები და წუხილები ჩვენამდე არ მოდის ციხის ადმინისტრაციების მიერ მხარდაჭერილი კრიმინალური სუბკულტურის გავლენით.
შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მივმართავ საქართველოს მთავრობას, მიიღოს მყისიერი ზომები ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის მართვის მოდელის შესაცვლელად;
მივმართავ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, დაუყოვნებლივ დააყენოს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის და შესაბამისი პენიტენციური დაწესებულებების დირექტორების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
მივმართავ საქართველოს პარლამენტს, მოახდინოს საპარლამენტო ზედამხედველობის გამოყენებით ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებების მართვის უკანონო მოდელის შესწავლა, რათა ყველა პატიმარს ჰქონდეს მათ პრობლემებზე და უფლებების დარღვევებზე შესაბამისი ორგანიზაციებისთვის და დაწესებულებებისთვის მიმართვის შესაძლებლობა.
მივმართავ საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სახალხო დამცველის საქმიანობის ხელის შეშლისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი აპირებს, რომ ციხეებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდოს საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტს.