weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთის მიერ რომელი მუხლების დარღვევა დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ

15:50 ხუთშაბათი, 21 იანვარი 2021
ფოტოზე - გოჩა ლორთქიფანიძე ფოტოზე - გოჩა ლორთქიფანიძე

„საქართველომ გაიმარჯვა 12-წლიან სახელმწიფოთაშორის დავაში „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ რუსეთმა 2008 წლის ომის პერიოდში დაარღვია კონვენციის არაერთი მუხლი“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ლორთქიფანიძის თქმით, გადაწყვეტილება, რომელიც არ საჩივრდება, სასამართლოს დიდმა პალატა 17 მოსამართლის შემადგენლობით მიიღო და დაადგინა, რომ რუსეთი ახორციელებდა ცხინვალის რეგიონზე ეფექტურ კონტროლს და აქედან გამომდინარე, მას ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის უფლებების დარღვევისთვის.

„შესაბამისად, სასამართლომ დაადასტურდა საქართველოს მოთხოვნა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამასთან ერთად, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევა დაადგინა:

„წამების აკრძალვა (მე-3 მუხლი):

სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქლაქო პირების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის. კერძოდ, სასამართლომ მიიჩნია დადგენილად, რომ რუსეთი პასუხისმგებელია, როგორც ქართველი სამხედრო ტყვეების წამებისთვის, ასევე დაახლოებით 160 ქართველი სამოქალაქო პირის დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყორბისთვის.

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი):

რუსეთის სამხედრო ძალებისა და მის მიერ კონტროლირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებამ აგრეთვე გამოიწვია ამ მუხლის დარღვევა.

მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი) და საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი):

ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის არგუმენტები რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ცხინვალის რეგიონსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მიზანმიმართულად ქართული სოფლების გადაწვის, ძარცვისა და განადგურებისათვის. ამგვარი ეთნიკური წმენდის შედეგად და განგრძობადი ოკუპაციის პირობებში, ათასობით ქართველო გამოძვებული იქნა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან და მათ დღემდე ეზღუდებათ მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრებით სარგებლობისა და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება.

სიცოცხლის უფლება(მე-2 მუხლი):

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია სიცოცხლის უფლების პროცედურული ნაწილის დარღვევისთვის, რადგან არ გამოიძია ომის პერიოდში და მის შემდეგ საქართველოს მოსახლეობის მკვლელობები. აღნიშნული მკვლელობების გამოძიებაზე, აღსრულების ეტაპზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს ზედამხედველობას.

38-ე მუხლის დარღვევა:

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონენციის 38-ე მუხლი დარღვეულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რაც ეხება სასამართლოსთან თანამშრომლობის ვალდებულებას. საქართველოს სახელმწიფოსგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაციამ არ ითანამშრომლა ევროპულ სასმართლოსთან და არ წარადგინა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები აქტიურ საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით, რაც სასამართლოს დაეხმარებოდა საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ფაქტების დადგენაში“.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ზიანის ანაზღაურების საკითხი ცალკე გადაწყდება და ამისთვის, საქართველოსა და რუსეთს პოზიციების წარსადგენად ერთი წელი აქვთ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო რუსეთს კონვენციის კიდევ ორი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა: განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი) და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]