weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

ახალგორში თამარ მეარაყიშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებენ

15:33 ხუთშაბათი, 17 აგვისტო 2017

სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელიც 16 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მილიციამ დააკავა, აცხადებს, რომ ცილისწამებაშია ბრალდებული. „ეხო კავკაზა“-სთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურა მმართველი პარტია „ერთიანი ოსეთის“ წევრის, სპარტაკ დრიაევის მიმართ ცილისწამებას ედავება. 

საქმე ეხება 27 აპრილს, „ეხო კავკაზა“-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც თამარ მეარაყიშვილი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ანატოლი ბიბილოვის მომხრეების მიერ თანამდებობების დაკავებაზე საუბრობს. მეარაყიშვილის აზრით, ბიბილოვის მხარდამჭერები ყოფილი ე.წ. პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის კადრების მასობრივი გათავისუფლებების მოლოდინში ღიად და მოურიდებლად ცდილობდნენ ამა თუ იმ სამსახურის თანამშრომლის უფლებამოსილების განხორციელებას. ერთ-ერთი ვინც ამ განცხადებით თავი შეურაცხყოფილად იგრძნო სპარტაკ დრიაევია, რომელიც იმ პერიოდში ადგილობრივი სატყეო სამსახურის უფროსად დაინიშნა. მან პატივისა და ღირსების დასაცავად პროკურატურას მიმართა. 

მეარაყიშვილის თქმით, გუშინდელი დაკითხვის დროს გამომძიებლებმა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს და ღიად დაემუქრნენ. 

„ეს დაკითხვა არ იყო. პროკურატურის ორი გამომძიებელი მემუქრებოდა, მამცირებდა. მეუბნებოდნენ, რომ ცუდად დავამთავრებ“, - ამბობს თამარ მეარაყიშვილი. 

როგორც ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ამ დროისთვის ახალგორში, საკუთარ სახლში იმყოფება და ადვოკატს ეძებს, რომელთან ერთადაც ხვალ პროკურატურაში უნდა გამოცხადდეს. 

თამარ მეარაყიშვილი გუშინ, 16 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე დააკავეს, როდესაც თბილისიდან ახალგორში დაბრუნდა. დაკავების მომენტში მისთვის თავისუფლების შეზღუდვის მიზეზი არ განუმარტავთ. რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ ის გაათავისუფლეს. 

მეარაყიშვილის დაკავებას გუშინვე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ სამოქალაქო აქტივისტის დაკავება უნდა შეფასდეს, როგორც მისი იძულება სამუდამოდ დატოვოს ახალგორი. დღეს კი მომხდართან დაკავშირებით კომენტარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია. 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებები არ ირღვეოდეს ასე უხეშად ამ ტერიტორიებზე და სწორედ ამიტომ, ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტები ამოქმედდეს. თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული მის მიმართ დევნის შეწყვეტის მიმართულებით მუშაობაში“,- აღნიშნა ციხელაშვილმა. 

თამარ მეარაყიშვილმა ბოლო პერიოდში უკვე რამდენჯერმე განაცხადა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პროკურატურის მხრიდან ზეწოლის შესახებ, რაც მის სამოქალაქო აქტიურობას უკავშირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]