weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსუდან გოცირიძე და EMC პანდემიის დროს დაწესებული სანქციების კონსტიტუციურობაზე დავობენ

18:07 შაბათი, 27 მარტი 2021

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს მკაცრ სანქციებს იზოლაციისა და კარანტინის წესის ან/და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის.

მოსარჩელე ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძეა. მის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) იცავს.

2020 წლის ნოემბერში, რუსუდან გოცირიძე პოლიციამ 2000 ლარით დააჯარიმა ღამის საათებში გადაადგილების გამო, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მის სახელზე გაცემულ საშვში მითითებული არ იყო გადაადგილების ტერიტორია.

„სადავო ნორმები ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ან/და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იზოლაციისა და კარანტინის ან/და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, თუმცა ბუნდოვანია, თუ კონკრეტულად რა რეგულაციებს მოიცავს იზოლაციისა და კარანტინის წესი ან/და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონი იზოლაციისა და კარანტინის წესის დადგენის შეუზღუდავ უფლებამოსილებას ანიჭებს საქართველოს მთავრობას, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი კი თავისთავად უკავშირდება წინასწარ განუსაზღვრელ, არაორდინალურ გარემოებებს. შესაბამისად, ორივე შემთხვეში, კანონმდებელი განსაზღვრავს პასუხისმგებლობის ბუნდოვან საფუძველს, მისი შინაარსისა და ფარგლების დაზუსტების გარეშე. აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ქმედების დასჯადად გამოცხადება ექსკლუზიურად კანონმდებლის კომპეტენციაა.

გარდა ამისა, სადაო ნორმების საფუძველზე, პირს იზოლაციისა და კარანტინის წესის ან/და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, მათ შორის 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთაც კი.

სადაო ნორმები ითვალისწინებს პირისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას იზოლაციისა და კარანტინის წესის ან/და საგანგებო მდგომარეობის ნებისმიერი დარღვევისათვის, იმ პირობებში, როდესაც განუსაზღვრელია შეზღუდვების შინაარსი. შესაბამისად, ქმედების დასჯადად გამოცხადება ხდება მისი საშიშროების ხარისხის გაუთვალისწინებლად. სადაო ნორმების საფუძველზე, პირს შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს ისეთი უმნიშვნელო დარღვევისათვისაც კი, რომელიც არ შეიცავს სხვისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს. შესაბამისად, პირის დასჯა ემსახურება ზოგადი პრევენციის მიზანს, რაც მის ინსტრუმენტალიზებას იწვევს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ღირსების ხელშეუვალობისა და არაჰუმანური სასჯელის აკრძალვის პრინციპებს

კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიება, რომელიც იზოლაციისა და კარანტინის წესის ან/და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ანიჭებს პირის შესაბამის სივრცეში გადაყვანის უფლებამოსილებას. სადაო ნორმა ერთის მხრივ ქმნის ადამიანის თავისუფლების უფლებაში ჩარევის ბუნდოვან და განუსაზღვრელ საფუძველს, მეორეს მხრივ კი, პირის თავისუფლების უფლების შეზღუდვას უშვებს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ თავისუფლების უფლებას.

გარდა ამისა, გასაჩვრებულია ნორმები, რომელიც პირისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლებამოსილებას ანიჭებს შინაგან საქმეთა ორგანოებს და არა სასამართლოს. იზოლაციისა და კარანტინის წესის ან/და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა თავისი ბუნებითა და შინაარსით სისხლისსამართლებრივი ხასიათისაა, რადგან, ითვალისწინებს რეპრესიულ სანქციებს, ქმედების განმეორებით ჩადენისათვის კი ქმნის სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაკსირების საფუძველს. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, პირს პასუხისმგებლობა შესაძლოა დაეკისროს მხოლოდ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე და არა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ“, – აცხადებს EMC.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2021 წლის 11 თებერვალს მიიღო გადაწყვეტილება პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით და კონსტიტუციურად მიიჩნია პარლამენტის მიერ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე უფლებების შეზღუდვის ფართო უფლებამოსილების გადანდობა. ამის მიუხედავად, EMC იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო მათ სარჩელთან მიმართებით მხედველობაში მიიღებს პირის თავისუფლების შეზღუდვის განსაკუთრებულ ინტენსიურობას, სანქციების რეპრესიულობას და განახორციელებს პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების სათანადო კონსტიტუციურ კონტროლს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]