weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნამოხვანში პოლიციის მიერ მონიშნული „საზღვრის“ დარღვევისთვის აქტივისტი დააკავეს

23:06 პარასკევი, 09 აპრილი 2021
ფოტოზე ლაშა ქუთათელაძე / ფოტო - სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის ფოტოზე ლაშა ქუთათელაძე / ფოტო - სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტი ლაშა ქუთათელაძე დააკავეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ქუთათელაძე წყალტუბოდან ნამოხვანში ქუთაისი-ალპანას საავტომობილო გზით ბრუნდებოდა, მშენებარე რკინის ხიდთან ის პოლიციამ გააჩერა და უთხრა, რომ მას გადაადგილების უფლება არ ჰქონდა.

ლაშა ქუთათელაძე და მასთან ერთად მყოფი კიდევ ორი პირი თავდაპირველად ოფურჩხეთის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, საიდანაც მისი თანმხლები პირები გაფრთხილებით გაუშვეს, ქუთათელაძეს კი პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან და დააკავეს. პოლიციელების თქმით, ის ნამოხვანში გადაპარვას ცდილობდა. ქუთათელაძე ქუთაისში დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მისი სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ორჯერ დავუკავშირდით იმის დასაზუსტებლად, რატომ და რის საფუძველზე დააკავეს ლაშა ქუთათელაძე. სამინისტროდან ინფორმაცია ჯერ ვერ მივიღეთ.

კომპანია "ენკა რინიუებლზმა" რიონის ხეობაში ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები 3 აპრილს განაახლა, რამდენიმე კვირით ადრე გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად. მათ შორის, ადგილობრივ მცხოვრებლებს და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს ნამახვანჰესის მშენებლობაზე გაცემული ნებართვები ერთი წელია სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული და მის გაუქმებას ითხოვენ, თუმცა კომპანია არ იცდის. "ენკა რინიუებლზმა" სამუშაოების ნაწილი რამდენიმე თვის განმავლობაში უკანონოდ შეასრულა.

3 აპრილის შემდეგ რიონის ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია. პოლიციას ხეობის შესასვლელსა და გასასვლელში პოსტები აქვს მოწყობილი, ყველა მოქალაქეს ამოწმებენ და მხოლოდ მათ აძლევენ გადაადგილების უფლებას, ვისაც ნამახვანჰესის წინააღმდეგ დაწყებულ მოძრაობასთან კავშირი არ აქვს.

პოლიცია გადაადგილების უფლებას უზღუდავს იმ ადგილობრივ მცხოვრებლებსა და აქტივისტებსაც, რომლებიც 165 დღეზე მეტია ნამოხვანში უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ და ღამეებს კარვებში ათევენ. მათ სასმელი წყლის მოტანისას და საკვები პროდუქტებით მომარაგების დროსაც პრობლემებს უქმნიან. 

4 აპრილს, პოლიციელებმა, რიონის ხეობაში სოფელ ზარათში სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს მირიან მაღლაფერიძე, რომელსაც მეზობელ სოფელში პურის ყიდვა სურდა. პოლიციის ხელმძღვანელ პირს არ მოეწონა მაღლაფერიძის ნათქვამი, რადგან მას არ უშვებდნენ მაღაზიაში, თუ შეიძლებოდა ეყიდათ პური და მიეტანათ მისთვის. მტკიცებულებების არქონის მიუხედავად, ქუთაისის სასამართლომ დაკავებული 1000 ლარით დააჯარიმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო რიონის ხეობაში გადაადგილების შეზღუდვას მოსალოდნელი საფრთხეებისა და სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილებით განმარტავს. სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელიც რიონის ხეობაში გუშინ იმყოფებოდა და აქტივისტებს შეხვდა, განაცხადა, რომ გადაადგილების შეზღუდვა არაპროპორციულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს, თუმცა 3-4 აპრილს, სოფელ ნამოხვანში ინტერნეტიც ჩაახშეს. ამისათვის შსს-მ სოფელ საკირეში სპეციალური ავტომობილი განათავსა. სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს ავტომობილი მხოლოდ პოლიციელებს შორის გამართულ რადიოკავშირს უზრუნველყოფდა, თუმცა 3 აპრილს, მთელი დღის განმავლობაში და 4 აპრილს დღის პირველ ნახევარში, ნამოხვანში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყო. ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა 7 თებერვალსაც. ზუსტად ამ დღესაც აქტივისტებს ნამოხვანში აქციის გამართვა ჰქონდათ დაგეგმილი. ნამოხვანში მხოლოდ "მაგთიკომი" მუშაობს. კომპანიამ უარყო მათი მხრიდან 3-4 აპრილს რაიმე შეზღუდვები ან სამუშაოები, რასაც შეიძლებოდა ინტერნეტის გათიშვა გამოეწვია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]