weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში მეჩეთის აშენებაზე მერიის უარი სააპელაციო სასამართლომაც დისკრიმინაციულად ცნო

12:57 სამშაბათი, 13 აპრილი 2021
jam-news-ის ფოტო / ლოცვა ორთა ჯამეს გარეთ jam-news-ის ფოტო / ლოცვა ორთა ჯამეს გარეთ

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ბათუმის მერიის უარი დისკრიმინაციული და უკანონოდ იქნა მიჩნეული.

„სასამართლომ გაიზიარა მოსაზრება, რომ ბათუმის მერიამ უკანონო და დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო მუსლიმების მიმართ და მშენებლობის პირველ სტადიაზე ნათქვამი უარი უსამართლო იყო. ეს არის მუსლიმი თემის წლების განმავლობაში ბრძოლის და ქვემოდან უნიკალური თვითორგანიზების შედეგი,“ – განაცხადა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ წარმომადგენელმა, თამთა მიქელაძემ დღეს, სააპელაციო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ.

„ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის“ ინტერესებს სასამართლოში „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC) და ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) იცავენ.  

2019 წლის 30 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ბათუმის მერიის უარი დისკრიმინაციულად და უკანონოდ მიიჩნია. ამასთან, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, რომელიც დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრის მიზნით, ბათუმის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ სპეციალური (ზონალური) შეთანხმებისა და მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ აქტების გამოცემის დავალდებულებას უკავშირდებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საკითხის გადაწყვეტა მერიის დისკრეციულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება და მერიას ხელახლა უნდა ემსჯელა სადავო აქტების გამოცემასთან დაკავშირებით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბათუმის მერიამ გაასაჩივრა და მისი სრულად გაუქმება მოითხოვა. სააპელაციო საჩივარი წარადგინა „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმაც“. ფონდის მოთხოვნა იყო, ბათუმის მერიას შესაბამისი აქტების გამოცემის ვალდებულება დაკისრებოდა.

ააიპ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი“ 2016 წლის ივნისში ადგილობრივმა მუსლიმმა თემმა დააფუძნა და დაიწყო თანხის შეგროვება ახალი მეჩეთისთვის მიწის შესაძენად. 2016 წლის 7 სექტემბერს ფონდმა ადგილობრივი მუსლიმების შემოწირულობებით ბათუმში მიწა შეიძინა. ფონდმა ბათუმის მერიას ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე 2017 წლის 8 თებერვალს მიმართა, რაზეც უარი მიიღო. იმავე წელს, „ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ მერიის უარი სასამართლოში გაასაჩივრა.

ფონდის მტკიცებით, ერთი მეჩეთის (ორთა ჯამე) არსებობის პირობებში, მუსლიმი თემისთვის არასაკმარისია სალოცავი სივრცე, რის გამოც, ისინი წლების განმავლობაში იძულებული არიან ღია ცის ქვეშ ილოცონ და ხელი ეშლებათ რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილ სარგებლობაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]