„სავარაუდოდ დაპირისპირება ვიღაც უცნობებსა და ამ დაკავებულებს შორის იყო. მხოლოდ ამ პირების დაკავება მოხდა და სხვების არა. ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები. აღნიშნული მუხლები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. როგორც დაკავებულები განმარტავენ, ფიზიკურ დაზიანებებს აქვს ადგილი. მათი თქმით, სამ ტრანსგენდერ ადამიანთან ერთად იმყოფებოდნენ, სწორედ ამ ფონზე განხორციელდა შეხლა-შემოხლა. დაპირისპირების მოტივად ამას ასახელებენ“- აღნიშნავს ანა მდინარაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, საქმე ბათუმის ბულვარში, დილით მომხდარ ჩხუბს ეხება, რომელშიც აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ. სამინისტროს განცხადებით, ადგილზე პოლიციელების მისვლის შემდეგ ეს პირები განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ, არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც ისინი დააკავეს.
რაც შეეხება პოლიციელების მხრიდან უფლებამოვალეობების შესაძლო გადამეტებას, სამინისტროში აცხადებენ, რომ საკიხს გენერალური ინსპექცია სწავლობს.