როგორც ორგანიზაცია აცხადებს, შოკირებული არიან ბავშვთა წამების და მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით. მათი თქმით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აღწერს შემაძრწუნებელ პრაქტიკებს, მათ შორის, უკანონო სქესობრივ ურთიერთობას, საკვებზე წვდომის შეზღუდვას და ბავშვების სისტემატურ ცემას.
IRCT-ის დირექტორის, ასგერ კაერუმის განცხადებით, ის, რაც ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ხდება, წამება და არასათანადო მოპყრობაა.
„ეს არის წამება და არასათანადო მოპყრობა. ეჭვი არ შეგეპაროთ. ნებისმიერი ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელია ბავშვებზე ზრუნვაზე, უნდა დაეხმაროს მათ და დაიცვას მათი უფლებები.
ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს უფლებების დაცვა რეგულარული მონიტორინგით და სასტიკი მოპყრობის სანქცირებით“, – განაცხადა ორგანიზაციის ადვოკატირების დირექტორმა.
IRCT-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამჟამად პანსიონის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის ოთხი საქმე არასრულწლოვანთა გაუპატიურებისა და ძალადობის მუხლებით. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ხელს უშლის მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო ორგანოებს ბავშვთა სახლში შესაბამისი ღონისძიებების გატარებაში.
„ეს ბავშვები და ყოფილი ბენეფიციარები წლების განმავლობაში იტანჯებოდნენ. დროა, მათ მიეცეთ მართლმსაჯულება და საჭირო რეაბილიტაცია, რათა დაიწყოს მათი იარების მოშუშების პროცესი. საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციებმა იციან, რომ ეს არ არის ერთი იზოლირებული შემთხვევა ქვეყანაში. უკიდურესად აუცილებელია, რომ მთავრობამ ჩაატაროს სრული გამოძიება მართლმადიდებელი ეკლესიის და სხვა კერძო აქტორების მიერ მართულ ბავშვთა სახლებში, რათა მეტი ბავშვი აღარ დაზარალდეს“, – განაცხადა საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT) აღმასრულებელმა დირექტორმა, IRCT-ის პრეზიდენტმა ლეილა ცისკარიშვილმა.
IRCT-ი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სასტიკად მოპყრობის ფაქტები სრულად გამოიძიოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რასაც სტამბოლოს პროტოკოლი ითვალისწინებს.
საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდებაა, რომ ყველა დამნაშავე იქნეს დასჯილი და სახელმწიფომ უზრუნველყოს ყველა იმ ბავშვის სრული რეაბილიტაცია, ვინც პირდაპირ ან ირიბად გახდა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ამ ინსტიტუციაში.