weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოსამართლემ სამინისტროს ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვების გაყვანა დაავალა

17:34 შაბათი, 05 ივნისი 2021
ფოტოზე - ანა აბაშიძე ფოტოზე - ანა აბაშიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ივანე ღლონტმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) შუამდგომლობა. არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვდა სასამართლოს დაევალდებულებინა ჯანდაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, ნინოწმინდის პანსიონში ამჟამად მყოფი ყველა ბავშვი დაწესებულებიდან დაუყოვნებლივ გაეყვანათ.

„სამინისტროს და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალოთ, დაუყოვნებლივ, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე უზრუნველყონ ნინოწმინდის პანსიონატში ჩარიცხული შშმ ბავშვების სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაყვანა“, - აღნიშნულია მოსამართლის განჩინებაში.

წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ იზრდება იმის ალბათობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში შეილახოს ბავშვთა ინტერესები და მას მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი. სასამართლო მიუთითებს, რომ საკითხი არასრულწლოვანთა ინტერესებს ეხება, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შესაძლოა საფრთხე შეექმნას.

სასამართლომ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ არაუფლებამოსილ პირად მიიჩნია არა შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებთან მიმართებით. მოსამართლის გადაწყვეტილების მიხედვით, თუ უფლებამოსილი პირები - ჯანდაცვის სამინისტრო ან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მიმართავენ სასამართლოს, რომ რომელიმე მზრუნველობა დაქვემდებარებულ ბავშვს შეიძლება მიადგეს რაიმე სახის ზიანი, სასამართლოს შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმსჯელოს ბავშვის დაცვის ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე და გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიება.

„თუ ვინმე ეცდება, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულებას ხელი შეუშალოს, სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და პასუხს აგებენ. მოპასუხეა ჯანდაცვის სამინისტრო და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო. ამიტომ, მათ რომ არ ისარგებლონ შაბათ-კვირის მდგომარეობით, არ დაელოდონ ოფიციალურ გზავნილს სასამართლოდან ორშაბათს, განჩინებას ჩვენ დღესვე გავუგზავნით მოპასუხეებს“, – თქვა PHR-ის იურისტმა, ანა აბაშიძემ.

ამ დროისთვის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 47 არასრულწლოვანი იმყოფება. PHR-ის ინფორმაციით, მათთვის სახალხო დამცველის წინა წლების ანგარიშებიდან ცნობილია, რომ პანსიონში შშმ ბავშვებიც არიან. „რეგინფოს“ ჯანდაცვის სამინისტროში არ უთხრეს, რამდენი შშმ ბავშვი იმყოფება ნინოწმინდის პანსიონში ან არიან თუ არა საერთოდ.  

სახალხო დამცველმა 15 აპრილს განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის ჩასატარებლად არ უშვებენ, რაც კანონის დარღვევაა. პანსიონის ხელმძღვანელმა, მეუფე სპირიდონმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას პანსიონში გარყვნილება შეაქვს და ბავშვების დაზიანების უფლებას არ მისცემს.

მალევე, „პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისთვის“ ჯერ თბილისის სასამართლოს, შემდეგ კი გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტს მიმართა მოთხოვნით, დაევალებინათ სახელმწიფო უწყებები, რომ სახალხო დამცველს ნინოწმინდის პანსიონში მონიტორინგი განეხორციელებინა. საქალაქო სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, გაეროს კომიტეტმა დროებითი ღონისძიება მიიღო და საქართველოს მთავრობას პანსიონში მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა. სახელმწიფომ გაეროს კომიტეტის მოთხოვნა არ შეასრულა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში 19 მაისსაც არ შეუშვეს.

2 ივნისს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ პანსიონში ბავშვებზე სავარაუდო ძალადობის სამ და გაუპატიურების ერთ შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმეები 2016-2021 წლების პერიოდში აღძრული. ამის შემდეგ, მედიამ გაავრცელა პანსიონის აღსაზრდელების ინტერვიუები, სადაც ბავშვები არადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობაზე საუბრობენ.

2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალური მუშაკებიც ვერ შედიოდნენ. სააგენტომ ხელმძღვანელმა, მერი მაღლაფერიძემ დაადასტურა, რომ შესვლის პრობლემა ნამდვილად ჰქონდათ, რასაც პანსიონის ადმინისტრაცია პანდემიით ხსნიდა. მერი მაღლაფერიძემ გუშინ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც სოციალურ მუშაკს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლის საშუალება მიეცა, პანსიონის დატოვების სურვილი ექვსმა არასრულწლოვანმა გამოთქვა და ისინი დაწესებულებიდან უკვე გამოიყვანეს, ათ ბავშვთან კი მუშაობა მიმდინარეობს.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბოლო სრულფასოვანი მონიტორინგი 2018 წელს განახორციელეს. ლომჯარიას ინფორმაციით, მაშინ, ბავშვებთან გაუსაუბრების პროცესში მეუფე სპირიდონი და პანსიონში მყოფი სხვა პირები ჩაერთნენ, რომლებმაც უხეში ფორმით აიძულეს მისი წარმომადგენლები ინტერვიუ შეეწყვიტათ და პანსიონი დაეტოვებინათ. სახალხო დამცველი წინა წლების საპარლამენტო ანგარიშებშიც წერდა, რომ მის წარმომადგენლებს ნინოწმინდის პანსიონში არ უშვებდნენ.

 

ამ თემაზე:

ნემსი გამიკეთეს და 3 დღე მეძინა – რას ჰყვება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი ბინადარი

არ გვაძინებდნენ. როცა ჩაგვეძინებოდა, დაჩოქილებს ხელს გვირტყამდნენ – ბავშვები პანსიონიდან

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]