weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რა შემთხვევაში შეიძლება მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადაეცეს

18:26 კვირა, 03 ოქტომბერი 2021

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, იურისტი დავით ჯანდიერი განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადაეცეს.

„ეს ეფუძნება ვენის კონვენციიდან გამომდინარე საქართველოს ვალდებულებებს და უკრაინის უფლებებს. პირველი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იყო დაუყოვნებლივ ეცნობებინა უკრაინის საკონსულო დაწესებულებისთვის მისი მოქალაქის დაპატიმრების თაობაზე; მეორე - საკონსულოს თანამდებობის პირებს შეუძლიათ თავისუფალი ურთიერთობა იქონიონ მიხეილ სააკშვილთან, შეხვდნენ მას, იქონიონ მიმოწერა. კონვენციის მიხედვით, უკრაინის საკონსულო აღჭურვილია უფლებით, იღონოს ყველაფერი რათა მისი მოქალაქე უზრუნველყოფილი იყოს იურიდიული მომსახურებითა და წარმომადგენლობით. ყველა შეტყობინება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ჩათვლის საჭიროდ, რომ გადასცეს უკრაინას, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია რომ ეს დაუყოვნებლივ გააკეთოს.

რაც შეეხება საკითხს, რამდენად შესაძლებელია მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა და რა პირობებში შეიძლება ეს მოხდეს: არსებობს სტრასბურგში მიღებული კონვენცია მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ.

ამ კონვენციის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მსჯავრდებულია საქართველოში, შეიძლება გადაცემული იქნეს უკრაინისთვის მის მიერ სასჯელის მოხდის მიზნით, მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში.

ამისთვის მიხეილ სააკაშვილს უფლება აქვს მიმართოს საქართველოს ან უკრაინის ხელისუფლებას. რამდენიმე პირობაა, მაგრამ ყველაზე მეტად რელევანტური მის შემთხვევაში არის შემდეგი: მიხეილ სააკაშვილი  უნდა იყოს უკრაინის მოქალაქე იმისთვის, რომ ეს მოთხოვნა გააკეთოს და ის არის უკრაინის მოქალაქე; მეორე - სასამართლოს განაჩენი საქართველოში უნდა იყოს საბოლოო და ის გადასინჯვას არ უნდა ექვემდებარებოდეს, ანუ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი უნდა იყოს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა სხვა საქმესთან დაკავშირებით და ჯერ-ჯერობით განაჩენი მასზე დამდგარი არ არის. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საჭიროა მიხეილ სააკაშვილის თანხმობა. ბუნებრივია, უკრაინის და საქართველოს ხელისუფლება ორივე უნდა იყოს თანახმა გადაცემაზე. მოთხოვნებზე გადაწყვეტილებას იღებენ საქართველოს და უკრაინის იუსტიციის სამინისტროები და ამ გზით ხდება ინფორმაციის გაცვლა.

მთავარი არის კიდევ, რა შეიძლება იყოს ამ გადაცემის შედეგები.

ნებისმიერ მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება შეწყალების, ამნისტიის და დანაშაულის შემსუბუქების შესახებ თავისი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად.

რაც შეეხება განაჩენის გადასინჯვას, მხოლოდ საქართველოს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლოს  განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნის თაობაზე იმ შემთხვევაშიც, თუ მისი გადაცემა მოხდება“, – განაცხადა დავით ჯანდიერმა.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, თბილისში 2 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს განაცხადა, სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე მუშაობენ.

„მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, მუდმივად იმით ვარ დკავებული, რომ ვაბრუნებ უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა საშუალებით, რომელიც გამაჩნია და ხელისუფლებით მაქვს მონიჭებული. ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ამიტომ, ეს მასაც ხება“, – თქვა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ყველა ინსტიტუტი მუშაობს, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოში უკრაინის საელჩო.

„ამაზე ვიმუშავებთ მინისტრთა კაბინეტების დონეზე და პრემიერებს შორის საუბრის დონეზე“, – ამბობს ზელენსკი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა.

ამჟამად, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება და ყოფილ პრეზიდენტს ბრალს დიდი ალბათობით ამ დანაშაულისთვისაც წარუდგენენ.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ ცნობილი პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გახდა. უცნობია, ზუსტად როდის და რა გზით შემოვიდა ის ქვეყანაში. ამ საკითხზე კომენტარი  შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუკეთებია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას ინფორმაციით კი, სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ყველა წესისა და პროცედურის დაცვით შემოვიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]