weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

პარლამენტს მოუწოდებენ პოლიციის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები არ მიიღოს

16:23 პარასკევი, 22 ოქტომბერი 2021

არასამთავრობო ორგანიზაციები – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) და „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აფასებენ. მათი განცხადებით, პირის იდენტიფიცირების დროს პოლიციელების უფლებამოსილება გაუმართლებლად იზრდება და ჩნდება ადამიანის პირად ცხოვრებაში უსაფუძვლო, არაპროპორციული ჩარევის რისკები.

საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, პოლიციელს უფლება ენიჭება, პირის იდენტიფიცირების მიზნით ისარგებლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზებით, თუკი ივარაუდებს, რომ მისი წარდგენილი პირადობის ან იდენტიფიკაციის დამადასტურებელი სხვა მონაცემები არასანდოა. აგრეთვე, კანონპროექტის თანახმად, პოლიციელი აღარ იქნება ვალდებული, განხორციელებული იდენტიფიცირების ღონისძიების თაობაზე ავტომატურად შეადგინოს ოქმი.

„საქართველოში დღემდე არსებობს პოლიციის მიერ პირის გამოკითხვისა და იდენტიფიკაციის მანკიერი პრაქტიკა, როცა ადამიანები არსებითი დასაბუთების გარეშე ექვემდებარებიან ინტენსიურ საპოლიციო კონტროლს. მაგალითად, ქუჩაში ადამიანის გამოკითხვის დროს, ნორმად არის ქცეული პოლიციის მხრიდან ფოტოსურათების გადაღება როგორც ადამიანისთვის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისთვის. აღნიშნული კი ცალსახად წარმოადგენს პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი ჩარევის მაგალითს. ეს პრაქტიკა განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, რომ ხშირ შემთხვევაში მსგავსი მოქმედებები ტარდება სამართალდამცავის პირადი მობილური-ტელეფონის საშუალებით, საიდანაც მუდმივად არსებობს მონაცემების გავრცელების ან მათი არასათანადოდ გამოყენების რისკები. ამ და იდენტიფიკაციის სხვა ფორმების გამოყენებით, ადამიანთა პირადი მონაცემების შეგროვება ისე ხდება, რომ როგორც წესი, სათანადოდ არ არის დასაბუთებული მისი მიზნები და აუცილებლობა.

წარმოდგენილი კანონპროექტით კი სამართალდამცავებს უფლება ენიჭებათ, პირის იდენტიფიცირების მიზნით, დაამუშავონ სამინისტროს სისტემის საინფორმაციო ბაზებში დაცული მონაცემებიც, თუკი პოლიციელი ვარაუდობს, რომ პირის მიერ მიწოდებული მონაცემები, ანდა პირადობის დამადასტურებელი საბუთები, არ შეესაბამება მის ნამდვილ ვინაობას.

კანონპროექტის ამ ჩანაწერების საფუძველზე, შესაძლებელი ხდება ნებისმიერი ადამიანის იდენტიფიკაცია და მისი პირადი მონაცემების დამუშავება ისე, რომ ამისთვის ოქმის შედგენაც არ იქნება სავალდებულო.

ამასთან ერთად, კანონი ბუნდოვნად ტოვებს, საჭიროა თუ არა იდენტიფიკაციის მიზნით მონაცემების დამუშავების თაობაზე მოქალაქის ინფორმირება. გარდა ამისა, კანონპროექტი არ აზუსტებს, რა ტიპისა და მოცულობის მონაცემებზე ექნებათ პოლიციელებს წვდომა, ან როგორ იქნება დაზღვეული, რომ ეს უფლებამოსილება პოლიციელმა ისე არ გამოიყენოს, რომ ამის თაობაზე მოქალაქეს არანაირი ინფორმაცია არ მიაწოდოს“, – ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებაში.

დღევანდელი კანონმდებლობა სამართალდამცავს ავალდებულებს, პირის იდენტიფიკაციის თაობაზე დაუყოვნებლივ შეადგინოს სათანადო ოქმი. შესაბამისად, დამკვიდრებული საპოლიციო პრაქტიკა, რომლის დროსაც პოლიციელი არ ადგენს იდენტიფიცირების თაობაზე სათანადო ოქმს, არსებულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია ამ საკითხზე სასამართლოშიც დაიცვას საკუთარი უფლებები.

„დაგეგმილი ცვლილებით კი, თავისი არსით უკანონო და დაუსაბუთებელი საპოლიციო პრაქტიკები კანონის ჩარჩოებში ექცევა და ამ გზით ლეგალური ხდება ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა ისე, რომ პოლიციელს ავტომატურად არ წარმოეშობოდეს ამ ღონისძიების დაოქმების ვალდებულება. მოქალაქეს მხოლოდ ის შესაძლებლობა ექნება, რომ ამშემთხვაში 3 დღის ვადაში მიმართოს სამინისტროს და წერილობით მოითხოვოს მის მიმართ განხორციელებული ღონისძიების შესახებ ინფორმაცია. თუმცა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს უფლების დაცვის სათანადო გარანტიად, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ბუნდოვანია, როგორ აისახებაეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზებში, მათ შორის აისახება თუ არა ბაზაში შეჩერებისა დაგადამოწმების მიზეზები, ან საერთოდ რამდენად განემარტებათ მოქალაქეებს ასეთი უფლების შესახებ ინფორმაცია“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ისინი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, არ დაუშვას აღნიშნული კანონპროექტის ამ სახით მიღება და მანკიერი საპოლიციო პრაქტიკების კანონის ფარგლებში მოქცევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]