weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უკრაინის სახალხო დამცველი სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს

15:01 ოთხშაბათი, 27 ოქტომბერი 2021

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა აპირებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიმართოს და მოითხოვოს, რომ საჭიროების შემთხვევაში, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დახმარება კერძო კლინიკა „ვივა მედში“ აღმოუჩინონ.

„იმის გათვალისწინებით, რაც განაცხადა ჩემმა კოლეგა საქართველოს ომბუდსმენმა და თავად უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილმა, რომ მას არ სურს და გააკეთებს ყველაფერს, რათა არ გადავიდეს იმ კლინიკაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული ისეთი პაციენტებისთვის დახმარების გასაწევად, როგორიც დღეს არის მიხეილ სააკაშვილი, მივმართაავ იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, აუცილებლობის შემთხვევაში, როცა ასეთი საჭიროება დადგება, სააკაშვილი კერძო კლინიკაში გადაიყვანონ, დახმარების აღმოჩენის მიზნით“, – განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.

ლუდმილა დენისოვას თქმით, პენიტენციურ სამსახურს სპეციალური შეთანხმება აქვს გაფორმებული „ვივა მედთან“ და 600-მდე მსჯავრდებულს სწორედ იქ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.

უკრაინის ომბუდსმენის განცხადებით, სააკაშვილი ოთხჯერ იყო კრიზისულ მდგომარეობაში, მათგან ორ შემთხვევაში სისხლში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებლები დაეცა.

„ციხის ეზოში მორიგეობს რეანიმაციული ბრიგადა, მაგრამ მათ შეუძლიათ სისხლის გადასხმა, როდესაც ეს აუცილებელი იქნება ან გულის მასაჟის გაკეთება.

თუ აუცილებელი იქნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რომელიმე ორგანოს აღდგენა, და ჩვენ ვიცით, რომ დღეს შიმშილობის 27-ე დღეა და ეს შესაძლებელია, ისინი ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ და საეჭვოა შეძლებენ თუ არა საავადმყოფომდე მიყვანას, თუ ის აქ დარჩება“, – აღნიშნა ლუდმილა დენისოვამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი უარს აცხადებს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე, რადგან მიაჩნია, რომ იქ არ არის მისი სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემო იმ მსჯავრდებულების გამო, ვინც გლდანის ციხეში იხდიან სასჯელს.

„ჩემმა კოლეგამ, საქართველოს ომბუდსმენმა N18 დაწესებულებაში საავადმყოფოს შემოწმების შემდეგ განაცხადა, რომ იქ არ არის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ აღმოუჩინონ აუცილებელი დახმარება ისეთ კრიზისულ მდგომარეობაში, როგორიც შესაძლებელია ყოველდღე, ნებისმიერ მომენტში დადგეს მიხეილის შიმშილობის შედეგად. ამიტომ ის უარს აცხადებს და არ გადავა ციხის საავადმყოფოში, მაშინაც კი, თუ ძალით წაიყვანენ იქ“, – განაცხადა ომბუდსმენმა და აღნიშნა, რომ პატიმარს უკრაინელი ექიმიც გასინჯავს.

სააკაშვილი ასევე უარს ამბობს ძალდატანებით კვებაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]