weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

უკრაინის ომბუდსმენის თქმით, სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე ევროპარლამენტსაც აცნობებს

16:51 ოთხშაბათი, 27 ოქტომბერი 2021

უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ ადგილი აქვს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევას, მათ შორის, დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, რომელიც საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას ეხება.

„მე, როგორც უკრაინის უმაღლესი რადას რწმუნებული ადამიანის უფლებების საკითხებზე, ჩამოვედი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის გამო. შემიძლია დავადასტურო, რომ დარღვეულია ადამიანის უფლებები - სამედიცინო მომსახურების უფლება, პროცედურული უფლებები, აღმსარებლობის თავისუფლება, რადგან მოჰყვთ მხოლოდ ის მღვდლები, რომლებიც უნდათ და არა ისინი, ვისთან შეხვედრასაც თავად მიხეილი ისურვებდა.

უკრაინაში ჩასვლის შემდეგ ამ ყველაფერს მივიტანთ ევროპული სახელმწიფოების ელჩებამდე, დასკვნას დავუწერ ევროპარლამენტს იმის შესახებ, რაც აქ ვნახე.

დღეს შევხვდები საქართველოს ომბუდსმენს და ვფიქრობ, საერთო პოზიციას ჩამოვაყალიბებთ ამ საქმეზე. აუცილებლად, უკრაინაში ჩასვლის შემდეგ მოვითხოვ შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტთან იმისთვის, რომ მივაწოდო ის ინფორმაცია, რომელიც მივიღე, მათ შორის პრივატულად მიხეილისგან“, – განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.

რაც შეეხება პროცედურული უფლებების დარღვევას, ლუდმილა დენისოვას თქმით, მიხეილ სააკაშვილთან ერთად განიხილა მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის საქმეები. დენისოვას თქმით, დარღვეულია ადამიანის უფლებებათა დაცვის კონვენციის ის მუხლი, რომელიც სასამართლოს მიერ საქმის გონივრულ ვადაში და საჯაროდ განხილვას გულისხმობს.  

„არის ორი საქმე, რომელზეც სასამართლო განხილვა არ დასრულებულა და ის ცდილობს, რომ ამ საქმეებზე სასამართლოში საჯარო განხილვების შესაძლებლობა მიესცეს. ამაზე საუბრობენ ადვოკატებიც, მაგრამ სამწუხაროდ, ადვოკატების თქმით, მათი მოთხოვნა სასამართლოს მიერ იგნორირებულია და არ მიიღება გადაწყვეტილება უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის სასამართლოში მიყვანაზე, სადაც ის თავის დაცვას შეძლებდა.

დარღვეულია სამართლიანი საჯარო განხილვის უფლება. ეს ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მეექვსე მუხლია. რაც შეეხება გონივრული ვადების უფლების დარღვევას, 8 წელიც არ არის ის გონივრული ვადა, რომლის განმავლობაშიც სისხლის სამართლის საქმეები უნდა განიხილებოდეს“, – განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.

ლუდმილა დენისოვას თქმით, მიხეილ სააკაშვილს გარესამყაროსთან კავშირის ერთადერთ საშუალებად ტელევიზორი აქვს, თუმცა ის უკრაინულ ტელეარხებს არ აჩვენებს. სახალხო დამცველი ამბობს, რომ ამ საკითხის გადაწყვეტას მოითხოვს, რადგან მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და სურს, კავშირი ჰქონდეს იმ ქვეყანასთან, რომლის მოქალაქეცაა.

„მას საქართველოს კანონმდებლობით შეზრუდული აქვს სატელეფონო ზარები. რაც შეეხება წერილებს და გზავნილებს, გუშინ, როდესაც ადვოკატებს ვესაუბრებოდი, მათ მითხრეს, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილს ხვდებიან ოთახში, მინა არ არის ჭერამდე და ისინი გადასცემენ წერილებს. როდესაც დღეს მივედით, ამის შესაძლებლობა უკვე აღარ იყო - გადატიხვრა ჭერამდეა. მიხეილმა თქვა, რომ დენისოვას სახელობის აკვარიუმი გააკეთეს“, – აღნიშნა უკრაინის სახალხო დამცველმა.

ლუდმილა დენისოვას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშაა და თავს პუტინის პატიმრად მიიჩნევს: ამბობს, რომ ყველაზე მეტად არ სურს უკრაინისთვის ცუდის გაკეთება და საქართველოში სისხლის დაღვრა. ამიტომ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, გააკეთებს, რომ ეს არ მოხდეს“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში დააკავეს და  რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

20 ოქტომბერს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილმა სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ 29 სექტემბერს, ღამით გადმოკვეთა და ფოთის ნავსადგურში შემოსულ გემზე განთავსებულ, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებულ რძის პროდუქტებით დატვირთულ ტრაილერში იმყოფებოდა. პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე. მას 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის აქციის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვები არ დასრულებულა.

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, პროტესტის ნიშნად, შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]