weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას განმარტავს

13:43 ხუთშაბათი, 11 ნოემბერი 2021

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია ეხმაურება სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილის საჩივართან დაკავშირებით დროებითი ღონისძიების გამოყენებას. 

სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია სახელმწიფოსთვის სავალდებულო დროებით ღონისძიება დააწესოს. ნონა წოწორიას განმართებით, ამ წესის მთავარი დანიშნულებაა მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილებები ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად. მისი თქმით, რა ინტერპრეტაციაც არ უნდა ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, უმთავრესი სწორედ მისი სიცოცხლის დაცვაა.

„39-ე წესის განხილვისას სასამართლო არ არის შეზღუდული მხარის პოზიციით და უფლებამოსილია თავად დაადგინოს ის ზომები, რაც მოცემულ შემთხვევაში მიაჩნია მიზანშეწონილად. სტანდარტულად დროებითი ღონისძიება ევროპული კონვენციის მე-2 („სიცოცხლის უფლება) და მე-3 („წამების აკრძალვა“) მუხლებს უკავშირდება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კატეგორია ციხის პირობებში უფლებების დაცვას ეხება.

სასამართლოს ზოგადი პრინციპების მიხედვით ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა პატიმრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. „გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდგ“ 2012 წლის გადაწყვეტილებით ევროსასამართლოსთვის ციხის პირობებში სამედიცინო მომსახურების მისაღებად დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართვამდე საჭიროა შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვა. მოცემულ შემთხვევაში დროებითი ღონისძიების გამოყენება მიუთითებს, რომ სასამართლომ მ. სააკაშვილის ადვოკატების მიერ ამ მიზნით მიღებული ზომები საკმარისად ჩათვალა.

ეს არის ჩემი რამდენიმე კომენტარი მთავარ საკითხებზე:

- სასამართლომ მ. სააკაშვილს მოუწოდა (დაჟინებით სთხოვა) შეწყვიტოს შიმშილობა. მსგავსი პრეცედენტები არსებობს პრაქტიკაში. უდაოა, რომ სასამართლომ მოსარჩელის შიმშილობა ეჭვგარეშედ მიიჩნია. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ მ. სააკაშვილმა გაითვალისწინოს სასამართლოს მოწოდება და შეწყვიტოს შიმშილობა.

- მთავრობამ სასამართლოს უნდა აცნობოს მ. სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის, ისევე როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული მკურნალობის შესახებ - ინფორმაციის მოთხოვნა ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

- მთავრობამ საპყრობილეში ყოფნისას ზოგადად უნდა უზრუნველყოს მ. სააკაშვილის უსაფრთხოება. ამით სასამართლო პრინციპში აღიარებს, რომ მისი უსაფრთხოების საკითხი პრობლემურია. არის თუ არა დარღვევა ამას საბოლოო გადაწყვეტილებით დაადგენს.

- მთავრობამ მ. სააკაშვილს უნდა გაუწიოს სათანადო (appropriate) სამედიცინო მომსახურება შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში. ცნობილია, რომ შიმშილობის შეწყვეტა განსაკუთრებულად სამართავი პროცესია. ამ მითითებით სასამართლო ხაზს უსვამს სახელმწიფოს სპეციფიურ ვალდებულებაზე. მ. სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში რამდენად იქნება გაწეული მკურნალობა კონვენციის შესაბამისი და მიიჩნევა თუ არა მე-18 დაწესებულება „სათანადოდ“, მომავალი გვიჩვენებს.

- სამოქალაქო ჰოსპიტალში მ.სააკაშვილის გადაყვანის საკითხი ღიად არის დატოვებული. კონკრეტული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაზე არმითითება სასამართლოს სტანდარტული მიდგომაა. მ. სააკაშვილის ადვოკატებს სრული საფუძველი ჰქონდათ, რომ ადექვატურ სამედიცინო დაწესებულებად მხოლოდ სამოქალაქო ტიპის ჰოსპიტალი მიეჩნიათ და ამ მოთხოვნით მიემართათ სასამართლოსთვის. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. სასამართლო 39-ე წესის აღსრულების ყველა საკითხს, მ.შ. საავადმყოფოს ნაწილს, მხარეების მიერ 24 ნოემბრისთვის წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მიუბრუნდება. ცხადია, მას უფლება აქვს დროებითი ღონისძიების პირობები შეცვალოს.

ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ პრიორიტეტად მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე გაიხადოს და შეწყვიტოს ის აღვირახსნილი კამპანია, რასაც აქამდე აწარმოებდა.

იმედია, დროებითი გადაწყვეტილების სულისკვეთება, სასამართლოს მიმდინარე ზედამხედველობა და საქმისთვის პრიორიტეტის მინიჭება მთელს ამ პროცესს ცივილიზებულ ჩარჩოებში მოაქცევს“, – აცხადებს ნონა წოწორია.

10 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჩივართან დაკავშირებით დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც მხარეებს – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნა.

საქართველოს იუსტიციის მინისტმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლები ითხოვდნენ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას N18 სამკურნალო დაწესებულებიდან მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა და „სახელმწიფოსთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ნაცვლად, მომჩივან მხარეს დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა“.

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, ნიკა გვარამიას განმარტებით, სააკაშვილის საჩივარი არ ეხებოდა მხოლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანას, არამედ ეს „ერთ-ერთი მოსაზრება იყო“.

„სტრასბურგის სასამართლომ არ დაასახელა კლინიკა, მაგრამ დაასახელა სტანდარტი, რომელიც უნდა იყოს ზურუნველყოფილი“, – თქვა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას განცხადებით, მათთვის მთავარია, რომ საერთაშორისო სასამართლომ შიმშილობა დაადასტურა და „სახელმწიფო დაავალდებულა, რომ მიხეილ სააკაშვილს თმა არ უნდა ჩამოუვარდეს თავიდან“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]