weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სახალხო დამცველი – „ციანიდის საქმეზე“ გამოტანილი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა

15:37 სამშაბათი, 05 სექტემბერი 2017

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ე.წ. „ციანიდის საქმეზე“ გამოტანილ განაჩენს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენით მართლმსაჯულება არ აღსრულდა.

სახალხო დამცველი ადასტურებს საკუთარ პატივისცემას სასამართლოს, როგორც მართლმსაჯულების განმახორციელებელი მთავარი ინსტიტუციის მიმართ. ამასთან, კონსტიტუციური მანდატის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი თავს ვალდებულად მიიჩნევს, საზოგადოებას გააცნოს აღნიშნულ საქმეზე 7 თვის განმავლობაში განხორციელებული უწყვეტი მონიტორინგის ძირითადი შედეგები:

„მონიტორინგის შედეგად აშკარად გამოიკვეთა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას განხორციელებულმა დარღვევებმა საქმის სასამართლო განხილვაზეც იქონია გავლენა და ხელი შეუშალა ბრალდებულსა და ადვოკატებს დაცვის სრულყოფილად განხორციელებაში. გამოძიების პირველი დღიდანვე უდანაშაულობის პრეზუმფციისა და მხარეთა თანასწორობის უფლების დარღვევა მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა არაერთი ხარვეზისა, რომელთაც მოგვიანებით იჩინა თავი.

ამ კონტექსტის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მიუღებელია სასამართლო პროცესის სრულად დახურვის გადაწყვეტილება, რამაც საზოგადოებას სხდომების მიმდინარეობაზე დაკვირვების შესაძლებლობა წაართვა. მონიტორინგის შედეგად დადასტურდა, რომ საქმეში არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის მოცულობის გათვალისწინებით, სასამართლო პროცესის სრულად დახურვა საჭიროებას არ წარმოადგენდა.

ე.წ. „ციანიდის საქმის“ მასალების შესწავლისა და სასამართლო პროცესებზე დაფიქსირებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად, არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა გამოიკვეთა. მათ უმრავლესობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი დაელოდება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნებას, თუმცა პირდაპირ შეიძლება აღინიშნოს დარღვევები, რომლებმაც აშკარა და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს პროცესის სამართლიან მიმდინარეობას.

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეუზღუდეს დაცვის მხარეს უფლება, მოეპოვებინათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბარგის ამოღებისა და დაკავების ამსახველი ვიდეომასალა. გაუგებარია, თუ ვისი პერსონალურ მონაცემების დაცვას ისახავდა მიზნად სასამართლო, როდესაც პროცესი მთლიანად იყო დახურული და ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილი ჰქონდათ დადებული. ამასთან, გაუგებარია, თუ რატომ წარმოადგენდა პერსონალური მონაცემების დაცვა მოცემულ შემთხვევაში სამართლიანი სასამართლოს უფლების უპირატეს ინტერესს, როდესაც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასამართლოში მონაცემთა დამუშავებაზე.

აღსანიშნავია, რომ აეროპორტის ვიდეოკამერების ჩანაწერის მოპოვება არ უზრუნველყო არც ბრალდების მხარემ. პროკურატურამ უზრუნველყო მეორეხარისხოვანი საპროცესო მოქმედებების ვიდეოკამერაზე დაფიქსირება მაშინ, როდესაც მთავარი მოქმედებების კანონიერების საკითხი ბოლომდე კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩა. შედეგად, შეუძლებელი გახდა ობიექტური მტკიცებულების მოპოვება საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე საკითხზე. აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ გამოიკვეთა იმის გამო, რომ აეროპორტში მყოფ პირთა ჩვენებებს შორის რამდენიმე შეუსაბამობა დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებას ამ დრომდე არ მოუპოვებია ციანიდის შეძენის დამადასტურებელი მტკიცებულება. არ არის იდენტიფიცირებული პირი, ვისგანაც დეკანოზმა ნივთიერება შეიძინა. ციანიდის შეძენასთან დაკავშირებით ხელოვნურად გამოყოფილი გამოძიება ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს.

სამწუხაროა, რომ ბრალდების მხარემ არ ჩაატარა რამდენიმე ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც შეიქმნებოდა ნეიტრალური მტკიცებულება და გადამოწმდებოდა დაცვის მხარის ვერსია. პროკურატურას არ უპასუხია კითხვაზე, თუ რატომ არ დაინიშნა დაქტილოსკოპიური ან გენეტიკური ექსპერტიზა ამოღებულ კოლოფთან დაკავშირებით, მით უფრო, რომ ბრალდებული თავიდანვე უარყოფდა მის ფლობას. ასევე არადამაჯერებელია ბრალდების განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაინიშნა ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღზე თავდაპირველად ფიზიკო–ტექნიკური ექსპერტიზა, რის შემდეგაც შეუძლებელი იქნებოდა დაქტილოსკოპიური და გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარება.

სახალხო დამცველი უახლოეს მომავალში გაეცნობა განაჩენის სამოტივაციო ნაწილს, რათა ნათელი გახდეს, კონკრეტულად რომელი მტკიცებულებები გაიზიარა მოსამართლემ და რა ინფორმაცია მიიჩნია გადამწყვეტად გადაწყვეტილების მიღებისას. სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს გიორგი მამალაძის მიმართ მიმდინარე პროცესის მონიტორინგს ზემდგომ ინსტანციაში. პროცესის მიმდინარეობასა და საქმეში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია მიმოხილული იქნება სპეციალურ მოხსენებაში, რომელიც საზოგადოებას უახლოეს ხანში წარედგინება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ცნო დამნაშავედ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]