weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა დაადგინა

18:14 ხუთშაბათი, 20 იანვარი 2022

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმე 20 იანვრის გადაწყვეტილებით საქმეზე „ეძგვერაძე საქართველოს წინააღმდეგ“ კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს მომჩივანის სასარგებლოდ 3000 ევროს გადახდა დააკისრა. საქმე ეხება 2013 წელს 36 წლის მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობას, რასაც წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში მისი გამოკითხვა უძღოდა.

სტრასბურგის სასამართლოს მამუკა მიქაუტაძის მეუღლემ, ზიზი ეძგვერაძემ მიმართა. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ავრცელებს.

„ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით გამოძიების ფარგლებში მამუკა მიქაუტაძე 2013 წლის 5 ივლისს გამოკითხეს, რა დროსაც მის მიმართ სავარაუდოდ გამოყენებულ იქნა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. იგი გამოიკითხა როგორც მოწმე, მისი მეგობრის მიერ კანაფის სავარაუდო ფლობის ფაქტზე. 

მიქაუტაძემ 2013 წლის 6 ივლისს თავი მოიკლა. ის თვითმკვლელობამდე აცხადებდა, რომ დაკითხვის დროს მის მიმართ პოლიციელების მიერ გამოყენებულ იქნა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობა საკუთარი მეგობრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის იძულების მიზნით“, – აცხადებს საია. 

ორგანიზაცია ევროპული კონვენციის მე-2 მუხლოს (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევაზე დაობდა. კერძოდ, საია მიიჩნევდა, რომ საქმეზე მიმდინარე გამოძიება არ იყო ეფექტიანი.

„მათ შორის, მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენდა გამოძიების, თუნდაც შეზღუდული ვადით, შსს გენერალური ინსპექციის მიერ წარმოება, ვინაიდან, ფაქტია, რომ ამ საქმის გარემოებების ირგვლივ ყველაზე მეტი შეკითხვა სწორედ შს სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ არსებობდა, რაც წარმოშობდა გონივრულ ეჭვს, რომ მიქაუტაძე თვითმკვლელობამდე მათი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მივიდა. შესაბამისად, შსს მიერ გამოძიების წარმოება იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებდა გამოძიების დამოუკიდებლობასა და ეფექტიანობას. 2013 წლის სექტემბერში საქმე საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეცა. 

სასამართლომ გამოძიება მთლიანობაში შეაფასად, და ყურადღება გაამახვილა რა ფაქტზე, რომ 2016 წელს პროკურატურის მიერ გამოძიება დანაშაულის არ არსებობის გამო დაიხურა, მიუთითა, რომ გამოძიებამ უპასუხოდ დატოვა საქმესთან დაკავშირებით გადამწყვეტი კითხვები, კერძოდ, გამოკითხვის დროს მართლაც გაყვანილი იქნა თუ არა მიქაუტაძე სხვა ოთახში, და, თუ კი, რა მოხდა იქ“, – აცხადებს საია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ ყელაზე ნიშანდობლივი საგამოძიებო ხარვეზი დაინახა ფაქტში, რომ გამოძიებამ არანაირი ჰიპოთეზა/განმარტება არ გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლებოდა პოლიციასთან კონტაქტის შემდეგ ადამიანს, რომელსაც არანაირი სუიციდური განზრახვები, ფსიქოლოგიური ან სხვა ტიპის პრობლემები არ ჰქონდა, ჩაედინა თვითმკვლელობა. 

„სასამართლომ დაადგინა, რომ მიქაუტაძის საქმეზე გამოძიება არ იყო საფუძვლიანად ნაწარმოები, რამაც ძირი გამოუთხარა გამოძიების ეფექტიანობას. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ გამოძიება დაიწყო 2013 წლის 6 ივლიის და დაიხურა 2016 წლის 25 მარტს, თუმცა 2014 წლის ნოემბრიდან 2016 წლის მარტამდე არანაირი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული არ იყო, მთავრობას, კი არ წარმოუდგენია არანაირი განმარტება ამგვარ საგამოძიებო უმოქმედობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაში

საია საქმის აღსრულებაზე მონიტორინგის განხორციელებას აპირებს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]