weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პოლიციელის მიერ ყოფილი ცოლის მკვლელობის საქმეზე სტრასბურგმა დარღვევა დაადგინა

16:59 ხუთშაბათი, 10 თებერვალი 2022
ფოტოზე - სალომე ჯორბენაძე ფოტოზე - სალომე ჯორბენაძე

2014 წელს, ზესტაფონში, პოლიციის თანამშრომლის მიერ ყოფილი ცოლის, 19 წლის სალომე ჯორბენაძის მკვლელობის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ ევროპული კონვენციის მე-2 და მე-14 მუხლები დაარღვია, რაც სიცოცხლის და დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებებს გულისხმობს. 

სასამართლოს თანახმად, სახელმწიფომ თავიდან ვერ აიცლა პოლიციის თანამშრომლის, სერგი საცერაძის მხრიდან გენდერული ძალადობა და არ გამოიძია დანაშაულზე სამართალდამცავი ორგანოების პასიური რეაგირება. 

სტრასბურგის სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპეტენტურ ორგანოს არ უცდია დაედგინა პოლიციის თანამშრომლების პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ მათ სათანადო რეაგირება არ მოახდინეს გენდერული ძალადობის მრავალ ინციდენტზე, რასაც სალომეს მკვლელობამდე ჰქონდა ადგილი.

სასამართლოს განცხადებით, სალომე ჯორბენაძის მიმართ ოჯახში ძალადობა განგრძობადი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მას საფრთხე ემუქრებოდა და ამის შესახებ პოლიციამ იცოდა ან უნდა სცოდნოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციის თანამშრომლებმა არ გამოიჩინეს საჭირო განსაკუთრებული გულმოდგინება და მუშაობის დროს მნიშვნელოვანი შეცდომები დაუშევს, მათ შორის, შეაგროვეს არასრული, არაზუსტი და შეცდომაში შემყვანი მტკიცებულებები.

„ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობა კიდევ უფრო შემაშფოთებელია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოძალადე თავად იყო პოლიციელი. უფრო მეტიც, სამართალდამცავმა ორგანოებმა იცოდნენ, რომ იგი ძალადობის ჩასადენად სამსახურებრივ მდგომარეობას იყენებდა. მათ არა მარტო არ მოუღეს ბოლო ამას, არამედ მისცეს მას უფლება მონაწილეობა მიეღო მსხვერპლის დაკითხვაში და მალევე დააწინაურეს პოლიციის უფრო მაღალი წოდების მინიჭებით. 

ეს საქმე შეიძლება ჩაითვალოს კიდევ ერთ თვალსაჩინო მაგალითად იმისა, თუ როგორ შეიძლება ოჯახში ძალადობის ბრალდებების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების ზოგადმა და დისკრიმინაციულმა პასიურობამ შექმნას კლიმატი, რომელიც ხელს შეუწყობს მსხვერპლთა მიმართ ძალადობის შემდგომ ზრდას, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ქალები იყვნენ. მიუხედავად სხვადასხვა დამცავი ზომების არსებობისა, ხელისუფლებამ არ აღკვეთა გენდერული ძალადობა, რაც სიკვდილით დასრულდა“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სალომე ჯორბენაძის დედამ და შვილმა მიმართეს. 19 წლის მოკლულ გოგონას 3 წლის ვაჟიშვილი დარჩა. მომჩივანი მხარე აცხადებდა, რომ პოლიციის და პროკურატურის თანამშრომლებმა არ დაიცვეს სალომეს სიცოცხლე და უყურადღებოდ დატოვეს ოჯახური ძალადობის შესახებ არაერთი შეტყობინება. 

სასამართლომ სახელმწიფოს დაავალა, რომ მოკლული ქალის ოჯახს, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, 35 000 ევრო გადაუხადოს.

სალომე ჯორბენაძის ოჯახის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, სალომე ჯორბენაძის და სერგი საცერაძის ურთიერთობა ძალადობით დაიწყო – 2011 წელს 17 წლის სალომე სერგი საცერაძემ იარაღის მუქარით მოიტაცა. ზესტაფონის პოლიციამ ბავშვის მოძებნაში სალომეს მშობლებს დახმარება არ გაუწია და სალომე სერგი საცერაძის ცოლი გახდა. საიას ცნობით, ქორწინების განმავლობაში, ასევე დაშორების შემდეგ, სერგი სალომეზე სისტემატურად ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას და იარაღით ემუქრებოდა. კონფლიქტების მიზეზი ბავშვისთვის ალიმენტის გადახდა და ეჭვიანობა იყო. 2014 წლის 25 ივლისს, ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე პარკში, სერგი საცერაძემ სალომე ჯორბენაძე მოკლა. ის ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობისთვის გაასამართლეს და სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიმართ არსებობს მოლოდინი, რომ ისინი უფრო მკაცრი იქნებიან გამოძიების და საჭიროების შემთხვევაში, მძიმე დანაშაულის ჩამდენი სამართალდამცავების დასჯისას. სასამართლო ამბობს, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ დამნაშავეთა ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, არამედ სახელმწიფოს მოვალეობას – ებრძოლოს დაუსჯელობის გრძნობას, რომელსაც განიცდიან დამნაშავეები თავიანთი თანამდებობის გამო, შეინარჩუნოს საზოგადოების ნდობა და პატივისცემა სამართალდამცავი სისტემის მიმართ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]