weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჰააგის ტრიბუნალმა აგვისტოს ომის საქმეზე 3 ოსი მაღალჩინოსნის დაკავება მოითხოვა

12:17 პარასკევი, 11 მარტი 2022

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარმა პროკურორმა კარიმ ხანმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი ომის დანაშაულების გამო სამი ოსი მაღალჩინოსნის დაკავებაზე ორდერების გამოცემა მოითხოვა.

პროკურორის განცხადებით, ეს პირები არიან:

  • გენერალ ლეიტენენტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005 წელს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა და ამ თანამდებობას იკავებდა სულ მცირე 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
  • ჰამლეტ გუჩმაზოვი, რომელიც დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორის უფროსი იყო;
  • დავით სანაკოევი, რომელიც ადამაინის უფლებათა საკითხებში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი (ომბუდსმენი) იყო.

კარიმ ხანის განცხადებით, 2016 წლის იანვარში გამოძიების დაწყების შემდეგ, მისმა ოფისმა გამოიკვლია მტკიცებულებები 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით. პროკურორის თქმით, აქვს საფუძველი იფიქროს, რომ ამ სამ პირს ეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა 8-დან 27 აგვისტომდე, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე და მის გარშემო ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის, როგორებიცაა უკანონო პატიმრობა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, პიროვნული ღირსების შეურაცხყოფა, მძევლების აყვანა და უკანონო გადაყვანა. 

„დაკავების ორდერებზე ჩემი განაცხადი კონკრეტულად ეხება ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო პატიმრობას, არასათანადო მოპყრობას, მძევლების აყვანას და შემდგომში უკანონო გადაყვანას რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის პირობებში. გამოძიებამ ასევე გამოავლინა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის და საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილის, ვიაჩესლავ ბორისოვის სავარაუდო როლი მოვლენების დროს, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, განზრახ წვლილი შეიტანა ზოგიერთი ამ დანაშაულის აღსრულებაში და რომელიც ახლა გარდაცვლილია“, – განაცხადა კარიმ ხანმა.

პროკურორის თქმით, ამ მოვლენების დროს, მშვიდობიანი ქართველი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ცხინვალის რეგიონი დატოვა, ხოლო საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძევებისთანავე, რუსეთის და, პირველ რიგში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჯარებმა დაიწყეს ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების, ძირითადად მოხუცებისა და ავადმყოფების დატყვევება, რომლებსაც არ შეეძლოთ ან არ სურდათ საკუთარი სახლების დატოვება და საბრძოლო მოქმედებებისგან გაქცევა.

„მათთვის არ განუმარტავთ შეპყრობისა და დაკავების საფუძვლიანი მიზეზი და არც რაიმე სახის პროცედურული უფლებით უზრუნველყვეს. მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ამ ადამიანების უმეტესობა უკანონოდ იყო ჩაკეტილი ანტისანიტარიულ და სახიფათო პირობებში, მათ შეურაცხყოფა მიაყენეს, სცემეს, აწამეს და დაამცირეს“, – განაცხადა ჰააგის სასამართლოს მთავარმა პროკურორმა.

კარიმ ხანმა აღნიშნა, რომ მისმა ოფისმა უკრაინაში არსებული სიტუაციის წინასწარი შემოწმების დროს ქცევის მსგავსი სქემები დაადგინა. გენერალური პროკურორი ამბობს, რომ „ღრმად შეშფოთებულია“ უკრაინაში მიმდინარე აქტიური საომარი მოქმედებების ფონზე საერთაშორისო დანაშაულების შესახებ გავრცელებული ბრალდებებით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, ჰააგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოებში ქართული მხარის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და ადასტურებს, რომ 2008 წლის ომის დროს ქართველი სამხედროები მოქმედებდნენ საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით.

რაც შეეხება დაპატიმრების ორდერების აღსრულებას, რომის სტატუტის (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი დოკუმენტის) ყველა წევრ-სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, ითანამშრომლოს ჰააგის სასამართლოსთან პირის დაკავების და სასამართლოსთვის გადაცემის კუთხით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველო სრულად ითანამშრომლებს სასამართლოსთან, რათა დამნაშავე პირები საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე წაედგნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]