weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თელავის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ანგარიშსწორება მერობის კანდიდატის მიმართ

13:51 კვირა, 10 სექტემბერი 2017
ფოტოზე გიორგი კალმახელიძე ფოტოზე გიორგი კალმახელიძე

თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალმახელიძემ თელავის მერობის კანდიდატს ლეიბორისტული პარტიიდან ნიკოლოზ ვარდოშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და მის დაჯარიმებას ითხოვს 500 ლარით. კალმახელიძე ვარდოშვილს საარჩევნო კომისიის მუშაობაში ხელშეშლას ედავება.

2017 წლის 7 სექტემბერს ნიკოლოზ ვარდოშვილი თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიის ოფისში რამდენიმე თანაპარტიელთან და ჟურნალისტებთან ერთად მივიდა. ვარდოშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მის მიმართ აგრესიას იჩენს და არ პასუხობს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებზე.

„ამას აქვს თავისი მიზეზი.

ვიდრე ის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნებოდა, თელავის საკრებულოს აპარატში მუშაობდა, სადაც მე მას არაერთხელ მივეცი შენიშვნა (ვარდოშვილი საკრებულოს წევრია. ავტ), რადგან არ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს და ამის გამო კონფლიქტი გვქონდა. ახლა ფიქრობს, რომ მისი დრო მოვიდა.

დღეს მოსული ვიყავი საოლქოში და მქონდა კითხვა, რომ მას შემდეგ, რაც თელავს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი წაართვეს, არვიცი როგორ უნდა ჩავწერო ფორმაში, ქალაქი უნდა ჩავწერო, თვითმმართველი თემი უნდა ჩავწერო თუ რა, არადა მერობის კანდიდატად უნდა დავრეგისტრირდე. მოვედი ამის საკითხავად. მდივანმაც და კომისიის წევრებმაც თავმჯდომარეზე მიმითითეს. მივედი მასთან. მან მოითხოვა, რომ მისი კაბინეტი დამეტოვა. ის არ პასუხობს ჩემს კითხვებს“, - აღნიშნა ვარდოშვილმა, რის შემდეგაც გიორგი კალმახელიძის სამუშაო ოთახში ჟურნალისტებთან ერთად შევიდა და კითხვაზე პასუხის გაცემა მოსთხოვა.

თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვარდოშვილის კითხვებს არც ამჯერად უპასუხა, მას და მასთან ერთად მისულ პირებს შენობის დატოვება მოსთხოვა და იმ მოტივით, რომ კომისიის წევრებს მუშაობაში ხელს უშლიდნენ, პოლიცია გამოიძახა.

დაახლოებით 5 წუთში, ვარდოშვილმაც, მისმა თანმხლებმა რამდენიმე პირმა და ჟურნალისტებმაც კომისიის შენობა საკუთარი ნებით დატოვეს. კალმახელიძემ მედიასთან ინტერვიუში დაადასტურა ისიც, რომ საკრებულოში მუშაობის პერიოდში ვარდოშვილთან რამდენჯერმე დაპირისპირება ჰქონდა.

„არაერთი შემთხვევა იყო, რომ მიზანმიმართულად ახდენს ჩემს დისკრედიტაციას, რაც გულისხმობს ჩემი სახელგამტეხი ინფორმაციის გავრცელებას და პროცესის იმ მიმართულებით წაყვანას, რომ თითქოს მე მას გარკვეულ ინფორმაციას არ ვაძლევ, კონსულტაციებს არ ვეწევი. მეტსაც გეტყვით, რომ

აღნიშნული მოქალაქე, დღეს, აქ ყოფნის დროს შეეცადა შანტაჟს, დამუქრებას და გარკვეულ ცილისწამებას, რომ აქ ყოფნის შემთხვევაში თუ მისთვის სასურველი ფორმით არ წარიმართებოდა დიალოგი, ჩაატარებდა ბრიფინს, რაღაც შეხვედრებს და უზრუნველყოფდა იმას, რომ ჩემი დისკრედიტაცია მომხდარიყო“, - განაცხადა გიორგი კალმახელიძემ.

საპატრულო პოლიციის თანამშროლებმა გამოკითხვის ოქმი შეადგინეს და ტერიტორია დატოვეს.

8 სექტემბერს, თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვარდოშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. ოქმის მიხედვით, „7 სექტემბერს, მის სამუშაო ოთახში თათბირის დროს უნებართვოდ შეიჭრა ნიკოლოზ ვარდოშვილი რამდენიმე უცნობ მოქალაქესთან ერთად და აღნიშნული ქმედებით მან განახორციელა კომისიის საქმიანობაში ჩარევა, რის გამოც გაძევებულ იქნა ოლქის შენობიდან“. კალმახელიძე საარჩევნო კოდექსის 91 პრიმა მუხლზე აპელირებს, რომელიც საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევას გულისხმობს და პასუხისმგებლობის სახით შესაბამისი პირის, 500 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

უწყვეტი ვიდეომასალიდან, რომელიც 7 სექტემბერს, თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიის ოფისში ნიკოლოზ ვარდოშვილის და მისი რამდენიმე მხარდამჭერის, ასევე ჟურნალისტების მისვლას ასახავს, არსად ჩანს, რომ რომელიმე პირი კომისიის შენობაში ან კალმახელიძის სამუშაო ოთახში შეიჭრა და ვინმეს მუშაობაში ხელი შეუშალა. პირიქით, ნიკოლოზ ვარდოშვილი კალმახელიძის სამუშაო ოთახში შესვლამდე კარზე აკაკუნებს და ოთახში ისე შედის, ხმაურის გარეშე და მას მიმართავს: „თქვენ სხვა გზა არ დამიტოვეთ და კითხვებზე პასუხის მისაღებად მედიასთან ერთად მოვედი“.

გიორგი კალმახელიძის განმარტებით, მის სამუშაო ოთახში ვარდოშვილის და მისი თანმხლები პირების „შეჭრისას“, ის, ოლქის იურისტი და მდივანი საარჩევნო საკითხებზე თათბირობდნენ: „ის შემოიჭრა საარჩევნო კომისიაში, ჩემს კაბინეტში ისე, რომ არანაირი თანხმობა და შეთანხმება არ ყოფილა. უნდა ეკითხა, გვქონდა თუ არა ჩვენ დრო. ჩვენ ვიყავით თათბირის რეჟიმში, რაც გულისხმობს კომისიის მუშაობის ხელის შეშლას, წესრიგის დარღვევას“.

კითხვაზე, რაში გამოიხატა ხელშეშლა ნიკოლოზ ვარდოშვილის მხრიდან, საოლქო-საარჩევნო კომისიის იურისტმა გულო დილავერიძემ „რეგინფოსთან“ განმარტა: „ვარდოშვილი თავმჯდომარის ოთახში შემოიჭრა უნებართვოდ. ის ხმაურობდა, ყვიროდა და ხელი შეუშალა კომისიას, რომ საქმიანობა გაგრძელებულიყო.

- რას ნიშნავს შემოიჭრა?

- რას ნიშნავს როცა უნებართვოდ შედიხარ ოთახში, არ აკაკუნებ და თავმჯდომარეს აყენებ შეურაცხყოფას.

- რაში გამოიხატა შეურაცხყოფის მიყენება, რა თქვა, რა ქნა?

- გაქვთ ვიდეომასალა და შეგიძლიათ ნახოთ. სასამართლო გამოიკვლევს ამ ყველაფერს და თქვენი ჩარევა საჭირო არ არის“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელი, იურისტი მარეხ მგალობლიშვილი, რომელიც დამკვირვებლად არის რეგისტრირებული, ამბობს, რომ ის მასალა, რაც ჟურნალისტების მიერ არის გადაღებული, არ ადასტურებს არც ნიკა ვარდოშვილის მიერ შევარდნის და არც კომისიის მუშაობაში ხელშეშლის ფაქტებს.

„თელავის საოლქო-საარჩევნო კომისია გამოირჩევა თავისი ნეგატიური და არაობიექტური დამოკიდებულებით სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების და მათ შორის, დამკვირვებლების მიმართ. ორჯერ გამოაძევა ჩვენი დამკვირვებლები დაუსაბუთებლად.

დამოუკიდებელმა კანდიდატებმა, რომლებიც გადიოდნენ რეგისტრაციის პროცედურებს, დაადასტურეს, რომ როდესაც სამართლებრივი კონსულტაციისა და გარკვეული დახმარებისთვის მიმართეს საოლქო კომისიას, მიიღეს პასუხი, რომ ისინი არ იყვნენ ვალდებულები აღნიშნული დახმარება გაეწიათ და გამოირჩეოდნენ არაკორექტული ქცევით. თავმჯდომარეს ახასიათებს ასეთი არაკორექტული დამოკიდებულება.“

მარეხ მგალობლიშვილი ყურადღებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღწერილობით ნაწილზეც ამახვილებს, სადაც ხაზგასმულია, რომ ნიკოლოზ ვარდოშვილი კომისიის თავმჯდომარის სამუშაო ოთახში უცნობ პირებთან ერთად შეიჭრა: „იქ იყვნენ ცენტრალური და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები. არ ყოფილან უცნობი პირები“.

რაც შეეხება აღნიშნულ მუხლს, რომელიც იმ პირთა 500 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს, ვისზეც კომისია მიიჩნევს, რომ მათ ფუნქციებში ჩაერია, მარეხ მგალობლიშვილს მიაჩნია, რომ ეს მუხლი ბევრი რისკის მატარებელია და შესაძლოა, დამკვირვებლების წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენონ.

„ეს არის ახალი დანამატი საარჩევნო კოდექსში. თუ კომისია რომელიმე ქმედებას მიიჩნევს ჩარევად, სამართალდარღვევის ოქმის შედგენა შეუძლია როგორც საარჩევნო სუბიექტების, ასევე დამკვირვებლების და მედიის წარმომადგენლების მიმართ. ეს მუხლი საკმაოდ რისკიანია განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც სადამკვირვებლო საქმიანობას ვახორციელებთ“.

ნიკოლოზ ვარდოშვილის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს თელავის რაიონული სასამართლო განიხილავს.

გელა მთივლიშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი. აშუქებს უმცირესობების, ადამიანის უფლებების და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]