weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საპატრიარქოსთვის ტყეების საკუთრებაში გადაცემის პრაქტიკას საკონსტიტუციოში ასაჩივრებენ

16:20 ოთხშაბათი, 13 აპრილი 2022
სიღნაღი, ბოდბის მონასტერი / ფოტო: Shermazana სიღნაღი, ბოდბის მონასტერი / ფოტო: Shermazana

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ კანონის ნორმას, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ტყის ფართობებზე საკუთრების მოპოვების ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს.

სასამართლოში სარჩელი „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ წარადგინა. უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის სადავო ნორმა დისკრიმინაციულია.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, მოსარჩელეები არიან ერთის მხრივ რელიგიური ორგანიზაცია, მეორეს მხრივ კი სიღნაღში, ტყის მახლობლად მცხოვრები მოქალაქე.

„კონსტიტუციური სარჩელის მიზანია დაიცვას ტყე, როგორც უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსი განკერძოებისგან, რადგან ამით ირღვევა თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპი და საზოგადოების ტყის რესურსზე წვდომის უფლება.

2020 წლის მაისში ახალი ტყის კოდექსის მიღებამ და სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში შესულმა ცვლილებამ შესაძლებელი გახადა საქართველოს საპატრიარქოსათვის მართლმადიდებელი ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ 20 ჰექტარამდე ტყეთა ფართობებისა და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიების საკუთრებაში გადაცემა.

სადაო ნორმის განმარტებით ბარათის თანახმად, საქართველოს საპატრიარქოსათვის ტყის ფართობების საკუთრებაში გადაცემის მიზანია ეკლესია-მონასტრების მიმდებარედ თვითმყოფადი ბუნების შენარჩუნება და მომლოცველებისათვის მშვიდი გარემო პირობების შექმნა. 

გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ სხვა რელიგიურ ორგანიზაციას, არ არსებობს გონივრული მიზეზი, რომელიც გაამართლებდა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ამ პრივილეგიის მინიჭებას“, – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

სარჩელის ავტორები მიუთითებენ საკონსტიტუციო სასამართლოს „მყარად დამკვიდრებული პრაქტიკაზე“, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოსთვის ექსკლუზიური პრივილეგიების მინიჭება შეუთავსებელია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის ფუნდამენტურ პრინციპთან.

„კერძოდ, საქართველოს საპატრიარქოს მიერ სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ მიღებისა და საგადასახადო პრივილეგიებით სარგებლობასთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური ორგანიზაციების დიფერენცირების გამართლება, მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფოს ისტორიაში განსაკუთრებულ როლზე მითითებით, აზრს უკარგავს თანასწორობის უფლებას.

შესაბამისად,

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ტყის ფართობებზე საკუთრების მოპოვების უფლებამოსილების ექსკლუზიურად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მინიჭება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას.

გარდა ამისა, ტყის ფართობებზე საკუთრების უფლების მოპოვების შედეგად, მართლმადიდებელ ეკლესიას ენიჭება ტყის მართვისა და ტყით სარგებლობის რიგი ექსკლუზიური უფლებები, რაც გამორიცხავს ადგილობრივი მოსახლეობისათვის ტყის რესურსებზე წვდომის შესაძლებლობას.

კერძოდ, მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ტყის ფართობებზე მოსახლეობა ვერ შეძლებს საქონლის ძოვებასა და პირადი მოხმარების მიზნით ტყის რესურსების მოპოვებას, რაც აუცილებელია მათი საციცოცხლო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღიარებს მდგრადი ეკოლოგიური განვითარების განსაკუთრებულ მნიშვნელობას კონსტიტუციურ ღირებულებათა წესრიგში. აღნიშნული კი, გულისხმობს, ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის ტყით სარგებლობისას, ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური და კულტურული ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის მიღწევას.

ტყის რესურსების ერთი კერძო მესაკუთრის სასარგებლოდ დათმობა, ადგილობრივი მოსახლეობისათვის წვდომის შეზღუდვის ხარჯზე, გამართლებული არ არის არც ეკონომიკური, არც ეკოლოგიური, არც კულტურული და არც სოციალური ინტერესით. მეტიც,

სახელმწიფოს არც კი შეუფასებია ტყის ვრცელი ტერიტორიების საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის გადაცემის ეკონომიკური სარგებლიანობა და მისი შესაძლო გავლენა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებსა და ბუნებრივ გარემოზე.

შედეგად, სადაო ნორმით გაუმართლებლად იზღუდება ასევე საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით გარანტირებული გარემოს დაცვის უფლება, რომლის მოთხოვნაა ბუნებრივ გარემოზე წვდომისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური სარგებლობის უზრუნველყოფა“, – აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და რელიგიური თანასწორობისა და ასევე, გარემოს დაცვის უფლებების რეალიზებას შეუწყობს ხელს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]