weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

„ხანდაზმულთა სახლში გვითხრეს - ხანდაზმულს რომ ღირსება შეელახოს, უნდა ჰქონდესო“

10:52 ხუთშაბათი, 23 ივნისი 2022

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, სიღნაღის რაიონში მდებარე წნორის ხანდაზმულთა სახლში (ააიპ „ხანდაზმულთა სავანე ბეთელი“) არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია და ხანდაზმულები არასათანადო, ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან. დაწესებულების მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ 21 ხანდაზმულს არ აქვს ბანაობის შესაძლებლობა და ისინი ანტისანიტარიაში ცხოვრობენ.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, წნორის ხანდაზმულთა სახლში განთავსებული 21 ხანდაზმულიდან 19-ს სახელმწიფო აფინანსებს, 2 კი თვითდაფინანსებაზეა. შესაბამისად, სახელმწიფო პასუხისმგებელია მათი საცხოვრებელი მდგომარეობის მონიტორინგზე, ასევე, ხანდაზმულთათვის სერვისის მიმწოდებლის მხრიდან სათანადო პირობების უზრუნველყოფაზე.

„მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარულ პირობებში იმყოფებიან. მთელ შენობაში გაუსაძლისი, მძაფრი სუნი დგას. ყურადღება არ ექცევა ბენეფიციარების ჰიგიენას. უმეტესობას ძველი, დახეული და ჭუჭყიანი ტანსაცმელი აცვია.

დაწესებულება არ უზრუნველყოფს პირადი ჰიგიენის საშუალებებს და პირადი ჰიგიენის დაცვაში მხარდაჭერას. ბენეფიციარებთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ მათ არ აქვთ ბანაობის შესაძლებლობა. ერთ-ერთი ხანდაზმულის განცხადებით, მიმდინარე წელს მას საერთოდ არ უბანავია.

ხანდაზმულთა სახლს არ აქვს ადეკვატური ინფრასტრუქტურა. აქ არის მხოლოდ ერთი სააბაზანო ოთახი, რომელიც განკუთვნილია ყველა ბენეფიციარისთვის, სველ წერტილებში კი საშინელი ანტისანიტარიაა.

დაწესებულება უგულებელყოფს ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვას. კერძოდ, არ აქვს ექიმის კადრი, არსებული მცირე სამედიცინო დოკუმენტაცია არასრულია“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

ირკვევა, რომ დაწესებულებას არ აქვს სპეციალისტის მიერ შედგენილი, ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული კვების მენიუ. შესაბამისად, მონიტორინგის ჯგუფმა საკვების კვებითი ღირებულების შეფასება ვერ შეძლო.

„ხანდაზმულთა სახლის პერსონალს არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, კერძოდ, არ აქვთ გავლილი ხანდაზმულთა მოვლისთვის აუცილებელი ტრენინგები. ყურადსაღებია, რომ დაწესებულებას არ ჰყავს კაცი მომვლელი, რომელიც უზრუნველყოფდა კაცი ბენეფიციარების მოვლას ისე, რომ არ შელახულიყო ხანდაზმულთა ღირსება. უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის ანაზღაურება ყველაზე დაბალია, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შემოწმებულ და შესწავლილ სხვა ხანდაზმულთა სახლებთან შედარებით.

 შემაშფოთებელია, დაწესებულების ადმინისტრაციის სტიგმით განპირობებული სტერეოტიპული დამოკიდებულება ზოგიერთი ხანდაზმულის მიმართ.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა მიერ, ზემოთაღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნაზე ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა - ხანდაზმულს იმისთვის, რომ ღირსება შეელახოს, უნდა ჰქონდესო.

იკვეთება ხანდაზმულთა დიფერენცირება, მათი როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობის მიხედვით. აღნიშნული აღვივებს ბენეფიციართა შორის დაპირისპირებასაც.

შესამჩნევია, ადმინისტრაციის მიმართ შიში და უნდობლობა. ადმინისტრაციის თანდასწრებით, ხანდაზმულები არ გამოთქვამდნენ წუხილს და ერიდებოდნენ მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბარს. ხოლო, მარტო დარჩენის შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფთან აფიქსირებდნენ დაწესებულებაში ცხოვრების გამოწვევებს“, – აცხადებს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს მიმართა, მყისიერად მოახდინონ რეაგირება დარღვევებზე და დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დაწესებულებაში მყოფი ხანდაზმულების გადაყვანა სხვა დაწესებულებებში, სადაც მათ ღირსეული პირობები ექნებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]