weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სკოლაში ჰიჯაბის მოხსნის მოთხოვნა ზღუდავს რელიგიურ თავისუფლებას – სახალხო დამცველი

15:38 შაბათი, 23 სექტემბერი 2017

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან მოსწავლე გოგონებისთვის იმის მოთხოვნა, რომ სკოლაში ქალის ტრადიციული მუსლიმური თავსაბურავის (ჰიჯაბის) გარეშე იარონ, გაუმართლებლად ზღუდავს მოსწავლის რელიგიური იდენტობის გამოხატვის თავისუფლებას.

სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მოუწოდა, რომ განახორციელოს ეფექტური ღონისძიებები საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის, ასევე, სკოლის მოსწავლეთა მიერ, მათი რელიგიური იდენტობის გამოხატვის უფლების უზრუნველყოფის და მომავალში რელიგიური დისკრიმინაციის გამორიცხვის მიზნით.

სახალხო დამცველი განიხილავს განცხადებას, რომელიც შეეხება ადიგენის რაიონის სოფელ მოხეს საჯარო სკოლაში მოსწავლისთვის მუსლიმური თავსაბურავის ტარების აკრძალვას. სახალხო დამცველს რეაგირებისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) მიმართა. როგორც არასამთავრობოს განცხადებებშია აღნიშნული, 2016 წლის 22 დეკემბერს, სოფელი მოხეს საჯარო სკოლის მე–12 კლასის მოსწავლეს თ. ბ.-ს სკოლის დირექტორი ნ. რ. საჯარო სკოლაში ჰიჯაბის ტარების დაუშვებლობაზე ესაუბრა და თავსაფრის მოხსნაზე უარის თქმის შემთხვევაში, სკოლაში მის ჩარიცხვასთან დაკავშირებით პრობლემების შექმნის თაობაზე მიანიშნა. აღსანიშნავია, რომ თ. ბ. იყო პირველი გოგონა, რომელმაც გადაწყვიტა სკოლაში ჰიჯაბი ეტარებინა. ეს ინციდენტი საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თ. ბ.-ს თანაკლასელებმა ინფორმაცია სოციალური ქსელების მეშვეობით გაავრცელეს. 22 დეკემბრის ინციდენტის გამო, 23–27 დეკემბერს თ. ბ.-ს თანაკლასელებმა სკოლასთან გამართეს საპროტესტო აქცია, რომლითაც მოითხოვდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების ჩასვლას სოფელ მოხეში და სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან განთავისუფლებას. ამასთან, თ. ბ.-ს სოლიდარობის ნიშნად, სკოლის სხვა მოსწავლე გოგონებმაც გაიკეთეს თავსაბურავი. 2016 წლის 23 დეკემბერს, ზემოაღნიშნული ინფორმაციის მედია საშუალებებით გავრცელების და საპროტესტო გამოსვლის შემდეგ, დირექტორი გაესაუბრა თ. ბ.-ს, მის დედას და მათ აჩვენა ბრძანება, რომლითაც დასტურდებოდა რომ მოსწავლე სკოლაში ჯერ კიდევ 22 დეკემბერს იქნა ჩარიცხული. საპროტესტო გამოსვლები დასრულდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სოფელ მოხეში ჩავიდნენ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა აღნიშნული საქმე და დაასკვნა, რომ კონკრეტულ საკითხზე (იგულისხმება ჰიჯაბის ტარება) გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს სკოლის უფლებამოსილებას. ამასთან, შიდა აუდიტის დეპარტამენტის აზრით, სკოლამ გადაწყვეტილება, ჩაცმის წესთან დაკავშირებული რეგულაციების დადგენის ან რეგულაციებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, უნდა მიიღოს შესაბამისი სკოლის ყველა მოსწავლისა და მასწავლებლის ინტერესების მაქსიმალური დაცვით, მოსწავლის ჭეშმარიტი ინტერესის შესაბამისად და სასკოლო სივრცეში მყოფ პირთა შორის რელიგიური ან სხვა ნიშნით კონფლიქტისა და შუღლის განმაპირობებელი გამონაკლისების დაშვების გარეშე.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ქალის ტრადიციული მუსლიმური თავსაბურავი, რომელსაც განმცხადებელი ატარებს, წარმოადგენს ნიშანს, რომელიც შესაბამისი ადამიანის ისლამური თემისადმი კუთვნილებას და მის რელიგიურ იდენტობას გამოხატავს.

„ჰიჯაბის ტარება, არ უნდა იქნეს განხილული მხოლოდ, როგორც უბრალოდ ჩაცმულობის ერთგვარი ფორმა. შესაბამისად, ამ საკითხის განხილვა და გადაწყვეტა კანონმდებლობის თუ სკოლის შინაგანაწესის მხოლოდ იმ ნორმების მიხედვით, რომლებიც სკოლაში ჩაცმულობის წესს განსაზღვრავენ, დააკნინებდა ამ საკითხის სამართლებრივ მნიშვნელობას“, – აღნიშნავს უჩა ნანუაშვილი.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ძირითადად გამოყენებული უნდა იქნეს ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც სასკოლო პროცესის მონაწილეთა სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს განსაზღვრავს.

უჩა ნანუაშვილი განათლების სმაინისტროსთვის გაგზავნილ წინადადებაში ყურადღებას ამახვილებს ქალაქ თბილისის 158–ე საჯარო სკოლაში შექმნილ ვითარებაზეც. სკოლის მოსწავლეთა 30 პროცენტს ეთნიკურად აზერბაიჯანელები შეადგენენ. გარდა ამისა, სკოლაში ასევე სწავლობს 20–მდე აჭარელი მუსლიმი, რომელთა მიმართაც, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) განცხადებით, მასწავლებლების აგრესია განსაკუთრებით ძლიერია სწორედ მათი რელიგიური იდენტობის გამო.

EMC-ს წყაროს თანახმად, აღნიშნულ სკოლაში მასწავლებლები ერთმანეთისგან განასხვავებენ ქართველ და არაქართველ მოსწავლეებს და არ ერიდებიან ისეთ გამონათქვამებს, როგორებიცაა „მუსლიმები“ (დისკრიმინაციულ კონოტაციაში), „წავიდნენ აქედან“, „ქართველების მიწას ვერ იყოფენ“, „რა უნდათ აქ“ და ა.შ.

განცხადების თანახმად, ქართველ და აზერბაიჯანელ მოსწავლეებს შორის მცირე ინციდენტის შემთხვევაშიც კი, მასწავლებლები „ცალსახად ქართველების მხარეს იჭერენ და მათ პოზიციას იზიარებენ.“ ამიტომ, განმცხადებელი ვარაუდობს, რომ მასწავლებელთა ასეთ დამოკიდებულებას არა მხოლოდ გაკვეთილების გარეთ, არამედ, უშუალოდ გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესშიც უნდა ჰქონდეს ადგილი, რის გამოც, მოსწავლეები მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არიან.

EMC-ს განცხადებაში ასევე აღინიშნულია, რომ მასწავლებელთა გულგრილი დამოკიდებულების გამო, ზოგადად, სკოლაში დაბალია მუსლიმი ბავშვების აკადემიური მოსწრების დონეც. როგორ განმცხადებელი აღნიშნავს, სკოლის კლასების ინფრასტრუქტურაში დიდი ადგილი უჭირავს რელიგიურ კუთხეებს, ხატებს, ჯვრებს, წმინდანთა გამოსახულებებს.

EMC-ს წყაროს განცხადებით, „ზოგიერთ კლასში იმდენი ხატია განთავსებული, რომ სასულიერო პირსაც, რომელიც სკოლის დასალოცად იყო მოსული, გაუკვირდა, სკოლა არის, თუ ეკლესიაო.“

ამასთან, EMC-ს განცხადების თანახმად, ყოველ დილით მასწავლებლები გაკვეთილებს იწყებენ საკმევლის ანთებით.

განმცხადებლის თანახმად, სკოლაში ხდება სასულიერო პირების ვიზიტები სკოლის დასალოცად, ისევე, როგორც პირველ კლასელთა ეკლესიაში დალოცვის რიტუალი, რასაც ტრადიციის ფორმა აქვს. სკოლიდან ექსკურსიები კი, ძირითადად, მართლმადიდებლურ ტაძრებში ეწყობა.

EMC ასევე ყურადღებას ამახვილებს მუსლიმი ბავშვების მიერ ადრეულ ასაკში სკოლისთვის თავის დანებების პრობლემაზე, რასაც, ძირითადად, მუსლიმ გოგონათა ადრეულ ასაკში ქორწინება განაპირობებს. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის ერთერთი საფუძველი, მათ შორის, სწორედ სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებელთა აბსოლუტური გულგრილობაა.

ზოგადი წინადადებით სახალხო დამცველმა სამინისტროს ასევე მოუწოდა, რომ უფრო დეტალურად შეისწავლოს საჯარო სკოლებში რელიგიური იდენტობის გამოხატვის თავისუფლების საკითხი და წარდგენილი ზოგადი წინადადების შინაარსის გათვალისწინებით, ჩამოაყალიბოს ყველა საჯარო სკოლისთვის სავალდებულო ერთიანი მიდგომა. გარდა ამისა, საჯარო სკოლებში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვის მიზნით, სამინისტრომ, უზრუნველყოს სკოლის ინფრასტრუქტურაში რელიგიური ატრიბუტიკის არააკადემიური მიზნების გამოყენების პრაქტიკის აღმოფხვრა. ამასთან ერთად, უზრუნველყოს საჯარო სკოლებში სასკოლო საათების დროს რელიგიურ რიტუალში სკოლის მოსწავლეების, ასევე ქრისტიანულ რიტუალებში არაქრისტიანი მოსწავლეების მონაწილეობის სავარაუდო ფაქტების სათანადოდ შესწავლა, შეფასება, დისციპლინური წარმოების დაწყება და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. უზრუნველყოს ტრეინინგები ტოლერანტობის და მულტიკულტურული სწავლების მნიშვნელობის თაობაზე, განსაკუთრებით, რელიგიური ან ეთნიკური თვალსაზრისით არაერთგვაროვან რეგიონებში არსებული სკოლების მასწავლებლებისათვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]