weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი გასაჩივრების კონსტიტუციურ უფლებას არღვევს

16:29 კვირა, 01 ოქტომბერი 2017

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში მორიგი სარჩელი წარადგინა. საია ირაკლი ხვედელიძის სახელით ასაჩივრებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნორმას, რომლითაც პირს გასაჩივრების კონსტიტუციური უფლება ეზღუდება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, დადგენილება ადამიანის სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე საჩივრდება 10 დღის ვადაში სასამართლო დარბაზში მისი გამოცხადების მომენტიდან. აღსანიშნავია, რომ სასამართლო დარბაზში ცხადდება დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი. სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ანუ მიზეზები, რატომ იქნა ადამიანი ცნობილი სამართალდამრღვევად, არ ცხადდება სასამართლო დარბაზში. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი პირს ცალკე ეგზავნება. ამის მიუხედავად, გასაჩივრების 10-დღიანი ვადა აითვლება არა სამოტივაციო ნაწილის ჩაბარების მომენტიდან, არამედ დარბაზში სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების მომენტიდან. ბუნებრივია, თუ ადამიანმა არ იცის მიზეზები, რის გამო მოხდა მისი სამართალდამრღვევად ცნობა, იგი მოკლებულია ამგვარი გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას. პრაქტიკაში კი არის შემთხვევები, როდესაც სასამართლო დასაბუთებულ დადგენილებას პირს 10 დღის გასვლის შემდეგ უგზავნის.

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას. იმის გამო, რომ 10-დღიანი ვადა აითვლება სასამართლო დარბაზში მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან და არა მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან, ამით მხარეს ეზღუდება სასამართლო გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების კონსტიტუციური უფლება. ამიტომ საია აღნიშნული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. 

საია მიიჩნევს, რომ აუცილებელია, დროულად დაიწყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმა, რათა კანონმდებლობის ეს ნაწილი შესაბამისობაში მოვიდეს როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]