weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

ბათუმში არეულობის გამო დაკავებული პირების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება

13:42 კვირა, 07 მაისი 2017

ბათუმში, 2017 წლის 11-12 მარტს მომხდარი მასობრივი არეულობის გამო დაკავებული პირების საქმეზე, წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 8 მაისს გაიმართება. სასამართლო პროცესები 12:00 და 14:00 საათზეა ჩანიშნული, – იუწყება აჭარის ტელევიზია. საქმეს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს.

დაკავებულებს ბრალი ედებათ მასობრივ არეულობასა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობაში. მხარეები სასამართლოს მტკიცებულებებს წარუდგენენ, მოსამართლე კი მათ დასაშვებობას გადაწყვეტს. ადვოკატები ასევე აპირებენ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართონ და აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეცვლა გირაოთი მოითხოვონ.

ბათუმში ვითარება 11 მარტს, საღამოს დაიძაბა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მიზეზით ერთ–ერთი მოქალაქე დააჯარიმეს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. ინციდენტის შედეგად სამართალდამცავებმა 2 მოქალაქე დააკავეს, რის შემდეგაც პოლიციელებსა და იქ მყოფ მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა. მოგვიანებით, აქცია გოგებაშვილის ქუჩაზე გაგრძელდა, სადაც პოლიციამ კიდევ 4 პირი დააკავა. აქციის მონაწილეებმა აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გადაინაცვლეს, სადაც დაპირისპირება გამწვავდა. ისინი საპატრულო პოლიციის უფროსის კახა ბუხრაძის გადადგომას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობდნენ და ქვებს ისროდნენ. სამართალდამცავებმა ჯერ ცრემლსადენი გაზი, მერე კი რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს, მაგრამ ფართომასშტაბიანი ძალადობის პრევენცია ვერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს ავტომანქანებს, დააზიანეს ქალაქის ინფრასტრუქტურა, სხეულის დაზიანებები მიიღო რამდენიმე ადამიანმა.

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, ათეულობით მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. ამასთან, სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულია 18 პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, 24 აპრილს, პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი და აქტივისტი ირაკლი ჩხვირკია და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხვირკია და ღოღობერიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ან/და მათზე თავდასხმა. დანაშაული სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩხვირკიას და ღოღობერიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ივნისშია დაგეგმილი.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]