weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყარაჯალის სკოლაში ჰიჯაბის აკრძალვას საია სახალხო დამცველთან ასაჩივრებს

23:23 ოთხშაბათი, 04 ოქტომბერი 2017

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სახალხო დამცველს მიმართა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის ორი მუსლიმი მოსწავლე გოგონას სახელით. საქმე ეხება დირექტორის მხრიდან მოსწავლე გოგონასთვის სკოლის ტერიტორიაზე ჰიჯაბის ტარების აკრძალვას.

საია სახალხო დამცველთან სკოლის შინაგანაწესის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტს ასაჩივრებს, რომელიც მოსწავლეებს სკოლაში ქუდის, კეპის, ბენდენას და თავსახვევის ტარებას უკრძალავს.

საიას მიაჩნია, რომ შინაგანაწესის ეს ჩანაწერი ეწინააღმდეგება „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლითაც აკრძალულია ირიბი დისკრიმინაცია.

„თავსახვევის ამკრძალავი სკოლის შინაგანაწესი ნეიტრალურია რელიგიური სიმბოლოების მიმართ, თუმცა ამ დებულების აღსრულების პრაქტიკა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მუსლიმ გოგონას ქრისტიან თანატოლებთან შედარებით.

შინაგანაწესი მსგავს აკრძალვას არ აწესებს მოსწავლის მიერ საჯარო სკოლაში ქრისტიანული ჯვარის ტარებასთან დაკავშირებით.

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა დაწესებულებამ, მათ შორის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლამ თავისი შიდა რეგულაციები შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან“, - განაცხადეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

საია სახალხო დამცველს სთხოვს, რეკომენდაციით მიმართოს საჯარო სკოლის დირექტორს და სამეურვეო საბჭოს, რომ შეიცვალოს შინაგანაწესი და მუსლიმ მოსწავლეებს ჰიჯაბის ტარების საშუალება მიეცეთ.

ყარაჯალის სკოლის დირექტორი ელზა აშიროვა ამბობს, რომ ერთ-ერთ მოსწავლე გოგონას ჰიჯაბის ტარება მშობლებმა აიძულეს, რომლებიც სალაფიტები არიან.

„მეშვიდე წელია აიშა ჩვენი მოსწავლეა. აქამდე ჰიჯაბი ან თავშალი არ კეთებია. წელს ჰიჯაბით რომ გამოცხადდა, თქვა, მამაჩემმა მიბრძანა, ასე გამეკეთებინაო.  დავიბარე მშობელი, რომელმაც თქვა, რომ მისმა ქალიშვილმა ჰიჯაბის ტარება თვითონ მოისურვა. ამის შემდეგ აიშასაც გადაათქმევინა. ჩვენს სკოლაში რელიგიური ჰიჯაბი საერთოდ არ ყოფილა“, - განაცხადა ელზა აშიროვამ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]