weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

EMC აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოში შემოსვლაზე უარს ასაჩივრებს

12:44 ორშაბათი, 08 მაისი 2017

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) Meydan.Tv-ს ჟურნალისტის საქართველოში შემოსვლაზე სავარაუდოდ დისკრიმინაციულ უარს ასაჩივრებს.

Meydan.Tv-ს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჯამალ ალი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლის 19 აპრილს ჩამოფრინდა, თბილისში დაგეგმილ სამსახურეობრივ შეხვედრებზე დასასწრებად, თუმცა ის საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს.

ჯამალ ალის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის ოფიციალურ საფუძვლად „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“ მიუთითეს, კონკრეტული მიზეზი გადაწყვეტილებაში მოცემული არ არის.

ჯამალ ალის საქართველოში ხშირად უწევდა ჩამოსვლა სამსახურებრივი და პირადი ვიზიტებით. 2017 წლის 19 აპრილის მას საქართველოს საზღვრის კვეთისას რაიმე პრობლემა არ შექმნია.

EMC–ს მოსაზრებით, არსებობს დასაბუთებულ ვარაუდი, რომ საქართველოში ჯამალ ალის შემოშვებაზე უარი, Meydan TV-ში მის ჟურნალისტურ საქმიანობას, კერძოდ, 2017 წლის იანვარში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის, „სოკარის“ მიმართ მის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ სიუჟეტს უკავშირდება.

„სიუჟეტის მიზანს წარმოადგენდა, იმის ჩვენება, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კომპანია „სოკარი“ იმის ნაცვლად, რომ საკუთარი რესურსები აზერბაიჯანში არსებული პრობლემების მოგვარებაზე მიმართოს, საქართველოში არსებული საკულტო ნაგებობების დიდ ნაწილს გაზით უფასოდ ამარაგებს. აღნიშნული სიუჟეტის შემდგომ, 2017 წლის 29 მარტს, თბილისში გარკვეულმა ადამიანებმა გამართეს საპროტესტო აქცია, რომლის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა MeydanTV-სა და ჯამალ ალის საქმიანობის აკრძალვა საქართველოს ტერიტორიაზე. სწორედ მითითებული საპროტესტო აქციის შემდეგ, პირველივე ვიზიტის განხორციელებისთანავე, ჯამალ ალის, საქართველომ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაუსაბუთებული უარი უთხრა შემოსვლაზე.

უარის დასაბუთების არარსებობის პირობებში ჩნდება ლეგიტიმური ვარაუდი, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილება არსებითად დისკრიმინაციული იყო და განპირობებულია საქართველოს მთავრობის პოლიტიკური ლოიალობით აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ“.

აღნიშნული გადაწყვეტილება EMC-იმ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაასაჩივრა. არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მისი თვითნებური და დისკრიმინაციული შინაარსის გამო. EMC ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება გადაადგილების თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევასთან ერთად, ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლებაში თვითნებურ ჩარევას წარმოადგენს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, პირველადი შედეგები აჩვენებს, რომ აზერბაიჯანის მოქალაქეებს, რომლებიც აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევიან, საქართველოს ხელისუფლება ხშირად უზღუდავს საქართველოში შემოსვლისა და ცხოვრების შესაძლებლობებს.

Meydan.Tv აზერბაიჯანულენოვანი ონლაინ მედია პლატფორმაა, რომელიც გერმანიაში დაფუძნდა. Meydan.Tv ალიევის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი და აქტიურად აშუქებს აზერბაიჯანში სახელისუფლებო კორუფციის საკითხებს, რის გამოც მითითებული მედია პლატფორმის თანამშრომელთა დიდი ნაწილი, მათ შორის ჯამალ ალიც, საკუთარი საქმიანობის გამო, იდევნებიან აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ და აღნიშნულის გამო სხვა ქვეყნებში ცხოვრება უწევთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]